7 ივლისი, 2021 წელი,
საქმე №ას-410 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს “ი-ფ. ი. პ. თ. თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „S. M.S.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს “ია-ფ. ი. პ. თ. თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შპს „S. M.S.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან შემსრულებელი) სარჩელი უარყოფილ იქნა; შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 56 626,48 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, ლიფტები ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წელს, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ, სამუშაოები დსრულდა მათი ხარჯით და სხვა სპეციალისტების/დაქირავებული კონტრაქტორების დახმარებით. ხელშეკრულების შეწყვეტისა და ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ ლიფტების ექსპლუატაციაში მიღება ადასტურებს მათ მიერ სამუშაოების დასრულებასა და მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, 2015 წლის 21 ოქტომბერს შედგა შუალედური დეფექტური აქტი, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა ტექნიკური ზედამხედველების მიერ, რის შემდგომაც მოსარჩელეს სამუშაოები არ შეუსრულებია და მასთან დადებული ხელშეკრულებაც შეწყდა. დამატებითი სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობა კი, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. მხარეებს შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ ბათუმში, .......... ქუჩა #16-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ლიფტების მონტაჟისა და გამართვის (სულ ხუთი სტადია) ვალდებულება იკისრა.
5.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საერთო ღირებულება - 120 389,50 აშშ დოლარს (დღგს ჩათვლით) შეადგენდა. შესასრულებული სამუშაო ხუთ საფეხურად დაიყო, თითოეული ეტაპი სამუშაოს შესრულებისთვის 18 დღეს, ჯამურად - 90 დღეს მოიცავდა.
5.5. შეთანხმების თანახმად, შემკვეთის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შემსრულებელს უნდა უზრუნველეყო შემკვეთის აღჭურვილობების გამართვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მიწოდებული აღჭურვილობის აწყობა, მონტაჟი და ჩართვა, ტექნიკური ზედამხედველობა და საგარანტიო მომსახურება, ექსპლუატაციაში მიღებიდან 24 თვე.
5.6. სამუშაოების შესრულება ავანსის - 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდგომ დაიწყებოდა. შემკვეთმა 2014 წლის 17 ნოემბერს მენარდეს ავანსი - 8510,64 აშშ დოლარი აუნაზღაურა, რის შემდეგაც, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თანხა გადაიხდებოდა ხუთ ეტაპად, თითოეულ სტადიაზე შესასრულებელი სამუშაოებიც მიეთითა.
5.7. შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურდებოდა შემსრულებლის მიერ ანგარიშფაქტურის წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში, ხოლო, თუ შემკვეთი ღირებულების გადახდას დააგვიანებდა, მაშინ მას მენარდისათვის დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, აუნაზღაურებელი თანხის - 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ისა (იხ. შეთანხმების 5.3 და 5.5 პუნქტები).
5.8. 2015 წლის 3 თებერვლს, 21 მარტსა და 9 მაისს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჩაიბარა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების პირველი სამი ეტაპი, კერძოდ, 1-ლი ეტაპი - მიმმართველების მონტაჟი შახტებზე L1, L2, L3, L4, L5, L6, L7, L8. მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა 1-ლი ეტაპის სამუშაოების ღირებულება, რამაც - 25 000 აშშ დოლარი შეადგინა; მეორე ეტაპი - სამანქანო განყოფილების მონტაჟი, კაბინის ჩარჩოები, გვარლის ჩაგდება შახტაზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8, მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებამ - 25 000 აშშ დოლარი შეადგინა; მესამე ეტაპი - სართულების კარების მონტაჟი, კაბინის მოწყობილობის მონტაჟი შახტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8, სამუშაოების ღირებულებამ - 25 000 აშშ დოლარი შეადგინა.
5.9. მეოთხე და მეხუთე ეტაპის სამუშაოების შესრულების თაობაზე მენარდის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე შემკვეთს ხელი არ მოუწერეს სამუშაოების სრულყოფილად დაუსრულებლობის საფუძვლით, თუმცა მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია მენარდისთვის არ წარუდგენია. 2017 წლის მარტში კი, მთავრობის #289 დადგენილების მიხედვით, ლიფტებმა მიიღეს ინსპექტირების სერტიფიკატები.
5.10. მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მეოთხე და მეხუთე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ანგარიშ-ფაქტურები შემკვეთისთვის არ წარუდგენია.
5.11. მხართა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის დეკემბერში.
5.12. შემკვეთმა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი - 637 63,02 აშშ დოლარი აუნაზღაურა, 56 626,48 აშშ დოლარი კი - არ გადაუხადა.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოთა საზღაურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), 633.1 (შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების ნაწილის არსებობა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო შესრულებული.
8. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლს და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითია კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმები პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
9. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, მენარდემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1-ლი სამი ეტაპის სამუშაო შეასრულა და გადასცა შემკვეთს, რომელმაც პრეტენზიის განუცხადებლად მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესრულებაც მიიღო და თანხის ძირითადი ნაწილიც გადაიხადა და მხოლოდ მეოთხე და მეხუთე ეტაპის სამუშაოების მიღებაზე თქვა უარი, მათი სრულყოფილად დაუსრულებლობის საფუძვლით, თუმცა მას დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია.
10. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღება-ჩაბარების აქტებსა და საბანკო ანგარიშის ამონაწერებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ჯამურად - 120 389,50 აშშ დოლარია და მოპასუხეს 637 63,02 აშშ დოლარის გარდა, მოსარჩელისთვის დამატებით გადასახდელი აქვს 56 626,48 აშშ დოლარი.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უარყოფს მოპასუხის/კასატორის მტკიცებას, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ხსენებული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მისივე შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2016-2017 წლებში, ობიექტზე მუშაობას აგრძელებდა მოსარჩელე კომპანია (იხ, მოწმე ი.ს–ძის ჩვენება). ამასთან, მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის დასკვნით, ხელშეკრულების შეწყვეტისას ლიფტები გაუმართავი იყო, თუმცა მტკიცებულება, რომ მოპასუხემ ხარვეზი საკუთარი ხარჯით, სხვა სპეციალისტების/დაქირავებული კონტრაქტორების დახმარებით აღმოფხვრა, საქმეში არ წარდგენილა.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიფტების მონტაჟისა და გასამართი სამუშაო, მათ შორის - მეოთხე და მეხუთე ეტაპის სამუშაოები მოსარჩელემ შეასრულა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ მართებულად დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა საზღაურის - 56 626,48 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება.
13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებს, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მენარდეს მეოთხე და მეხუთე ეტაპის სამუშაოები უნაკლოდ არ შეუსრულებია და ხარვეზი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ აღმოფხვრა, აღნიშნული მენარდეს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას ვერ წარმოუშობდა (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, სსკ-ის 417-ე მუხლი).
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დ.ხ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 21.09.2020წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ია-ფ. ი. პ. თ. თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს “ია-ფ. ი. პ. თ. თ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს დ.ხ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 21.09.2020წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე