საქმე № ას-439-2020 13 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ.ა–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა თ.ა–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, ან მსესხებელი) წინააღმდეგ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების, 11556,19 ლარის, დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, 2020 წლის 15 ივნისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა;
3. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა განახლდა; მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად 10 დღე განესაზღვრა; მოსამზადებელი სხდომა 2020 წლის 11 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე დაინიშნა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები კვლავ დაკმაყოფილდა.
7. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდაა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 854.70 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი), დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
8.2. 2021 წლის 11 მარტს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, სახელდობრ, მან სასამართლოს მხოლოდ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარუდგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ოთხი თვით გაგრძელება ითხოვა.
8.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 მარტის განჩინებით, აპელანტებს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
8.4. 2021 წლის 5 აპრილს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის, კვლავ ოთხი თვით გაგრძელება ითხოვა, ისე, რომ სასამართლოსათვის არ წარუდგენია მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8.5. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი ეკონომიკური სიდუხჭირით იყო განპირობებული.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა, მისი მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას.
თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი, განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
სასამართლოს ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, სსსკ-ის 48.2-ე მუხლი ითვალისწინებს შეღავათს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
14. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ეს გარემოება სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ აპელანტი მხარე ცდილობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ირღვევა მეორე მხარის უფლებები. მით უფრო, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ყველა განცხადება იდენტური შინაარსისაა და არ შეიცავს ისეთ გარემოებაზე მითითებას, რაც სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემდა. მოპასუხეს არც საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ, გადახდისუუნარობის გამო, ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელი იყო და სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან მან ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული მოთხოვნა არ შეასრულა.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
17. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ, გადახდისუუნარობის გამო, ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას დავის მატერიალურსამართლებრივ საფუძვლებზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობით თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, ამასთან კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების განხილვის ფორმატში საქმის გარემოებების შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლევა შესაძლებელი არაა.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა,
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე