Facebook Twitter

საქმე № ას-761-2021 23 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ.კ–ძე, მ.ლ–ნი, ა.კ–ძე (კანონიერი წარმომადგენლები - გ.კ–ძე, მ.ლ–ნი) (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესამე მოსარჩელის მამა/კანონიერი წარმომადგენელი), მ.ლ–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესამე მოსარჩელის დედა/კანონიერი წარმომადგენელი) და ა.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან არასრულწლოვანი), სარჩელი აღძრეს შ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს, მ.ლ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 1273 ლარის და მორალური ზიანი 5000 ლარის ანაზღაურება.

შ.მ–ძეს არასრულწლოვან ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი 5638 ლარი და მორალური ზიანი 7000 ლარი.

მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ჯანმრთელობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 2141.87 ლარის, მორალური ზიანის - 2 000 ლარის, ავტომანქანის დაზიანებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 4 000 ლარის, ავტოსადგომზე დგომის ხარჯის - 247.80 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 1800 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. სააპელაციო პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, სსსკ-ის 268-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაუყონებლივ აღსასრულებლად მიექცა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოპასუხეს, მ.ლ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანი 1273 ლარი; შ.მ–ძეს ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი 5638 და 7000 ლარი; ასევე გ.კ–ძის სასარგებლოდ დაკისრებული მატერიალური ზიანის 2141,87 ლარის ნაწილში.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა/მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და შუამდგომლობის უარყოფის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსარჩელეებს არ უსარგებლიათ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით, შესაბამისად, სააპელაციო პალატას შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან შეეძლო, მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და ისიც, იმ სხდომაზე, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღებოდა ან მას შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განხილვაც აზრს კარგავს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატის დასკვნით, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინების კანონიერება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.

8. საკასაციო სასამართლოს განსახილველი დავის საგნისა და შინაარსის, მოსარჩელეების მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, დაუსაბუთებულად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველია ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ:

8.1. 2014 წლის 1 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეებმა მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანებები სხვადასხვა სახის მრავლობითი მოტეხილობით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეები მოთავსებულ იქნენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. კერძოდ, პირველი მოსარჩელე მარცხენა კვირისთავის ღია მოტეხილობით, ნაკვეთოვანი ჭრილობით მარჯვენა მუხლის წინა ზედაპირზე, მარცხენა იდაყვის ძვლის დისტალურ მესამედში მოტეხილობით, მარცხენა იდაყვის უკანა ზედაპირზე ექსკორაციებითა და მარცხენა ტაბუხის ფოსოს უკანა კიდის მოტეხილობით, მოთავსდა შპს „ტ–ში“. ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი ჯამურად 2141.87 ლარია.

8.2. მეორე მოსარჩელეს შპს „რ.ჯ.ც–ში“ დაუდგინდა ელენთის გახეთქვა, მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა მეექვსე და მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა, დაენიშნა გადაუდებელი მკურნალობა და ამოეკვეთა ელენთა. ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი ჯამურად 1273 ლარია.

8.3. მესამე მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. უგონო მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც ქალასარქველის მოტეხილობა დაუდგინდა. ასევე, შუბლის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ ბაზალურად ინტერაცერებრალურად, ჰემორაგია პერიფოლიკალური შეშუპებით, იმავე დღეს გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია და რეკონსტრუქცია ქალის ტრავმის დროს, მოცილებულ იქნა ინტრაცერებრული ჰემატომა შუბლის მიდამოში, გაეწია ანტიბიოტიკური მკურნალობა, ინფუზიური ჰემოტრანსფუზია, ანტიკონვენსური სედაციური და სიმპტომური თერაპია. 2014 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სტანციონალურად მკურნალობდა. შესრულებული და სამომავლო ოპერაციული მკურნალობისა და ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კონსულტაციის ღირებულება ჯამურად 5 638 ლარია.

9. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე, მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; აღნიშნულის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. იმავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება იმავე გადაწყვეტილებაში. ხსენებული მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნის ინტერესებს და სპეციალურ მოწესრიგებას ექვემდებარება მასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გათვალისწინების გზით.

10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისსაც, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება, მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, რაც გულისხმობს იმგვარ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას ნათელს ხდის.

მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.

11. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7.5 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

11.1 ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის'' მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-6 მუხლის შინაარსით მონაწილე სახელმწიფოები მაქსიმალურად შესაძლო დონეზე უზრუნველყოფენ ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას ხოლო 24-ე მუხლის დანაწესით "მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ესწრაფვიან უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ შეელახოს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ამგვარ მომსახურებაზე".

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში ასახული გარემოებები ზემომოხმობილი საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით ქმნიდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს.

ასევე გასაზიარებელია მოსაზრება, რომ სასარჩელო მოთხოვნების განხილვა სამივე ინსტანციის სასამართლოში შესაძლოა, სოლიდური ვადით გაგრძელდეს. მოსარჩელეთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვან ა.კ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭიროებს მყისიერ და მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს, რომელთა გაწევის გარეშე არსებობს ყველა მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი.

13. საკასაციო სასამართლო დავის შინაარსისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელეების საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დაცვის საჭიროების მიზნით, დასაბუთებულად მიიჩნევს სსსკ-ის 268.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 12 ნაწილის გამოყენებას; ამასთან კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტები საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია და მათ არ იზიარებს.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე