Facebook Twitter

07 ოქტომბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-882-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - თ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან სააგენტო) წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე თ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი ან დასაქმებული) აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის #2182/კ ბრძანება; პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს კომპენსაციის სახით 17100 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და, დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ 2021 წლის 13 ივლისიდან 2021 წლის 22 ივლისის ჩათვლით გამოცხადებული კონკურსის (იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის არქივარიუსის #66308 ვაკანტურ თანამდებობაზე) შეჩერება და მითითებულ ადგილზე შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნის (გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა) აკრძალვა მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადება უარყოფილ იქნა.

4.1. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება. ის ამტკიცებდა, რომ, თუკი მოპასუხეს არ აეკრძალებოდა ვაკანტურ ადგილზე შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა, სარჩელის დაკმაყოფილებისას, შესაძლოა, იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო, მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია კი, ვერ ჩაანაცვლებდა შრომით უფლებებში სრულ აღდგენას.

5. ქუთაისისს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

7. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური არ გახდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესების დაცვის ქმედით, თუმცა დროებით ზომას, რომელიც ემყარება განცხადებაში მითითებული გარემოებების, ასევე, სარჩელის საფუძვლიანობის ფორმალურ კვლევას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გამოტანილი სასამართლოს დასკვნები საქმის არსებითად განხილვისას ჩამოყალიბებული შედეგის მიმართ გავლენას არ ახდენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენებისას, ბუნებრივია, შეფასების ობიექტი იმ სამომავლო სიკეთის დაცვაა, რომელიც შედეგად მართლმსაჯულების განხორციელებას უნდა მოჰყვეს, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია პროპორცია ამ სიკეთესა და მოპასუხის ინტერესის შეზღუდვას შორის, ანუ სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობები და ამის პარალელურად მოპასუხისათვის დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრების არარსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი, სახელდობრ:

9. საჩივრის ავტორი უზრუნველყოფის ღონისძიების/მოპასუხის მიერ გამოცხადებული კონკურის შეჩერების გამოყენების აუცილებლობას ასაბუთებს იმით, რომ არქივარიუსის სამსახურებრივი პოზიცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასია. შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა კი, სარჩელის დაკმაყოფილებისას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების მიზნის განხორციელებას.

10. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2013 წლის 18 აპრილიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო სპეციალისტის ხოლო შემდეგ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის არქივარიუსის ვაკანტურ ადგილზე, 2021 წლის 13 ივლისისდან 2021 წლის 22 ივლისის ჩათვლით გამოცხადებულია კონკურსი.

11. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე (სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი კანონის რედაქცია) და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს: კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობისას სასამართლო იკვლევს, შეუძლია თუ არა დამსაქმებელს, უზრუნველყოს დასაქმებული ტოლფასი სამუშაოთი, რისთვისაც აანალიზებს არსებობს თუ არა შესაბამის დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა.

განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვაკანტური თანამდებობა, რომლის დასაკავებლად მოპასუხეს გამოცხადებული აქვს კონკურსი, არის თუ არა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, საჭიროებს სათანადო ხასიათის კვლევას. ამავდროულად, საქმის გარემოებების გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების

დადასტურების პროცესი უნდა წარიმართოს მხარეთა ნამდვილი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746; სუსგ №ას-338-2019, 22 მარტი, 2021), რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას სრულყოფილად არაა შესაძლებელი. იმ ვითარებაში, როდესაც სათანადო კვლევის გარეშე ვერ გაირკვევა ამავე განჩინებაში აღწერილი თანამდებობების ტოლფასოვნების საკითხი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დამსაქმებელს.

12. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე