Facebook Twitter

საქმე №ას-961-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ.შ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – გ.შ–ას სარჩელის გამო, ნ.წ–ის მიმართ, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ გ.შ–ას წარმომადგენელ ი.უ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ.შ–ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ ი.უ–ს (იხ.რწმუნებულება ტ.2, ს.ფ.28) საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 29 სექტემბერს ჩაბარდა კომპანიის დირექტორ ი.გ–ს (პირადი #........) ი.უ–ისათვის გადასაცემად (იხ. ჩაბარების დასტური).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 30 სექტემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 4 ოქტომბერს. სასამართლოს კასატორის წარმომადგენლმა განცხადებით მომართა 2021 წლის 12 ოქტომბერს (კონვერტით დგინდება, რომ ფოსტას მიმართა 2021 წლის 11 ოქტომბერს), წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის აღდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე. შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გადაეცა 5 (ხუთი) დღის დაგვიანებით, რადგან კოვიდ ინფიცირების შემდეგ აქვს პოსტ კოვიდური გართულებები და ხშირად უწევს ექიმთან ვიზიტი, რის გამოც ოფისში არ მისულა 7 ოქტომბრამდე. ი.უ–ი შუამდგომლობას ურთავს ჩატარებული გამოკვლევების ამსახველი დოკუმენტების ასლებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ი.უ–მა სხვადასხვა სახის კვლევები ჩაიტარა 2021 წლის 19 სექტემბრიდან 2021 წლის 23 სექტემბრის პერიოდში, ასევე დგინდება, რომ დამატებით კვლევაზე დაბარებულია 2021 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ. ამდენად, სასამართლო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს ვერ მიიჩნევს საპატიოდ, ვინაიდან არ დგინდება ის გარემოება, რომ 30.09.2021-4.10.2021 პერიოდში მხარეს ან მის წარმომადგენელს არ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ განცხადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში, გ.შ–ას უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 27 მაისის #10952810979 საგადახდო დავალებით ი.უ–ის მიერ გადახდილი 150 ლარი და 2021 წლის 11 ოქტომბრის #11752490681 საგადახდო დავალებით ი.უ–ის მიერ გადახდილინ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.შ–ას წარმომადგენელ ი.უ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გ.შ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. გ.შ–ას (პ/ნ #........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2021 წლის 27 მაისის #10952810979 საგადახდო დავალებით ი.უ–ის მიერ გადახდილი 150 ლარი და 2021 წლის 11 ოქტომბრის #11752490681 საგადახდო დავალებით ი.უ–ის მიერ გადახდილი 150 ლარი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე