საქმე №ას-1115-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში ჯ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში ჯ–ას (შემდგომ – მოპასუხე, საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა იმგვარად, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ გირავნობის საგნებს – კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებებს დაედოს ყადაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო მოძრავ საგნებს კი, – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში; განმცხადებლისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხეს დაევალოს გირავნობის საგნების განთავსება კონკრეტულ მისამართებზე ან/და მათი უშუალოდ კრედიტორისთვის გადაცემა, დავის დასრულებამდე შენახვის მიზნით; მოვალის მიერ ნებაყოფლობით გირავნობის საგნების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებების ძებნა-დაკავებაზე აღრიცხვა და იმავე მისამართებზე განთავსებული გირავნობის საგნების –მოძრავი ქონებების/ნივთების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღწერა, დაყადაღება, დალუქვა; იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნები აღწერა/ყადაღის/დალუქვის აქტის შედგენის მომენტში, არ იქნება სრულად მითითებულ ადგილ(ებ)ზე განთავსებული, მათი აღწერა/ყადაღის/დალუქვა განხორციელდეს ნებისმიერ მოძიებულ ტერიტორიაზე.
2. განცხადებას ერთვის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „თ.ს.ი–ის“ 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც განმცხადებლის სარჩელი მოპასუხეების მიმართ, დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნით, მიღებულ იქნა წარმოებაში.
3. განმცხადებელმა მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და გადაუდებლობა განპირობებულია იმით, რომ, მართალია, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია კომპანიის სოლიდარული თავდებობით, თუმცა სოლიდარული თავდების მიმართ გადაწყვეტილების აღსრულება არის ფაქტობრივად შეუძლებელი. კერძოდ, მის მიმართ ამ დროისთვის მიმდინარეობს 15 სააღსრულებო წარმოება. მათ შორის, პირველი წარმოება დარეგისტრირდა 2021 წლის მარტში, რომელსაც ამ დროისთვის აქვს ისევ მიმდინარე სტატუსი. სოლიდარულ თავდებს არ გააჩნია არანაირი თავისუფალი/ლიკვიდური აქტივი, რომლითაც შესაძლოა დაკმაყოფილდეს ბანკის მოთხოვნა. ამდენად, ბანკის მოთხოვნათა ერთადერთ უზრუნველყოფას წარმოადგენს გირავნობაში არსებული მოძრავი ნივთები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნულ ნივთებზე მფლობელობას ვერ ახორციელებს ბანკი. შესაბამისად, ბანკი ვერ უზრუნველყოფს მათ მოვლა-პატრონობას. მესაკუთრე არ ცდილობს გირავნობის საგნების დაცვას მესამე პირთა შესაძლო უკანონო ხელყოფისაგან და ფაქტია, რომ მის ინტერესებში არ შედის გირავნობის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბანკმა განახორციელა მოძრავი ქონებების დათვალიერება და ადგილზე დახვდათ განადგურებული და დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. გირავნობის საგნის ნაწილი განადგურებული და დაზიანებულია, ავტოსატრასპორტო საშუალებების დიდი ნაწილი გაუმართავია, უვარგისია მისი ფუნქციური გამოყენებისთვის და ფაქტობრივად გააჩნია მხოლოდ ჯართის ღირებულება. ვინაიდან, ნივთები განთავსებულია მიტოვებულ ტერიტორიაზე, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი პირი დააზიანებს ან გაიტანს განთავსებულ ტექნიკას/ნივთებს, რადგან მათ ჯერ კიდევ გააჩნია ღირებულება და მათი რეალიზაციის (თუნდაც ჯართის ფასად) შემთხვევაში, პირს შეუძლია შემოსავლის მიღება. შესაბამისად, გადაუდებელი და აუცილებელია ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს ნივთების დაცვას და მასზე თვალსაჩინო წარწერის გაკეთებას. უზრუნველყოფის გამოუყენებლობით ბანკს მიადგება ზიანი, რომლის კომპენსირება შემდგომ შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსესხებელი საქართველოში არ ფლობს სხვა აქტივს და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის მეშვეობით და რაც გირავნობის საგნების არარსებობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
4. განმცხადებელმა მიუთითა, რომ კლიენტმა გარანტიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეასრულა. შესაბამისად, ბანკი იძულებულია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნების რეალიზაციის გზით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ ჩამოთვლილ გირავნობის საგნებსა და სხვა მოძრავ ნივთებს, დადგინდა ყადაღადადებული ნივთების განთავსება დასახელებულ მისამართებზე, ყადაღადადებული ნივთების სხვა ადგილას, მათ შორის, დაცულ სადგომზე განთავსების შემთხვევაში, ნივთების დალუქვა განხორციელდეს მოპასუხესთან შესანახად დატოვების გარეშე, წინამდებარე განჩინების აღსრულება მოხდა დაუყოვნებლივ.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) XXIII თავით დადგენილი წესები გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
7. ამავე კოდექსის 35618 მუხლის პირველი ნაწილისა და 191-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სოლიდარულმა თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. სოლიდარული თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრა 2 500 000 000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, 2017 წლის 20 სექტემბერს განმცხადებელსა და Open Joint Stock Company Akkord Industrial Construction Investment Corporation-ს შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა მოგირავნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები და საწარმოო დანადგარები. 2021 წლის 3 აგვისტოს განმცხადებელს წერილით მიმართა ბენეფიციარმა – საქართველოს რეგიონაური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მოითხოვა გარანტის მიერ გაცემული გარანტიის გამოთხოვა. 2021 წლის 10 აგვისტოს განმცხადებელმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა და გადაურიცხა გარანტიის თანხა 4,541,062.80 აშშ დოლარის ოდენობით. გარანტიის გაცემისთანავე, ბანკის მხრიდან განხორციელდა პრინციპალის ინფორმირება. პრინციპალს/კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ განუხორციელებია გარანტიის სახით გაცემული თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, მითითებული ოდენობა გარდაიქმნა სესხად. 2021 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით, სესხად გარდაქმნილმა ვალდებულებამ შეადგინა 1 063 799,39 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 048 897,86 აშშ დოლარი, პროცენტი – 12 887,69 აშშ დოლარი, ჯარიმა – 2 013,84 აშშ დოლარი.
8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის (საარბიტრაჟო პრეტედენტისათვის) დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს - იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, რომ თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა.
10. სსსკ-ის 198-ე მუხლში მოცემულია უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალი და მითითებულია, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო და აღნიშნული უნდა განისაზღვროს სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხის კუთვნილ და მასთან ან სხვა პირთან მყოფ ქონებაზე ყადაღის დადება.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის საპროცესო სამართლის ის ინსტიტუტი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას და ხელს უწყობს მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს მოსარჩელე მხარის უფლების დაცვის გარანტიას, ვინაიდან ემსახურება დარღვეული ან სადავოდ ქცეული ქონებრივი უფლების აღდგენას, ანუ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, საბოლოოდ ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა არაკეთილსინდისიერი გამოდგეს.
12. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალებებსა და მოძრავ საგნებზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მხარის მოთხოვნას, დაევალოს მოპასუხეს გირავნობის საგნების კონკრეტულ მისამართებზე განთავსება ან/და მათი კრედიტორისათვის გადაცემა, ხოლო გირავნობის საგნების ნებაყოფლობით წარუდგენლობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების ძებნა-დაკავებაზე აღრიცხვა და ზემოაღნიშნულ მისამართებზე ნივთების აღწერა, დაყადაღება, დალუქვა, ასევე, თუკი არ იქნება მისამართებზე ნივთები განთავსებული, მოხდეს მათი აღწერა/ყადაღა/დალუქვა ნებისმიერ მოძიებულ ტერიტორიაზე, პალატამ მიუთითა შემდეგი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს - საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება შეიძლება მოხდეს დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის - შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღმასრულებელს კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი ნივთები, რასაც აღნიშნავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
14. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოძრავ ნივთზე ყადაღის დადება უკრძალავას მესაკუთრეს ნებისმიერი ფორმით მათი განკარგვის შესაძლებლობას. ამასთან, ნივთების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს მათი შესანახად გადაცემა, დალუქვა, აღწერა და ა.შ. ამასთან, თუკი არსებობს ნივთების ხელყოფის (დაზიანება/განადგურების) საფრთხე, შესაძლებელია მოხდეს მათი ამოღება და სპცეიალურად გამოყოფილ, დაცულ სათავში განთავსება. ასევე თუკი ხდება ნივთის მოვალესთან ან სხვა პირთან შესანახად ჩაბარება, აღმასრულებელი ახდენს ნივთების დალუქვას, რაც გულისხმობს მათ აღწერას და აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანას.
15. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უნდა მოხდეს მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება, განცმხადებლის უზრუნველყოფის შუამდგომლობის „ბ“ და „გ“ (განჩინების მე-2 და მე-3) მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს არა მოპასუხისათვის ვალდებულების დაკისრების გზით, რომ თავად წარადგინოს ნივთები, ხოლო მათი წარუდგენლობის შემთხვევაში აღმასრულებელმა გადასცეს ისინი ძებნაზე და აღმოჩენის შემთხვევაში მოხდეს აღწერა/დალუქვა/დაყადაღება, არამედ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ზოგადად, რომ მოხდეს როგორც ყადაღადადებული გირავნობის საგნებისა და ასევე სხვა ყადაღადადებული ნივთების სპეციალურ დაცულ ტერიტორიაზე განთავსება. აღნიშნული იმთავითვე მოიცავს მოპასუხის ვალდებულებას, თავად წარადგინოს და განათავსოს შესაბამისი ნივთები აღმასრულებელთან ან/და სპეციალურად დაცულ ტერიტორიაზე, ხოლო ნებაყოფლობით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე მოიცავს აღმასრულების მოქმედებას, რომ სატრანსპორტო საშუალებები გადაეცეს ძებნა/დაკავებაზე და მათი მოძიების შემთხვევაში, განთავსდეს ისინი სპეციალურ სადგომზე. ამასთან, მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ყადაღადადებული ნივთები შესანახად დარჩეს მოვალესთან, რა დროსაც უნდა მოხდეს მათი დალუქვა, მაგრამ ვინაიდან ამ შემთხვევაში მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე სავარაუდოდ ახდენს გირავნობის საგნების დაშლა/გასხვისებას, უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ყადაღადადებული ნივთების მოვალესთან შესანახად დატოვების გარეშე.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და საბურღ საშუალება LIEBHERR LB28-ზე ყადაღის მოხსნა შემდეგი საფუძვლებით:
17. საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი განცხადებლის უფლებასა და მოვალის ინტერესს შორის. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნიდეს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოყენების შესაძლებლობას. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის. საჩივრის ავტორს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო მძიმდება მისი ნივთების დაყადაღებით, რადგან ფაქტობრივად ვერ განახორციელებს საქმიანობას, რაც საბოლოოდ არა ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების, არამედ ლიკვიდაციისკენ უბიძგებს მას და ამით პირველ რიგში განმცხადებელი დაზარალდება, რადგან მისი მოთხოვნის აღსრულება ეჭვქვეშ დადგება. ითვალისწინებენ რა განმცხადებლის მოთხოვნის მართებულობასაც, არ ითხოვენ განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის მთლიანად გაუქმებას, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნივთზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც არის საბურღი საშუალება „LIEBHERR LB28“ ხელშეკრულების №N1231231875138, რომელიც საჩივრის ავტორმა 2021 წლის 08 მაისიდან 2022 წლის 08 მაისის ჩათვლით დღეში 1500 ლარად მიაქირავა შპს „ს. კ-ს“. ეს უკანასკნელი ამ საბურღი საშუალებით მომსახურებას უწევს ჩინეთის გზისა და ხიდების კორპორაციის საქართველოში არსებულ ფილიალს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პროექტს. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანია ამ ნივთზე ყადაღის გაუქმება, რადგან აქ არა მხოლოდ საჩივრის ავტორის, არამედ სხვა კომპანიების მიერ ვალდებულებების შესრულებას ეშლება ხელი (მათ შორის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის მშენებლობას და სახელმწიფოს ინტერესებს) და თუ ნივთს არ მოეხსნება ყადაღა ისედაც მძიმე მდგომაროებაში მყოფი მოპასუხე არა მხოლოდ დაკარგავს „ს.კ-საგან“ ამ ტექნიკის გაქირავებით მისაღებ შემოსავალს, არამედ მასაც იხილავს სამომავლოდ კრედიტორის სახით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას. აღნიშნულ ნივთზე ყადაღის გაუქმება არსებითად არ დააზიანებს განმცხადებლის სამომავლოდ შესაძლო აღსასრულებელ მოთხოვნას, საჩივრის ავტორს ჰყავს დაქირავებული ფიზიკური პირები, გადასახდელი აქვს კომუნალური და სხვა გადასახადები, რაც მას ყოველდღიურად მუშაობისთვის ესაჭიროება. თუ ამ შემოსავალსაც დაკარგავენ, შეუძლებელი გახდება აღნიშნული საწარმოს ფუნქციონირება. ამდენად უთითებენ, რომ სასამართლომ უნდა დაიცვას სწორი ბალანსი და არ წაართვას განმცხადებელს ფინანსური მდგომაროების გამოსწორების შესაძლებლობა. მისი ლიკვიდაცია არც ბანკისთვისაა ხელსაყრელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ფარგლებში იმსჯელა, მართებულად მოხდა თუ არა სარჩელის უზრუნველყოფა, არსებობდა თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი და გამოყენებული ღონსიძიება თანაზომიერია თუ არა სასარჩელო მოთხოვნის და შეუსაბამოდ ხომ არ ზღუდავს, ლახავს მოპასუხის ინტერესებს.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამდენად, ხსენებული ნორმა ადგენს, სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც მოსარჩელის დროებითი (შუალედური) დაცვის საპროცესო საშუალების, არსს, ფუნქციას და მისი გამოყენების პირობებს, კერძოდ: ა) აღძრული/აღსაძრავი სარჩელი იყოს იურიდიულად გამართული, ესე იგი - მოსარჩელე (განმცხადებელი) უნდა მიუთითებდეს ისეთ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, მისი სარჩელი დაკმაყოფილდება; ამასთან, ამ ეტაპზე, საკმარისია მხოლოდ მითითება ამგვარ ფაქტებზე და არა მათი დამტკიცება, რაც განხორციელდება საქმის არსებითი განხილვის დროს; ბ) განმცხადებელმა ასევე უნდა მიუთითოს იმგვარ გარემოებაზე (სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის/აღსრულების გაძნელების საფრთხე; დარღვეული ან სადავო უფლების განუხორციელებლობის/განხორციელების გაძნელების საფრთხე; განმცხადებლისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე), რომლის გამოც აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება; გ) გამოსაყენებელი ღონისძიება პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს და იყოს სასარჩელო დავის საგნის ადეკვატური. ამასთან, ეს პირობები უნდა არსებობდეს ერთობლივად; წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის განხორციელება დაუშვებელია.
21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის ფარგლებში და რომელიც მიმართულია არა მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან არიდებისაკენ, სავალალო შედეგებისა და რისკების მინიმიზირებისაკენ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. ამიტომ, უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება (დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელება და სხვა). აღსანიშნავია ისიც, რომ კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. ამიტომ, საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც მას განმცხადებელი დასაბუთებულად წარმოადგენს, ანუ განმცხადებელი შეძლებს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და საჭიროების დასაბუთებას. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სსსკ-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
22. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო აღსრულების პრინციპი, პრაქტიკაში სრულყოფილად რეალიზებისათვის, დღის წესრიგში უდავოდ აყენებს მოპასუხის ნებაზე ზემოქმედებისა და მისი თვითნებობის გამორიცხვის საკითხს, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, უსაფუძვლოდ არ უნდა იზღუდებოდეს მოწინააღმდეგე მხარის და სხვა მესამე პირთა ინტერესები. ამიტომ, სწორედ განმცხადებელს აწევს იმ ტვირთის დაძლევა, რომელიც იწვევს უფლების პროპორციულ შეზღუდვას. ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოწინააღმდეგე მხარის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, აუცილებელია, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაბალანსებული იყოს უფლებრივი მდგომარეობა და გამოყენებული იქნას იმგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მართებულად შეზღუდავს მოპასუხის უფლებას და გავლენას არ მოახდენს მესამე პირების ინტერესებზეც. მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.
23. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაწესებული აკრძალვის სამართლებრივი შედეგი, რათა გაუმართლებლი არ აღმოჩნდეს დამდგარი რეზულტატი. კონკრეტული უფლების შეზღუდვის დროს, როგორც უკვე აღინიშნა, დაცული უნდა იყოს სამართლიანობის ბალანსი, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შერჩეულ საგანზე, ყოველთვის იწვევს განსხვავებული შედეგების დადგომას მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე და მოქმედების არეალიც (ფართო/ვიწრო) განსხვავებულია. შესაბამისად, მისი გამოყენება უნდა მოხდეს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ის უალტერნატივოა იმ სიკეთის დასაცავად, რომლის დაცვის მიზნითაც გამოყენებულია იგი. ამასთან, დავის არსებითად განხილვამდე, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.
24. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში (შდრ. სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.), მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების (შესრულების) შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).
25. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოთხოვნის აღძვრისას პირი სარგებლობს ეფექტიანი და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტიანი დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას უნდა არსებობდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სანამ მოსარჩელე უფლებაში აღდგება, იარსებებს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება. ამიტომ, სასამართლომ საჭიროების შემთხვევაში (რაც უნდა დაასაბუთოს შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა), უნდა განახორციელოს ქმედითი ღონისძიებანი რისკების მატერიალიზაციის პრევენციისათვის. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სს ,,თ.ბ–ის“ მიერ აღძრული სარჩელი მიკუთვნებითია, ანუ აღსრულებითი სარჩელია. ეს ნიშნავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება (რაც არსებითი განხილვის და ამ ეტაპზე თეორიული მსჯელობის საგანია), საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (ცნობა-აღსრულებაზე), როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია, არამედ ასევე მხარის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე.
26. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მართებულია.
27. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნისა და დავის საგნის ღირებულების ტოლფასი არის თუ არა, სასამართლო ამ საკითხს შეფასებას მისცემს საჩივარზე თანდართული მასალების გათვალისწინებით, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო მსჯელობს სწორედ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების, ხოლო საჩივრის განხილვისას კი, საჩივარში მითითებული გარმოებების გათვალისწინებით და საჩივრის ფარგლებში. სასამართლო ამოწმებს და არკვევს, რამდენად სწორად არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება.
28. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, დავის არსებითად გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოეყენება.
29. როგორც საჩივრიდან ირკვევა, სადავო საბურღი საშუალება 2021 წლის 08 მაისიდან 2022 წლის 08 მაისის ჩათვლით, დღეში 1500 ლარად მიაქირავა შპს „ს. კ-ს“. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ამ საბურღი საშუალებით მომსახურებას უწევს ჩინეთის გზისა და ხიდების კორპორაციის საქართველოში არსებულ ფილიალს, რომელიც ახორცილებეს სახელმწიფო პროექტს. საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნულ ნივთზე ყადაღის გაუქმება არსებითად არ დააზიანებს განმცხადების სამომავლოდ შესაძლო აღსასრულებელ მოთხოვნას.
30. სააპელაციო პალატამ საჩივრის ავტორის ყურადღება მიაპყრო განმცხადებლის მოსაზრებაზე, რომელსაც ერთვის 2021 წლის 25 აგვისტოს შეფასების დასკვნა აღნიშნულ საბურღ საშუალება LIEBHERR LB28-ზე. ამ დასკვნის მიხედვით, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ გირავნობის საგანს წარმოადგენს და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 507,526 აშშ დოლარს. საბანკო სესხზე არსებული დავალიანება კი გაზრდილია 1 145 927.97 აშშ დოლარამდე. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა მოძრავ ნივთებზე გამოყენებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ შესაძლებელია, ვერ უზრუნველყოს სესხზე არსებული ვალდებულებების შესრულება, ვინაიდან მესაკუთრე არ ცდილობს გირავნობის საგნების დაცვას მესამე პირთა შესაძლო უკანონო ხელყოფისაგან, მის ინტერესებში არ შედის გირავნობის საგნის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. საარბიტრაჟო მოსარჩელე წარმოდგენილ მოსაზრებაში უთითებს, აგრეთვე, რომ გირავნობის საგნების დიდი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაუმართავია, უვარგისია მისი ფუნქციური გამოყენებისთვის და ფაქტობრივად მხოლოდ ჯართის ღირებულება გააჩნია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებით ზიანი მიადგება ბანკს და ამ ზიანის კომპენსაცია შეუძლებელი იქნება მხოლოდ გირავნობის სხვა საგნების რეალიზაციით. როგორც ამავე მოსაზრებიდან ირკვევა, მითითებული საბურღი საშუალება არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ საშუალებას და ჩინეთის გზის და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი არ არის შეზღუდული იჯარით მიიღოს მსგავსი ტექნიკის მომსახურება. არ არის დასაბუთებული ის გარემოებაც, რომ კომპანია ცდილობს ვალდებულებების შესრულებას, იმ პირობებში, როდესაც მის ანგარიშებზე გავრცელებულია ყადაღები და ფიზიკურად შეუძლებელია ყადაღადადებული ანგარიშების განკარგვა.
31. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობის და შესაბამისი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც სასამართლოს შეექმნებოდა რეალური სურათი, თუ რა მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს საბურღი საშუალების იჯარით მიღებული შემოსავალი. ასევე არ არის წარმოდგენილი ყველაზე მთავარი - დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულებისაა კომპანიის კუთვნილი ყადაღადადებული მოძრავი ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები და შესაძლებელია თუ არა ამ ერთ ნივთზე ყადაღის გაუქმებამ არსებითად არ დააზიანოს განმცხადებლის სამომავლოდ აღსასრულებელი მოთხოვნა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საბურღი საშუალება LIEBHERR LB28 ყველაზე ძვირადღირებული ნივთია დაყადაღებულ ნივთებს შორის, ხოლო დანარჩენი გირავნობის საშუალებების დიდი ნაწილი დაზიანებული, გაძარცვული ან განადგურებულია, როგორც ეს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან და ფოტომასალიდან ირკვევა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებით, კრედიტორს მიადგეს ზიანი, რომლის კომპენსირებაც შემდგომ შეუძლებელი იქნება, რადგან სარეალიზაციოდ გასატანმა დაყადაღებულმა ნივთებმა შესაძლებელია ვერ აანაზღაუროს საბანკო სესხზე არსებული მზარდი დავალიანება, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 1 145 927,97 აშშ დოლარს. საჩივრის ავტორს უნდა წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები იმის საილუსტრაციოდ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ნაწილობრივ გაუქმება არ გააძნელებდა ან შეუძლებელს არ გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული. ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნიას, რომ აკრძალვა უნდა შენარჩუნდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებასა და მოძრავ ნივთზე, მათ შორის საბურღ საშუალება LIEBHERR LB28-ზე.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური და თანაზომიერია დავის საგანთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილება სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
34. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და მოვალის კუთვნილ მოძრავ ნივთებს დაედო ყადაღა, კერძოდ, კი, საჩივრის ფარგლებში სადავოა ერთ კონკრეტულ მოძრავ ნივთზე –LIEBHERR LB28-ზე ყადაღის მოხსნა.
35. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.
36. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
37. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
38. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
39. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
42. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
44. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.
45. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისისგადაწყვეტილებასაქმეზე: №3/1/512.).
46. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ. Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).
47. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. (შდრ. სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.) მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).
49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).
50. სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება.
51. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა.
52. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინება მხოლოდ ნაწილობრივ – კონკრეტული საბურღი საშუალების დაყადაღების ნაწილში გაასაჩივრა და მიუთითა, რომ აღნიშნული მოწყობილობის გაქირავებით შეძლებდა შემოსავლის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეექმნებოდა ფინანური სირთულეები.
53. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 25 აგვისტოს შეფასების დასკვნის თანახმად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ სადავო LIEBHERR LB28 საბურღი საშუალების ღირებულება, რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც საჩივრის ავტორი მოითხოვს, დაყადაღებულ ნივთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. მიი საბაზრო ღირებულება 507,526 აშშ დოლარა. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის დავალიანება 1 145 927.97 აშშ დოლარს შეადგენს.
54. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია თავისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორიცაა კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობის და შესაბამისი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, არ ირკვევა, თუ რა მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს საბურღი საშუალების იჯარით მიღებული შემოსავალი.
55. ამავდროულად, საჩივრის ავტორმა ვერ წარუდგინა სასამართლოს სხვა დაყადაღებული ნივთების ღირებულების ამსახველი დოკუმენტები, რომელთა შეფასების შედეგად სასამართლო დაადგენდა, სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების პირობებში, სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება საკმარისად უზრუნველყოფილი იქნებოდა თუ არა. მეორე მხრივ კი, საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ გირავნობის საგნების დიდი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაუმართავია, უვარგისია მისი ფუნქციური გამოყენებისთვის და ფაქტობრივად მხოლოდ ჯართის ღირებულება გააჩნია.
56. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახილვებს სსსკ-ის 196-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მოახდინა სამომავლოდ სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რისი გაუქმების საფუძვლის არსებობა საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა-ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში ჯ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 სექტემბრისა და 1 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე