Facebook Twitter

საქმე №ას-521-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ბ.ს.კ–ტი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები – მ.ძ–ი, ვ.ნ–ი, ს.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე და მოითხოვა შეჩერებულიყო: 1) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 23 აპრილს გაცემული №190334623/575069 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19069211 სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეა ვ.ნ–ი, ხოლო კრედიტორი მ.ძ–ი; 2) ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს გაცემული №181557857 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19021098 სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეა ვ.ნ–ი, ხოლო კრედიტორი ს.ს–ძე; 3) ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 3 ივნისს №190628047 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19092977 სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეა შპს „ ი.გ–ა G. I.” და ვ.ნ–ი, ხოლო კრედიტორი სს „ბ.ს.კ–ტი“ .

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეჩერდა: 1) ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს გაცემული №181557857 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19021098 სააღსრულებო წარმოება ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ: .......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“); 2) ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 3 ივნისს გაცემული №190628047 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19092977 სააღსრულებო წარმოება; 3) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 23 აპრილს გაცემული №190334623/575069 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19069211 სააღსრულებო წარმოება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებაზე მ.ძ–მა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კრედიტორი“) წარადგინა საჩივარი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განჩინებით პირველი კრედიტორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით პირველი კრედიტორის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 23 აპრილს გაცემული №190334623/575069 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული A19069211 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სადავო უძრავ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება; მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 23 აპრილს გაცემული №190334623/575069 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქ. თბილისში, ..... „გ“-ში მდებარე უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი: .....) ½ წილზე დაწყებული A19069211 სააღსრულებო წარმოება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება სს „ბ.ს.კ–ტმა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „მეორე კრედიტორი“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სსსკ-ის 197-ე მუხლით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევით გაასაჩივრა. მეორე მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

7. 2021 წლის 10 თებერვალს მეორე მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა მეორე კრედიტორმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სააპელაციო სასამართლო ასაბუთებს იმით, რომ განჩინება განმცხადებლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ არ შეხებია და არ განკარგულა მისი ქონება. ამგვარი განმარტებით სააპელაციო პალატა უგულვებელყოფს ქონების კანონისმიერ დეფინიციას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვაც შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად კი განსაზღვრულია არამატერიალური ქონების ცნება, კერძოდ, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. შესაბამისად, ნათელია, რომ ერთი კრედიტორის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად განმცხადებელი დარჩა უზრუნველყოფის მოთხოვნის გარეშე, ანუ განკარგულ იქნა მისი ქონება და სწორედ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დისკრიმინაციულ ქმედებას განმცხადებლის მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიება ყველა კრედიტორის მიმართაა გამოყენებული და ყველა კრედიტორი მოპასუხე მხარედაა მითითებული. სააპელაციო პალატის მიერ ნებისმიერი შინაარსის განჩინების მიღებამდე აუცილებელი იყო პროცესის ყველა მონაწილის ინფორმირება და მათი პოზიციის მოსმენა. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევა, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას 422-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე იმსჯელებს, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის განცხადებაში ამ ორ საფუძველზე უთითებდა.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ ვალდებულებებს (შდრ. სუსგ საქმე №ას-1085-2018, 19 ნოემბერი, 2018 წელი). შესაბამისად, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია დადგინდეს კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს თუ არა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეჩერდა: 1) ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს გაცემული №181557857 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19021098 სააღსრულებო წარმოება ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ: ......); 2) ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 3 ივნისს №190628047 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19092977 სააღსრულებო წარმოება; 3) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 23 აპრილს გაცემული №190334623/575069 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A19069211 სააღსრულებო წარმოება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია რამდენიმე მოპასუხის მიმართ, შესაბამისად, სახეზეა საპროცესო თანამონაწილეობა.

20. საპროცესო თანამონაწილეობა შეიძლება იყოს სავალდებულო და ფაკულტატური. თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ ურთიერთობის ყველა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა. ფაკულტატური (არასავალდებულო) თანამონაწილეობა შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ „სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობდეს ერთი და იმავე საფუძვლიდან“, ან კიდევ იმით, რომ სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძვლები და საგანი“. არასავალდებულო თანამონაწილეობისას თითოეულ თანამონაწილეს შეეძლო აღეძრა დამოუკიდებელი სარჩელი ცალკე აღებული მოპასუხის მიმართ, ამასთან, სსსკ-ის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. თითოეული თანამონაწილის პროცესში დამოუკიდებლად გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ მის მიერ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას არ შეუძლია რაიმე ზიანი მიაყენოს სხვა თანამონაწილეს ან ზეგავლენა მოახდინოს სხვა თანამონაწილეებზე (შდრ. თ. ლილუაშვილი სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ. 87-90).

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არასავალდებულო (ფაკულტატური) საპროცესო თანამონაწილეობა, რამდენადაც მოსარჩელეს შეეძლო თითოეული კრედიტორის მიმართ დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა. რაც შეეხება უშუალოდ სააღსრულებო წარმოებას, წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებული თითოეული სააღსრულებო წარმოება სხვადასხვა პირის უფლებებს ეხებოდა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განჩინება დაინტერესებულ მხარეს შეეძლო მისი უფლებების ნაწილში გაესაჩივრებინა.

22. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა მის სასარგებლოდ დაწყებული სააღსრულებო წარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით პირველი კრედიტორის საჩივარი დაკმაყოფილდა. სწორედ საჩივრის დაკმაყოფილების განჩინების ბათილობას ითხოვს მეორე მოპასუხე.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინების გასაჩივრებისას პირველი მოპასუხე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად მოქმედებდა, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, განჩინება მან იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომელიც უშუალოდ მის უფლებებს შეეხებოდა. პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი უშუალოდ მის სასარგებლოდ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მთლიან სადავო უძრავ ქონებაზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერების მართლზომიერებას შეეხებოდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად არ მიიჩნია მეორე მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირად.

24. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეორე კრედიტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განჩინება 2020 წლის 29 ივნისს ჩაბარდა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 47), რომელმაც მის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერების ნაწილში ეს განჩინება 2021 წლის 10 თებერვალს გაასაჩივრა. მეორე მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით სსსკ-ის 197-ე მუხლით გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დარჩა განუხილველი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს თავისი საპროცესო უფლებები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განჩინებაზე განხორციელებული ჰქონდა.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია, განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ტერმინი „უშუალოდ ეხება“ მოცემულ ნორმაში მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ახასიათებს პროცესუალურ ტერმინს „მხარე“, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება „უშუალოდ ეხება“ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის თანახმად გააჩნიათ მოთხოვნის უფლება (მოსარჩელე), ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მოპასუხე) ან აქვთ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

27. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი (იხ. სუსგ საქმე №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტში იგულისხმება პირი, რომელიც არის პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აღნიშნული დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს ხანგძლივი პრაქტიკით (იხ. სუსგ №ას-409-409-2018, 2018 წლის 18 მაისი; №ას-269-269-2018, 2018 წლის 20 მარტი; №ას-88-88-2018, 2018 წლის 27 თებერვალი; №ას-1450-1370-2017, 2018 წლის 6 თებერვალი; №ა-3937-ბ-15-2013, 2016 წლის 13 მაისი; №ას-1098-1034-2015, 2015 წლის 22 დეკემბერი; №ას-756-716-2015, 2015 წლის 11 სექტემბერი; №ას-808-759-2015, 2015 წლის 8 სექტემბერი; №ას-1073-1024-2013, 2015 წლის 10 მარტი; №ას-1237-1385-2014, 2015 წლის 2 მარტი; სუსგ №ას-187-180-2012, 2012 წლის 29 მარტი; №ას-1371-1293-2012, 2012 წლის 24 დეკემბერი).

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მეორე კრედიტორი არც სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს წარმოადგენს, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში მსჯელობდა პირველი კრედიტორის მოთხოვნის ნაწილში, რომელიც უშუალოდ და კონკრეტულად მის უფლებებს შეეხებოდა. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მეორე კრედიტორს ჰქონდა მის ნაწილში გამოტანილ განჩინებაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება, თუმცა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო მისი საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა კონკრეტულად მის რომელ უფლებებს ეხებოდა მიღებული განჩინება, ხოლო კერძო საჩივარში აღნიშნული პრეტენზიები ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ბ.ს.კ–ტის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი