Facebook Twitter

საქმე №ას-794-2021 25 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ.ჩ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.მ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით რ.ჩ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით რ.ჩ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღით.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის განმეორებითი შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ხოლო იმავე სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული ვადა კიდევ 7 (შვიდი) დღით გაუგრძელდა.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის დამატებით 10 (ათი) დღით გაგრძელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე. კასატორს არ განუხორციელებია არც სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდა, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს მხარის სურვილში აღმოფხვრას არსებული ხარვეზი და მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2021 წლის 20 ივლისი) გასულია 90 დღეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მხარეს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური