საქმე №ას-1111-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს.ა–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე - მ.ა–ის სარჩელის გამო, ს.ა–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ს.ა–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ს.ა–ას საკასაციო საჩივარი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩნებით, განისაზღვრა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და ვადა (ს.ფ 97-101). აგრეთვე საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტები, რომლიდანაც დგინდება, რომ მხარეთა წარმომადგენლებს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ საქმის განხილვის თარიღი და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი (ს.ფ. 107-108).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით ს.ა–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ გასაჩივრებული განჩინება კასატორის წარმომადგენელმა ბ.გ–მა ჩაიბარა 2021 წლის 22 სექტემბერს ფოსტის მეშვეობით (იხ.ჩაბარების დასტური, ს.ფ.125).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარელოზუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევეაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო საქმის განხილვის თარიღი და ისიც რომ თუ არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ გამოცხადდებოდა სააპელაციო სასამართლოში და არ ჩაიბარებდა დასაბუთებულ განჩინებას, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების მიღებიდან (2021 წლის 25 ივნისი) 30-ე დღეს. ამდენად, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 26 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 15 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან 15 აგვისტო დაემთხვა დასვენების დღეს, ვადა დასულებულად უნდა მივიჩნიოთ 2021 წლის 16 აგვისტოს. საკასაციო საჩივარი კი ვადის დარღვევით 2021 წლის 28 სექტემბერსაა შემოტანილი, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით, საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 259-ე1 მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ა–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ა. წულაძე