Facebook Twitter

საქმე №ა-4479-შ-132-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ.გ–ა

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ი.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.გ–ამ 2021 წლის 27 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, მ.გ–ასა და ზ.ი–ს განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ.გ–ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.გ–ას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.ი. და მ.გ–ა განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მხარეები პროცესზე გამოცხადებულნი იყვნენ). ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 7 ივლისს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს №20 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ–ა და ზ.ი. განქორწინდნენ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე