Facebook Twitter
საქმე №ას-920-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ა.ს–ო

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ე.გ–ძემ 2020 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ა.ს–ოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და იძულებითი განაცდურის სახით მისაღებ თანხაზე პირგასამტეხლოს გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ე.გ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით ე.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.გ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხესთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2015 წლიდან 2019 წლამდე და მათ შორის დადებული იყო არაერთი შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად, სადავო შემთხვევა განხილულ უნდა იქნეს უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობად. ასეთ პირობებში კი, დამსაქმებელი ვალდებული იყო, კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობებინა დასაქმებულისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ მოსარჩელის სათანადო ინფორმირებას უნდა დაუკავშირდეს. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში სამსახურში არ ცხადდებოდა მიმდინარე რეორგანიზაციიდან, ხოლო შემდგომ - პანდემიიდან გამომდინარე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან სარჩელი სასამართლოში დროულად (2020 წლის ივლისში) იქნა წარდგენილი.

საკასაციო საჩივრის ავტორი, ასევე, მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია პროცესუალური დარღვევებით, რადგან სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ პირდაპირ მთავარი სხდომა დანიშნა, არ მოუსმინა მოსარჩელეს, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასრულად გამოიკვლია და ფაქტები არასწორად დაადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა, კერძოდ, კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილების (კოდექსის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლი) მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამრიგად, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება).

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის №ას-1298-1218-2015 და 2016 წლის 2 ნოემბრის №ას-905-871-2016, 2021 წლის 20 მაისის №ას-790-2020 გადაწყვეტილება). ამასთანავე, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას დამატებით გასათვალისწინებელია, რომ შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე, 38-ე მუხლებიდან (მოქმედი რედაქციის 47-ე, 48-ე მუხლები) გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებულის წინასწარი წერილობითი ინფორმირების ვალდებულება გათვალისწინებული იყო მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით ხელშეკრულების შეწყვეტისას და შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება არ წარმოიშობოდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის დასრულებისას. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღსა და ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის მომენტს უნდა მიექცეს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე.გ–ძესთან 2019 წლის 2 სექტემბერს დადებული ბოლო ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. მოსარჩელე თავადაც მიუთითებს, რომ 2019 წლის 30 სექტემბრიდან მასთან ზეპირსიტყვიერად შეწყდა შრომის ხელშეკრულება. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე 2019 წლის 30 სექტემბრიდან სამუშაოს არ ახორციელებდა მოპასუხე ორგანიზაციაში და შრომის ანაზღაურებას არ იღებდა. ამრიგად, 2019 წლის 30 სექტემბრიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელისთვის ცნობილი იყო. ამასთანავე, თუკი მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უვადო ხასიათს ატარებდა და შრომითი ურთიერთობა შეწყდა რეორგანიზაციის და არა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტის თაობაზე ინფორმირების გამო, მას მაინც ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა დამსაქმებლისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნით ან სასასამართლოში გაეხადა სადავოდ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება.

გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე ვერ მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლით გათვალისწინებული, შრომითი ურთიერთობის შეჩერების რომელიმე ობიექტური გარემოების არსებობაზე, რა დროსაც შესაძლებელია, შექმნილიყო ვარაუდი, რომ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა განპირობებული იყო არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით, არამედ შრომითი ურთიერთობის შეჩერებით. მსგავსი გარემოების არსებობას ვერ ასაბუთებს ქვეყანაში პანდემიის გავრცელება, რადგან იგი არ ემთხვევა სადავო პერიოდს.

ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელშივე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს ხანდაზმულობის საკითხზე და სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა, რომ განსახილველი სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისთვის (2020 წლის 19 აგვისტო) გასული იყო მოთხოვნის 30-დღიანი ხანდაზმულობის ვადა, უფრო მეტიც, მოთხოვნა ხანდაზმული იყო 2020 წლის 17 ივლისის მდგომარეობითაც, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, მან პირველად წარადგინა სარჩელი სასამართლოში. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

პროცესუალური დარღვევების შესახებ კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. ამდენად, მოსამზადებელი სხდომის ჩატარება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება; ამასთან, სადავო შემთხვევაში პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნას არ გამოუწვია მხარეთა პროცესუალური უფლებების ხელყოფა. ასევე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულად ან არასწორად დადგენა და აღნიშნულთან მიმართებით კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული, დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება;

3. ე.გ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ტ–ძის (პ/ნ ........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №11643095436, გადახდის თარიღი 24.09.2021წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე