საქმე №ას-925-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ნ.ო–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ჭ–ძე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:დ.ჭ–ძემ 2020 წლის 11 სექტემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ნ.ო–ძის მიმართ და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დ.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ო–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დ.ჭ–ძის საკუთრებაში არსებული, გორის რაიონის სოფელ .... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ .....). აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ო–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად.
ნ.ო–ძემ 2021 წლის 7 ივნისს, საპროცესო ვადის დაცვით, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და წარადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან), ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა სააპელაციო საჩივრის წარდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება ნ.ო–ძემ ჩაიბარა პირადად, 2021 წლის 10 ივნისის.
აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 17 ივნისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ.ო–ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 63-ე, 368-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ნ.ო–ძისთვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 11 ივნისს და ამოიწურა 2021 წლის 15 ივნისს. ვინაიდან აპელანტმა მითითებულ პერიოდში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება ნ.ო–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში განსაზღვრულ ვადაში წარადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ.ო–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ო–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობებზე და გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდა სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, სააპელაციო პალატამ, საკუთარი ინიციატივით, აპელანტს დამატებით 5 დღით გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებიდან გამომდინარე კი, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების ერთ-ერთი ფორმაა გზავნილის ადრესატისთვის ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება ნ.ო–ძემ 2021 წლის 10 ივნისს პირადად ჩაიბარა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2021 წლის 11 ივნისიდან დაიწყო ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 15 ივნისს (სამშაბათს), 24:00 საათზე. კერძო საჩივრის ავტორს კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, მან დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოში მხოლოდ 2021 წლის 17 ივნისს წარადგინა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივ შედეგებზე. სწორედ ამიტომ, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ო–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე