თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ნ–ი ....“
დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ზ.ფ–ძემ 2018 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ნ–ი ....7-ის“ მიმართ და მოითხოვა ხაშურში, ……. მდებარე მიწის ნაკვეთთან მისასვლელად აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა ხაშურში, …… მდებარე, შპს „ნ–ი-…-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ზ.ფ–ძეს, მის საკუთრებაში არსებული, ხაშურში, ..... მდებარე, №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, დაუდგინდა აუცილებელი, 93.1 მ2 ფართის გზა ხაშურში, ..... მდებარე, №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შპს „ნ–ი-....-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სარჩელზე დართული შპს „ვ.კ–ის“ მიერ მომზადებული, 93.1 მ2 ფართის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ზომების და აუცილებელი გზის სიტუაციურ გეგმაზე ასახული კონტურის მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ნ–ი ....-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ნ–ი ...-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.ფ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ.ფ–ძეს, მის საკუთრებაში არსებული, ხაშურში, . …. მდებარე, № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, დაუდგინდა აუცილებელი, 274.75 მ2 ფართის გზა ხაშურში, ...... მდებარე, № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, შპს „ნ–ი-....-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შპს „მ.პ–ძის“ მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ზომებისა და ექსპერტის №003991820 დასკვნის №1 დანართით (სიტუაციური გეგმა) ლურჯი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულების მიხედვით; შპს „ნ–ი ....-ს“ დაევალა ზ.ფ–ძის მიერ აუცილებელი გზით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველყოფა (მათ შორის, ხაშურში, ........ მდებარე, № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ავტომობილით შეუფერხებლად შესვლა და გამოსვლა). სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ზ.ფ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფორმით აუცილებელი გზით სარგებლობა შეუძლებელია, რადგან ამ ტერიტორიაზე მოწყობილია ფასიანი შლაგბაუმი და ხერგილი (ე.წ. „ჩანგლები“). ამასთანავე, აღნიშნული გზა რეალურად ბაზარში ავტომობილით შესასვლელი ადგილია, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს, რის გამოც ამ ტერიტორიით თავისუფლად სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელია; სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი ეს გზა იკეტება და ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა შეუძლებელი ხდება.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ იგი გაცილებით ნაკლები ფართობის მქონე, მხარეთა მიერ წლების განმავლობაში გამოყენებულ ტერიტორიაზე ითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, რაც მოპასუხის ინტერესებსაც დაიცავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ზ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს აუცილებელი გზის მოწყობის ალტერნატიული ვარიანტებიდან ერთ-ერთის შერჩევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამრიგად, „თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის №ას-45-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა არა აუცილებელი გზის დადგენის წინაპირობების არსებობა, არამედ მისი მოწყობის კონკრეტული ფორმა, რადგან არსებობს ორი ალტერნატიული ვარიანტი. შესაბამისად, „აუცილებელი გზა იმგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები იყოს დაცული და მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად შეიზღუდოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის №ას-6-6-2012 განჩინება).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის მოწყობის პირველი ვარიანტი გამოხატულია მოპასუხის კუთვნილი, 93.1 მ2 ფართობის მქონე ტერიტორიის აუცილებელ გზად გამოყენებაში (მოსარჩელე სწორედ ამ ტერიტორიაზე ითხოვს აუცილებელი გზის მოწყობას), თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 ივლისის №5003886620 დასკვნის მიხედვით, ხსენებული ნაკვეთის სამხრეთ საზღვარზე განთავსებულია ბეტონის ღობე და მცირე ზომის არაკაპიტალური სავაჭრო დახლები და ამ ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის მოწყობა ტექნიკურად მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოიშლება ბეტონის ღობე და მოხდება დახლების დემონტაჟი. ნიშანდობლივია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ დახლებს გააჩნია სამეწარმეო დანიშნულება, კერძოდ, ეს ფართები შპს „ნ–ი ….-ს“ გაცემული აქვს იჯარით და იღებს შემოსავალს. ამრიგად, დასახელებულ ტერიტორიაზე აუცილებელი გზის მოწყობა მოითხოვს დამატებითი სამუშაოების ჩატარებას და გამოიწვევს მოპასუხის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩარევას.
რაც შეეხება გზის მოწყობის მეორე ვარიანტს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელ გზად გამოყენებულ უნდა იქნეს 274.75 მ2 ფართობის მქონე ტერიტორია, რომელიც ისედაც წარმოადგენს ბაზრის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად მოწყობილ სპეციალურ, ცენტრალურ, მოასფალტებულ საავტომობილო გზას. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს, რომ თავისუფლად ვერ ისარგებლებს ამ გზით ტერიტორიაზე შლაგბაუმისა და ხერგილის არსებობის გამო, მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 ივლისის №5003886620 დასკვნის №2 დანართზე, რომლის შესაბამისადაც, მეორე ალტერნატიული გზის შესასვლელში შლაგბაუმი აღარ არის მოწყობილი. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოპასუხე კომპანიამ განაცხადა გზის იმგვარად მოწყობის მზაობა, რომ მოსარჩელეს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოს, უფრო მეტიც, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა; სასამართლოს გადაწყვეტილება კი, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს ატარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ორი ალტერნატივის ერთმანეთთან შედარების, ტერიტორიების ამჟამინდელი დანიშნულებისა და მესაკუთრისთვის აუცილებელი გზის დადგენით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გათვალისწინებით, მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 274.75 მ2 ფართის ტერიტორიაზე უნდა დადგინდეს აუცილებელი გზა. დასახელებული ვარიანტის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ტერიტორიაზე მოსარჩელის შეუფერხებლად მოძრაობა, ამავდროულად, არ მოხდება შპს „ნ–ი ....-ის“ სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა.
შესაბამისად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 150 ლარს. იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი თანხის (150 ლარის) 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ზ.ფ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.გ–ძის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი - 17.08.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე