გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბ-32-9-ა-03 30 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
ნ. სხირტლაძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი. ი. Hჟ-ის სახელზე 1989წ. 21 მარტს გაცემული ორდერი ჩაითვალა ძალადაკარგულად; ს. ა-ი გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹36 ბინიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2003წ. 14 მაისს ი. ჟ-ის რწმუნებულმა ჟ. ლ-ემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორდერი, რომელიც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ძალადაკარგულად, ი. ჟ-ის გარდა, გაცემული იყო მის მეუღლე ს. ჟ-ასა და ქალიშვილ ა. უ-ზე. საქმის განხილვაში კი მონაწილეობა არ მიუღია ს. ჟ-ას, რის გამოც განმცხადებლის განმარტებით, არსებობს სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
გარდა ამისა, განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებს, რომ არსებობს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, კერძოდ, ქ. ბათუმის ვიცე-მერ დ. ა-ის 2002წ. 9 სექტემბრის ¹ჟ-1995 წერილში მითითებული გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. ჟ-ის წარმომადგენელ ჟ. ლ-ის განცხადების დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული განცხადება დასაშვები არ არის.
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამ ვადის გაგრძელება კი არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2001წ. 20 ნოემბერს, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება კი უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2003წ. 14 მაისს, მაშინ როცა სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი, საკასაციო სასამართლოში ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას უკვე ცნობილი იყო ი. ჟ-ის წარმომადგენელ ჟ. ლ-ისთვის, მაგრამ მას კანონით დადგენილ ვადაში არ დაუყენებია საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს, საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. Hჟ-ის წარმომადგენელ Hჟ. ლ-ის განცხადებაში მითითებული ქ. ბათუმის ვიცე-მერ დ. ა-ის წერილი, არის თუ არა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგანაც აღნიშნული წერილი შედგენილია 2002წ. 9 სექტემბერს და იგი გაეგზავნა განმცხადებელს, რომელმაც გაუშვა სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის ერთთვიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების არანაირი პირობა და იგი დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. ჟ-ის წარმომადგენელ ჟ. ლ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.