Facebook Twitter
საქმე №ას-853-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ზ.ხ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „თ.ბ–ი“

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „დ.დ–ი“, კ.თ–ძე, დ.ლ–ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „თ.ბ–მა“ 2017 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „დ.დ––ის“, კ.თ–ძის, ზ.ხ–ძისა და დ.ლ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მიღებულ იქნა მოპასუხეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო) სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „დ.დ––ს“, კ.თ–ძესა და ზ.ხ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა; დავალიანების გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა დ.ლ–ძის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; განისაზღვრა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეოდა შპს „დ.დ–ის“, კ.თ–ძისა და ზ.ხ–ძის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს ზ.ხ–ძემ და დ.ლ–ძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დ.ლ–ძისა და ზ.ხ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმავე თარიღის საოქმო განჩინებასთან ერთად, და 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ.ხ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით ზ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება ზ.ხ–ძეს 2020 წლის 10 იანვარს გაეგზავნა და 2020 წლის 15 იანვარს ჩაბარდა ზ.ხ–ძის ოჯახის წევრს, სიდედრს - დ.ლ–ძეს. შესაბამისად, ზ.ხ–ძისათვის განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2020 წლის 29 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2020 წლის 4 თებერვალს იქნა წარდგენილი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება ზ.ხ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ, მართალია, დ.ლ–ძე მის სიდედრს წარმოადგენს, მაგრამ ისინი სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ, შესაბამისად, დ.ლ–ძისთვის გზავნილის ჩაბარებით გზავნილი ზ.ხ–ძისთვის ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ზ.ხ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ზ.ხ–ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს, გასაჩივრების ვადის დარღვევაზე მითითებით, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით. იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა, მეორე მხრივ კი, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი.

დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მხარეებს განემარტათ განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

რაც შეეხება განჩინების მხარისთვის ჩაბარებას, დადგენილია, რომ ზ.ხ–ძისთვის გაგზავნილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება 2020 წლის 15 იანვარს ჩაბარდა დ.ლ–ძეს (ზ.ხ–ძის სიდედრს). სააპელაციო სასამართლომ კი დ.ლ–ძისთვის გზავნილის ჩაბარება სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის წერტილად მიიჩნია.

საკასაციო პალატა, გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრისთვის ჩაბარების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუკი სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ხსენებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ადრესატის ოჯახის წევრისთვის გზავნილის გადაცემა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს შეტყობინების ოფიციალურ ჩაბარებად, თუკი გზავნილი გაგზავნილი და მიტანილია მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და სწორედ დასახელებულ მისამართზე მცხოვრებ, ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს ჩაბარდება.

განსახილველ შემთხვევაში კი, მართალია, ზ.ხ–ძისთვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა მის სიდედრს, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისთვის, რადგან ზ.ხ–ძე და დ.ლ–ძე სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ, რაც მათ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტით დასტურდება, ასევე, დავის განმავლობაში სასამართლო გზავნილებს ისინი სხვადასხვა მისამართზე იბარებდნენ. სადავო შემთხვევაში კი, ზ.ხ–ძისთვის განკუთვნილი გზავნილი მიტანილია არა მის მისამართზე, არამედ - დ.ლ–ძის საცხოვრებელ ადგილას, სადაც ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორის სიდედრმა. მაშასადამე, გზავნილი არ ყოფილა მიტანილი მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და არც მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს ჩაბარებია. მაშასადამე, ზ.ხ–ძის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა არ უნდა დაუკავშირდეს გზავნილის დ.ლ–ძისთვის ჩაბარების თარიღს - 2020 წლის 15 იანვარს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის განჩინების გამოცხადებიდან (2019 წლის 27 დეკემბრიდან) 30-ე დღეს დაწყების პირობებში, ზ.ხ–ძეს სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით (2020 წლის 4 თებერვალს) აქვს წარდგენილი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის გაშვებაზე მითითებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ხ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე