Facebook Twitter
საქმე №ას-878-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ.გ–ვა, ნ. ფ–ძე, კ. ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი. ფ–ძე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. მ.გ–ვამ, ნ. ფ–ძემ და კ. ფ–ძემ 2020 წლის 17 მარტს სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ი. ფ–ძის მიმართ, მოპასუხისთვის თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 350 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხე ი. ფ–ძემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ალიმენტის სახით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 120 ლარს გადაიხდიდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ფ–ძეს არასრულწლოვანი შვილების - ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 17 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მ.გ–ვასა და ი. ფ–ძეს ორი საერთო შვილი ჰყავთ: 2008 წლის 22 ივნისს დაბადებული ნ. ფ–ძე და 2010 წლის 5 სექტემბერს დაბადებული კ. ფ–ძე, რომლებიც ამჟამად დედის ოჯახში იზრდებიან;

4.2. ი. ფ–ძე ამჟამად არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას; სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ი/მ ი. ფ–ძეს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება რეგისტრირებული აქვს 2019 წლის 25 დეკემბერს; მოპასუხის განმარტებით, მას არ აქვს შემოსავალი, ამასთან, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც ესაჭიროება ფეხის ამპუტაცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მინიჭებული არ აქვს;

4.3. მ.გ–ვას განმარტებით, ის დასაქმებულია და ხელფასის სახით იღებს 700 ლარს, რაც საკმარისი არ არის ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის, რადგან ბავშვებს სჭირდებათ დამატებით მასწავლებლებთან მომზადება;

4.4. ბავშვებს სხვადასხვა წრეზე სიარულის სურვილი აქვთ.

5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა დამოკიდებულია მშობლის გადახდისუნარიანობაზე, არასრულწლოვნის საჭიროებებსა და უპირატეს ინტერესებზე. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ, მართალია, მოპასუხე ამჟამად უმუშევარია, თუმცა მას მაინც გააჩნია ქონებრივი შესაძლებლობა და ვალდებულება იმისა, რომ არჩინოს და მზრუნველობა გაუწიოს მის არასრულწლოვან შვილებს. სასამართლომ, ასევე, გაითვალისწინა, რომ მოსარჩელესაც ეკისრება თანაბარი ვალდებულებები შვილების მიმართ. შედეგად, სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია თითოეული არასრულწლოვნის მიმართ ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ი. ფ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ფ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ–ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ფ–ძეს არასრულწლოვანი შვილების - ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 17 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, ამასთანავე, დამატებით საქმეზე შემდეგი ფაქტები დაადგინა:

8.1. სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული ყველა საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 17 მარტიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდზე, ი. ფ–ძის საბანკო ანგარიშებზე შემოსავლების არსებობის ფაქტი არ ფიქსირდება, გარდა სს „ს.ბ–ში“ სესხის დაფარვისა (48725 ლარი), რაც გადახდილ იქნა სესხის თავდები პირის, ი. ფ–ძის დედის - ლ.ზ–ძის მიერ;

8.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 9 ივნისიდან 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით, ი. ფ–ძის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი არ ფიქსირდება.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესი, რომელიც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამასთან, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები. მაშასადამე, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის მოთხოვნილებებსა და მშობლის მდგომარეობას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის საფუძველზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა განმარტებებზე, რომ ი. ფ–ძე დასაქმებული იყო სატვირთო ავტომანქანაზე, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოში გადადიოდა და ამ გზით იღებდა შემოსავალს, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. ფ–ძე 2019 წლის 25 დეკემბრიდან სამეწარმეო საქმიანობას აღარ ეწევა, უმუშევარია და არცერთ ბანკში საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის ოპერაცია არ უფიქსირდება; საქმის განხილვის მომენტისათვის, ი. ფ–ძის მიერ სხვა სახის შემოსავლის მიღება არ დამტკიცებულა.

11. რაც შეეხება ი. ფ–ძის მითითებას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი ცნობები მოიცავს მხოლოდ 2019 წლის პერიოდს, დიაგნოზით - დიდწვივ-კოჭის სახსრის ანკილოზი, სარჩელი კი წარდგენილია 2020 წლის 17 მარტს, ამასთან, აპელანტის მიერ სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე მტკიცებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ წარდგენილი არ ყოფილა და არც მისი შეზღუდული შესაძლებლობის ფაქტი დადასტურებულა.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი, მშობელს არ უნდა დაეკისროს იმგვარი საალიმენტო ვალდებულება, რომ გადაწყვეტილება წინასწარვე იყოს განწირული აღუსრულებლობისათვის. შედეგად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ უმუშევარი და შემოსავლის არმქონე მშობლისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული 250-250 ლარი სააპელაციო სასამართლომ არაგონივრულ ოდენობად მიიჩნია. ამასთანავე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სტაბილური შემოსავლის არარსებობა, უმუშევრობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა საპატიო გარემოებები გავლენას ახდენს ალიმენტის ოდენობის დადგენაზე, თუმცა ისინი უპირობოდ არ ქმნიან მშობლისათვის მცირე ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში შრომისუნარიანი საშუალო მომხმარებლისათვის 2017 წლის ივლისის თვისათვის საარსებო მინიმუმი შეადგენდა 154.4 ლარს. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის გონივრულ ოდენობად 150 ლარი მიიჩნია.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება მ.გ–ვამ, ნ. ფ–ძემ და კ. ფ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, რაც არღვევს არასრულწლოვანთა უფლებებს, შეუსაბამობაშია მათ საუკეთესო ინტერესებთან და არ ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. გარდა ამისა, კასატორები მიუთითებენ, რომ სარჩელის შემოტანის მომენტისთვის მოპასუხეს უფიქსირდებოდა საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი, მასვე დაფარული აქვს ყველა საბაკო ვალდებულება, რაც ადასტურებს ი. ფ–ძის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილების - ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის სასარგებლოდ 250-250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეამოწმა ზეპირი მოსმენით და 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ.გ–ვას, ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნია. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად მათი დასწრების გარეშე განიხილებოდა.

II სამოტივაციო ნაწილი:

17. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.გ–ვას, ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გონივრულობა.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. კოდექსის 1214-ე მუხლით კი დადგენილია, რომ თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის რეალურ საჭიროებებს.

20. ამრიგად, მართალია, კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის №ას-58-49-2011 გადაწყვეტილება, 2017 წლის 17 ოქტომბრის №ას-1141-1061-2017, 2020 წლის 25 თებერვლის №ას-1355-2019 და 2020 წლის 13 მარტის №ას-1301-2019 განჩინებები).

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ არასრულწლოვნები - 13 წლის ნ. ფ–ძე და 11 წლის კ. ფ–ძე იზრდებიან დედის ოჯახში. ამრიგად, უდავოა, რომ ი. ფ–ძეს უნდა დაეკისროს შვილების აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

22. რაც შეეხება დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას, გასათვალისწინებელია, რომ დედის ყოველთვიური შემოსავალი 700 ლარს შეადგენს, ხოლო სარჩელის წარდგენის მომენტიდან ი. ფ–ძის დასაქმების ან მის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტი არ დასტურდება, რაც, მართალია, არ გამორიცხავს ალიმენტის დაკისრებას, თუმცა გავლენას ახდენს მის ოდენობაზე. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება ან ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ალიმენტის ოდენობაზე. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი სარჩელის წარდგენის მომენტისთვის - 2020 წლის მარტში 182,6 ლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით - 191,6 ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 150 ლარი შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა და არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა.

23. ამდენად, საქმეზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ამასთან, „გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის №ას-619-619-2018 გადაწყვეტილება). სწორედ ამიტომ, საქმის ყველა გარემოების - ბავშვების ასაკისა და საჭიროებების, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობლების ფინანსური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ფ–ძეს თითოეული არასრულწლოვანი შვილის მიმართ უნდა დაეკისროს ალიმენტის სახით 200-200 ლარის გადახდა.

24. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. კასატორები (მოსარჩელეები) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; სააპელაციო საჩივრისათვის - დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; საკასაციო საჩივრისათვის - დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისას დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის ფასი 4800 ლარია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ დავას განეკუთვნება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდილიყო 144 ლარის ოდენობით, მეორე ინსტანციის სასამართლოში - 192 ლარის ოდენობით, ხოლო საკასაციო სასამართლოში - 240 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (80%) პროპორციულად, ი. ფ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 115,2 ლარი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 192 ლარი, ჯამში - 307,2 ლარი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს, ი. ფ–ძეს წინასწარ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი გადახდილი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ.გ–ვას, ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.გ–ვას, ნ. ფ–ძისა და კ. ფ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ი. ფ–ძეს (პ/ნ ......) არასრულწლოვანი შვილების - ნ. ფ–ძისა (პ/ნ .....) და კ. ფ–ძის (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა, თითოეულის სასარგებლოდ ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 17 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

5. ი. ფ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეების მიერ პირველი ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 307,2 ლარის (სამას შვიდი ლარი და ორი თეთრი) გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე