საქმე №ას-592-2019 14 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზუგდიდში, სოფელ ......... მდებარე 501 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ: ........) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ნ.ა–ის სახელზე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ყოფილი მესაკუთრე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“). ამჟამად სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.
2. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოიწონა ......... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო-ჩარჩო დოკუმენტი და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელთა შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ......... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1-1/263 ბრძანებით ......... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ......... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ნივთებზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ......... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნითა და ზემოქმედების ზოლში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ......... მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე.
5. 2017 წლის 6 აპრილს მოსარჩელეს ჩაბარდა გამოსყიდვის შეთავაზების წერილი, რომლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, წარმოდგენილი უფლებამოსილი კონტრაქტორის - შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ მიერ მოსარჩელეს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, სთავაზობდა საკომპენსაციო თანხას 55 566 ლარის ოდენობით. 2017 წლის 6 აპრილის წერილით მოსარჩელემ უარი განაცხადა ანაზღაურების მიღებაზე, რადგან მიიჩნია, რომ მისთვის შეთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა მესაკუთრის მიერ ქონების შეძენის დროს გადახდილ თანხასა და შეთავაზების დროისათვის არსებულ საბაზრო ღირებულებას. 2017 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ექსპროპრიატორი“) და მოითხოვა საკომპენსაციო თანხის გაზრდა, რამდენადაც, მისი შეფასებით, შეთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა არც სამართლიანობის პრინციპს, არც საბაზრო ფასსა და არც დოლარის კურსის ცვალებადობას.
6. 2017 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ქონების შეთავაზებული საკომპენსაციო ღირებულების მიღებისათვის საჭირო იყო საბანკო რეკვიზიტების წარდგენა.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ მოპასუხისათვის 94 434 ლარის დაკისრების თაობაზე.
8. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 27 ოქტომბრიდან მოსარჩელე წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის სოფელ ......... მდებარე 501 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუმცა 2017 წლის 4 აგვისტოს მას აღნიშნული ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოართვა სახელმწიფომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის - ......... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ქონების საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა (55 566 ლარი) არ არის სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვადარატული მეტრის ღირებულება 100 დოლარს შეადგენს. მოსარჩელემ წარადგინა უძრავი ქონების შემფასებლის დასკვნაც, რომლის მიხედვით, სადავო ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 150 000 ლარია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნაკვეთის საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა თუნდაც იმიტომ არ არის სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რომ ის 4 000 დოლარით ნაკლებია 2014 წელს ნაკვეთის შეძენისას მოსარჩელის მიერ გადახილ თანხაზე - 25 000 დოლარზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სამართლიანი საბაზრო საკომპენსაციო თანხის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტებს: ექსპროპრიატორმა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა განახორციელა თავის კონტრაქტორ ორგანიზაციასთან, შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–თან“ თანამშრომლობით. საკომპენსაციო თანხების განსაზღვრამდე მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სრული და სამართლიანი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაო და თითოეული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთიც შეფასდა და საკომპენსაციო თანხის ოდენობა დადგინდა უძრავი ნივთის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების თაობაზე არ ასახავს სადავო უძრავი ნივთის რეალურ საბაზრო ღირებულებას, რამდენადაც ის არ არის შედგენილი უძრავი ნივთის შეფასებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მოთხოვნათა დაცვით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 074 ლარის ანაზღაურება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად მართებულად დანიშნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აპრილის №5002146318 დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექსპროპრიაციის პერიოდისთვის, ე.ი. 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 54 000 ლარს. ამავდროულად, საქმეში წარდგენილი შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ მიერ 2016 წლის 15 ნოემბერს მომზადებული შეფასების ანგარიშის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 55 566 ლარს შეადგენდა.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავაში აპელანტის პროცესუალური ვალდებულება სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა იყო, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მისივე მითითების შესაბამისად, 150 000 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საქმეში წარდგენილია მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 100 დოლარია და 2017 წლის 15 ივნისის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება 150 000 ლარია.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენდა, თუმცა სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მან ექსპროპრიაციის საკომპენსაციოდ ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხა მიიღო, რაც სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ვერ განიხილება შესაბამის კომპენსაციად.
17. სააპელაციო პალატამ მიუთითა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის განსასაზღვრად უპირატესია სამართლიანობის პრინციპის დაცვა, ვიდრე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.
18. სააპელაციო სასამართლომ მხარისათვის გადასაცემი სამართლიანი კომპენსაციის დასადგენად, გარდა ექსპერტიზის დასკვნებისა, იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი 2014 წლის 27 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, სადავო ქონება მოსარჩელეს შეძენილი აქვს 25 000 აშშ დოლარად. საქმეში წარდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების შეძენის დროისათვის აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.7525 ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით (ექსპროპრიაციის განხორციელების დროისათვის) - 2.4256 ლარს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 43 812.5 ლარს შეადგენდა, ხოლო ექსპროპრიაციის მომენტისათვის - 60 640 ლარს. ამავდროულად, დადგენილია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სადავო ქონების სანაცვლოდ მოსარჩელეს 55 566 ლარი, ანუ 5 074 ლარით ნაკლები გადაეცა მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს არა ექსპერტის ან სპეციალისტთა მიერ მითითებული თანხა, არამედ უნდა მიეცეს კომპენსაცია იმ ოდენობით, რომ მან შეძლოს ქონების შეძენის დროს გადახდილი თანხის ანაზღაურება მაინც. მხოლოდ მსგავსი ანაზღაურება შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან ანაზღაურებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს ის თანხაც კი ვერ აუნაზღაურდება, რაც მან მითითებული ქონების შეძენისას გაიღო.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 12 თებერვალს მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 354, 97 ლარის გადახდა მოსარჩელის სარჩელისა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და წარდგენილი ჰქონდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა მის მიერ თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის პირობებში, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის 89 360 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურებისათვის ადვოკატის ჰონორარის - 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის დაკისრება.
23. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
23.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა არ ფარავს მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენისას გადახდილ საფასურს;
23.2. გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი), სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მოთხოვნები;
23.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი) თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. კასატორის შემთხვევაში არავითარი ანაზღაურება არ მომხდარა, ხოლო მის სისრულესა და სამართლიანობაზე მოპასუხეს საერთოდ არ უზრუნია, მან მოსარჩელეს ექსპროპრიაციის განსახორციელებლად დავის საგნის მესამედი გადაუხადა;
23.4. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლები ეხმიანება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილს (ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი). კერძოდ, დადგენილია, რომ „საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი“. ამასთან, „ექსპროპრიატორს ან ექსპროპრიატორის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება აქვს ქონების შეფასების მიზნით, ქონების მესაკუთრის თანხმობით, დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს კვლევა, აიღოს ნიმუშები და განახორციელოს სხვა მოქმედებები.“ მოპასუხემ მთელი ეს პროცედურა ისე ჩაატარა, რომ მოსარჩელისგან არა თუ თანხმობა მიუღია, მისთვის არც შეტყობინება გაუგზავნია. მოპასუხემ მოსარჩელეს საკუთარი შეფასებით განსაზღვრული თანხა შესთავაზა, რაც სადავო უძრავი ქონების რეალური ღირებულების მესამედს შეადგენს;
23.5. კასატორს პრეტენზია გააჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ექსპროპრიაციის შედეგად საკომპენსაციო თანხის სრულად გადახდასთან დაკავშირებით და რამაც შეადგინა 89 360 ლარი;
23.6. კასატორი ასევე პრეტენზიას აცხადებს ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის ანაზღაურებაზე 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის ოდენობით.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ა–ის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, ცნობილ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
26. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
27. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი საქმის წარმოებისას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით [სსსკ-ის 53.1 მუხლის ბოლო წინადადება]. ამ მუხლით მითითებული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას [სსსკ-ის 53.2 მუხლი].
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
30. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).
31. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმეში არ წარდგენილა იურიდიული მომსახურების საფასურის ადვოკატისათვის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ნოდარ ფეიქრიშვილი. საქმეში წარდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ნოდარ ფეიქრიშვილს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15). საქმეში ასევე მოიპოვება მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის 2017 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 65). ნოდარ ფეიქრიშვილი ესწრებოდა საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებს, ამასთან, სწორედ ის აწერს ხელს სარჩელსაც და სააპელაციო საჩივარსაც.
32. საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, განაცხადი №36548/97, 05/02/2003). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი № 71503/01, 8/04/2004). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (იხ. ასევე სუსგ საქმე №ას-923-889-2016, 2017 წლის 3 თებერვალი, საქმე №ას-1330-1250-2017, 12 ნოემბერი, 2018 წელი).
33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებების, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით და სსსკ-ის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათვალისწინებით. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დავის საგნის ღირებულება 94 434 ლარს შეადგენდა, ხოლო ამ თანხის 4% 3 777, 36 ლარია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხოლოდ 5 074 ლარის ანაზღაურება, რაც დავის საგნის 5.37 %-ს (5 074 X 100 : 94 434) წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატის ხარჯიც უნდა ანაზღაურდეს შესაბამისი პროპორციით - 3 777, 36 X 5,37 %, რაც 203 ლარს შეადგენს.
34. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლი]. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ა–ის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.ა–ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 203 ლარის ოდენობით;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი