Facebook Twitter

საქმე №ას-592-2019 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზუგდიდში, სოფელ ....... მდებარე 501 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ: ....) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ნ.ა–ის სახელზე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ყოფილი მესაკუთრე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“). ამჟამად სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

2. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოიწონა ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო-ჩარჩო დოკუმენტი და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელთა შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1-1/263 ბრძანებით ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ნივთებზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნითა და ზემოქმედების ზოლში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე.

5. 2017 წლის 6 აპრილს მოსარჩელეს ჩაბარდა გამოსყიდვის შეთავაზების წერილი, რომლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, წარმოდგენილი უფლებამოსილი კონტრაქტორის - შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ მიერ მოსარჩელეს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, სთავაზობდა საკომპენსაციო თანხას 55 566 ლარის ოდენობით. 2017 წლის 6 აპრილის წერილით მოსარჩელემ უარი განაცხადა ანაზღაურების მიღებაზე, რადგან მიიჩნია, რომ მისთვის შეთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა მესაკუთრის მიერ ქონების შეძენის დროს გადახდილ თანხასა და შეთავაზების დროისათვის არსებულ საბაზრო ღირებულებას. 2017 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ექსპროპრიატორი“) და მოითხოვა საკომპენსაციო თანხის გაზრდა, რამდენადაც, მისი შეფასებით, შეთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა არც სამართლიანობის პრინციპს, არც საბაზრო ფასსა და არც დოლარის კურსის ცვალებადობას.

6. 2017 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ქონების შეთავაზებული საკომპენსაციო ღირებულების მიღებისათვის საჭირო იყო საბანკო რეკვიზიტების წარდგენა.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ მოპასუხისათვის 94 434 ლარის დაკისრების თაობაზე.

8. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 27 ოქტომბრიდან მოსარჩელე წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე 501 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუმცა 2017 წლის 4 აგვისტოს მას აღნიშნული ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოართვა სახელმწიფომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის - ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ქონების საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა (55 566 ლარი) არ არის სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვადარატული მეტრის ღირებულება 100 დოლარს შეადგენს. მოსარჩელემ წარადგინა უძრავი ქონების შემფასებლის დასკვნაც, რომლის მიხედვით, სადავო ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 150 000 ლარია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნაკვეთის საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა თუნდაც იმიტომ არ არის სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რომ ის 4 000 დოლარით ნაკლებია 2014 წელს ნაკვეთის შეძენისას მოსარჩელის მიერ გადახილ თანხაზე - 25 000 დოლარზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სამართლიანი საბაზრო საკომპენსაციო თანხის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტებს: ექსპროპრიატორმა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა განახორციელა თავის კონტრაქტორ ორგანიზაციასთან, შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–თან“ თანამშრომლობით. საკომპენსაციო თანხების განსაზღვრამდე მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სრული და სამართლიანი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაო და თითოეული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთიც შეფასდა და საკომპენსაციო თანხის ოდენობა დადგინდა უძრავი ნივთის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების თაობაზე არ ასახავს სადავო უძრავი ნივთის რეალურ საბაზრო ღირებულებას, რამდენადაც ის არ არის შედგენილი უძრავი ნივთის შეფასებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მოთხოვნათა დაცვით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 074 ლარის ანაზღაურება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად მართებულად დანიშნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აპრილის №5002146318 დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექსპროპრიაციის პერიოდისთვის, ე.ი. 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 54 000 ლარს. ამავდროულად, საქმეში წარდგენილი შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ მიერ 2016 წლის 15 ნოემბერს მომზადებული შეფასების ანგარიშის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 55 566 ლარს შეადგენდა.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავაში აპელანტის პროცესუალური ვალდებულება სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა იყო, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მისივე მითითების შესაბამისად, 150 000 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საქმეში წარდგენილია მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 100 დოლარია და 2017 წლის 15 ივნისის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება 150 000 ლარია.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენდა, თუმცა სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მან ექსპროპრიაციის საკომპენსაციოდ ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხა მიიღო, რაც სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ვერ განიხილება შესაბამის კომპენსაციად.

17. სააპელაციო პალატამ მიუთითა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის განსასაზღვრად უპირატესია სამართლიანობის პრინციპის დაცვა, ვიდრე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.

18. სააპელაციო სასამართლომ მხარისათვის გადასაცემი სამართლიანი კომპენსაციის დასადგენად, გარდა ექსპერტიზის დასკვნებისა, იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი 2014 წლის 27 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, სადავო ქონება მოსარჩელეს შეძენილი აქვს 25 000 აშშ დოლარად. საქმეში წარდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების შეძენის დროისათვის აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.7525 ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით (ექსპროპრიაციის განხორციელების დროისათვის) - 2.4256 ლარს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 43 812.5 ლარს შეადგენდა, ხოლო ექსპროპრიაციის მომენტისათვის - 60 640 ლარს. ამავდროულად, დადგენილია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სადავო ქონების სანაცვლოდ მოსარჩელეს 55 566 ლარი, ანუ 5 074 ლარით ნაკლები გადაეცა მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს არა ექსპერტის ან სპეციალისტთა მიერ მითითებული თანხა, არამედ უნდა მიეცეს კომპენსაცია იმ ოდენობით, რომ მან შეძლოს ქონების შეძენის დროს გადახდილი თანხის ანაზღაურება მაინც. მხოლოდ მსგავსი ანაზღაურება შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან ანაზღაურებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს ის თანხაც კი ვერ აუნაზღაურდება, რაც მან მითითებული ქონების შეძენისას გაიღო.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 12 თებერვალს მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 354, 97 ლარის გადახდა მოსარჩელის სარჩელისა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და წარდგენილი ჰქონდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა მის მიერ თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის პირობებში, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის 89 360 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურებისათვის ადვოკატის ჰონორარის - 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის დაკისრება.

23. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

23.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა არ ფარავს მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენისას გადახდილ საფასურს;

23.2. გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი), სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მოთხოვნები;

23.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი) თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. კასატორის შემთხვევაში არავითარი ანაზღაურება არ მომხდარა, ხოლო მის სისრულესა და სამართლიანობაზე მოპასუხეს საერთოდ არ უზრუნია, მან მოსარჩელეს ექსპროპრიაციის განსახორციელებლად დავის საგნის მესამედი გადაუხადა;

23.4. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლები ეხმიანება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილს (ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი). კერძოდ, დადგენილია, რომ „საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი“. ამასთან, „ექსპროპრიატორს ან ექსპროპრიატორის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება აქვს ქონების შეფასების მიზნით, ქონების მესაკუთრის თანხმობით, დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს კვლევა, აიღოს ნიმუშები და განახორციელოს სხვა მოქმედებები.“ მოპასუხემ მთელი ეს პროცედურა ისე ჩაატარა, რომ მოსარჩელისგან არა თუ თანხმობა მიუღია, მისთვის არც შეტყობინება გაუგზავნია. მოპასუხემ მოსარჩელეს საკუთარი შეფასებით განსაზღვრული თანხა შესთავაზა, რაც სადავო უძრავი ქონების რეალური ღირებულების მესამედს შეადგენს;

23.5. კასატორს პრეტენზია გააჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ექსპროპრიაციის შედეგად საკომპენსაციო თანხის სრულად გადახდასთან დაკავშირებით და რამაც შეადგინა 89 360 ლარი;

23.6. კასატორი ასევე პრეტენზიას აცხადებს ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის ანაზღაურებაზე 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის ოდენობით.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებია, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებელი.

27. ექსპროპრიაციის შედეგად პირისათვის ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოცემული დავის სპეციფიკურ სამართლებრივ ასპექტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოწესრიგებულ სფეროს განეკუთვნება.

28. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული კანონმდებლობის სხვა დანაწესებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს რა საკუთრების უფლებას, იგი აბსოლუტურ უფლებათა რანგში არ არის აყვანილი და თავადვე განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის წინაპირობებს. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის წინაპირობები არ არის უცხო თანამედროვე სამართლებრივი სისტემებისათვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლისათვის, რომელიც ასევე დასაშვებად მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვას, თუმცა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კანონიერება პროპორციულობის ტესტით (ჩარევა უნდა იყოს განსაზღვრული კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას; იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი/პროპორციული საშუალება - ამ მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა შეიძლებოდეს) უნდა შეფასდეს.

30. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპროპრიაცია განხორციელდა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე (....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ზემოქმედების ზოლში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის - მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

31. სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას შემდეგნაირად განმარტავს: ექსპროპრიაცია – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ №ას-727-695-2014, 15 ივლისი, 2016 წელი).

32. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს ადგენს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

33. სპეციალური კანონით აკრძალულია საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისათვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ.

34. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

35. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სწორედ სპეციალური კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დაწყებული დავა ჩამორთმეული ქონების ყოფილ მესაკუთრესა და ექსპროპრიატორს შორის. მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას და მიიჩნევს, რომ ნაცვლად 55 566 ლარისა სადავო უძრავი ქონების ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

37. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

38. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

39. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს/მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოსთვის ეჩვენებინა, რომ სადავო უძრავი ქონების ღირებულება 150 000 ლარს შეადგენდა, რაც შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა. მართალია, კასატორმა წარადგინა უძრავი ქონების შეფასების დასკვნა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29-32), თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, თუ რა ფაქტორებისა და რომელი ანალოგების გათვალისწინებით იქნა გამოთვლილი შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება. მოწმის სახით დაკითხულმა შემფასებელმა კი განმარტა, რომ იმ ნაკვეთების საკადასტრო კოდები, რომლებიც გამოყენებულ იქნა ანალოგების სახით, შემფასებლისთვის ცნობილი არასოდეს ყოფილა; შემფასებელი არ ჩასულა სოფელ ....... შესაფასებელი ნაკვეთისა და მისი ადგილმდებარეობის ვიზუალური დათვალიერებისათვის და საკუთარი დასკვნა დააფუძნა მხოლოდ ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადებების ავტორებთან სატელეფონო გასაუბრებით მიღებულ ინფორმაციას (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი, ტ. 1. ს. ფ. 298-310).

40. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დანიშნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აპრილის №5002146318 დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექსპროპრიაციის პერიოდისათვის, ე.ი. 2017 წლის 6 აპრილისათვის, საორიენტაციოდ შეადგენდა 54 000 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 330-338). ამავდროულად, საქმეში წარდგენილი შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ მიერ 2016 წლის 15 ნოემბერს მომზადებული შეფასების ანგარიშის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 55 566 ლარს შეადგენდა (ტომი 1, ს.ფ. 212-231).

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

42. ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არცერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

43. მოსარჩელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნისა და ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადასტურება.

44. იმ პირობებში, როდესაც კასატორმა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ ქონების საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენდა, საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა.

45. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მიერ ქონების შეძენისას გადახდილი თანხის ოდენობა. საქმეში წარდგენილი 2014 წლის 27 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო ქონება მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა 25 000 აშშ დოლარად. საქმეში წარდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების შეძენის დროისათვის აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.7525 ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით (ექსპროპრიაციის განხორციელების დროისათვის) - 2.4256 ლარს, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოფილი მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 43 812.5 ლარს შეადგენდა, ხოლო ექსპროპრიაციის მომენტისათვის - 60 640 ლარს. სახელმწიფოს მხრიდან სადავო ქონების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადახდილია 55 566 ლარი, ანუ 5 074 ლარით ნაკლები მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით. სწორედ ეს თანხა დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ექსპროპრიაციის განხორციელებისათვის ჩამორთმეული ქონების სრული და სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა.

47. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე.

48. საკასაციო საჩივარი ექსპროპრიაციის განხორციელებისათვის საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ №ას-804-2019, 26 ივნისი, 2020 წელი; №ას-742-742-2018, 5 მარტი, 2021 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციის დაკისრების ნაწილში დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

51. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ა–ის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, ცნობილ იქნას დასაშვებად;

2. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი