Facebook Twitter

საქმე №ას-592-2019 30 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზუგდიდში, სოფელ ....... მდებარე 501 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ: ....) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ნ.ა–ის სახელზე (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ყოფილი მესაკუთრე“). ამჟამად სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად.

2. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოიწონა ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო-ჩარჩო დოკუმენტი და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელთა შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 21 ივნისის №1-1/263 ბრძანებით ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ნივთებზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „ექსპროპრიატორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) განცხადება დაკმაყოფილდა და ექსპროპრიატორს, ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნითა და ზემოქმედების ზოლში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე.

5. 2017 წლის 6 აპრილს მოსარჩელეს ჩაბარდა გამოსყიდვის შეთავაზების წერილი, რომლის თანახმად, ექსპროპრიატორი, წარმოდგენილი უფლებამოსილი კონტრაქტორის - შპს „დ.ზ. და გ.ს. ს.ც.გ–ის“ მიერ მოსარჩელეს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, სთავაზობდა საკომპენსაციო თანხას 55 566 ლარის ოდენობით. 2017 წლის 6 აპრილის წერილით მოსარჩელემ უარი განაცხადა ანაზღაურების მიღებაზე, რამდენადაც მიიჩნია, რომ მისთვის შეთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა მესაკუთრის მიერ ქონების შეძენის დროს გადახდილ თანხასა და შეთავაზების დროისათვის არსებულ საბაზრო ღირებულებას. 2017 წლის 5 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით ექსპროპრიატორს და მოითხოვა საკომპენსაციო თანხის გაზრდა, რამდენადაც მიიჩნევდა, რომ შეთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა არც სამართლიანობის პრინციპს, არც საბაზრო ფასსა და არც დოლარის კურსის ცვალებადობას.

6. 2017 წლის 3 ოქტომბერს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ქონების შეთავაზებული საკომპენსაციო ღირებულების მიღებისათვის საჭირო იყო საბანკო რეკვიზიტების წარდგენა.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების სანაცვლოდ მოპასუხისათვის 94 434 ლარის დაკისრების თაობაზე.

8. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 27 ოქტომბრიდან მოსარჩელე წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე 501 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუმცა 2017 წლის 4 აგვისტოს მას აღნიშნული ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოართვა სახელმწიფომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის - ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ქონების საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა (55 566 ლარი) არ არის სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვადარატული მეტრის ღირებულება 100 დოლარს შეადგენს. მოსარჩელემ წარადგინა უძრავი ქონების შემფასებლის დასკვნაც, რომლის მიხედვით, სადავო ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 150 000 ლარია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნაკვეთის საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა თუნდაც იმიტომ არ არის სრული და სამართლიანი ანაზღაურება, რომ ის 4 000 დოლარით ნაკლებია 2014 წელს ნაკვეთის შეძენისას მოსარჩელის მიერ გადახილ თანხაზე - 25 000 დოლარზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სამართლიანი საბაზრო საკომპენსაციო თანხის მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტებს: ექსპროპრიატორმა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა განახორციელა თავის კონტრაქტორ ორგანიზაციასთან, შპს „დ.ზ. და გ.ს. ს.ც.გ–თან“ თანამშრომლობით. საკომპენსაციო თანხების განსაზღვრამდე მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სრული და სამართლიანი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობდა სამუშაო და თითოეული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, სადავო მიწის ნაკვეთიც შეფასდა და საკომპენსაციო თანხის ოდენობა დადგინდა უძრავი ნივთის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების თაობაზე არ ასახავს სადავო უძრავი ნივთის რეალურ საბაზრო ღირებულებას, რამდენადაც ის არ არის შედგენილი უძრავი ნივთის შეფასებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მოთხოვნათა დაცვით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 074 ლარის ანაზღაურება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად მართებულად დანიშნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აპრილის №5002146318 დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექსპროპრიაციის პერიოდისთვის, ე.ი. 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 54 000 ლარს. ამავდროულად, საქმეში წარდგენილი შპს „დ.ზ. და გ.ს. ს.ც.გ–ის“ მიერ 2016 წლის 15 ნოემბერს მომზადებული შეფასების ანგარიშის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 55 566 ლარს შეადგენდა.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავაში აპელანტის პროცესუალური ვალდებულება სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა იყო, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მისივე მითითების შესაბამისად, 150 000 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია. საქმეში წარდგენილია მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 100 დოლარია და 2017 წლის 15 ივნისის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება 150 000 ლარია.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენდა, თუმცა სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მან ექსპროპრიაციის საკომპენსაციოდ ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხა მიიღო, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით, სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ვერ განიხილება შესაბამის კომპენსაციად.

17. სააპელაციო პალატამ მიუთითა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის განსასაზღვრად უპირატესია სამართლიანობის პრინციპის დაცვა, ვიდრე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.

18. სააპელაციო სასამართლომ მხარისათვის გადასაცემი სამართლიანი კომპენსაციის დასადგენად, გარდა ექსპერტიზის დასკვნებისა, იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი, 2014 წლის 27 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, სადავო ქონება მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა 25 000 აშშ დოლარად. საქმეში წარდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების შეძენის დროისათვის აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.7525 ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით (ექსპროპრიაციის განხორციელების დროისათვის) - 2.4256 ლარს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 43 812.5 ლარს შეადგენდა, ხოლო ექსპროპრიაციის მომენტისათვის - 60 640 ლარს. ამავდროულად, დადგენილია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სადავო ქონების სანაცვლოდ მოსარჩელეს 55 566 ლარი, ანუ 5 074 ლარით ნაკლები გადაეცა.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს არა ექსპერტის ან სპეციალისტთა მიერ მითითებული თანხა, არამედ უნდა მიეცეს კომპენსაცია იმ ოდენობით, რომ მან შეძლოს ქონების შეძენის დროს გადახდილი თანხის ანაზღაურება მაინც. მხოლოდ მსგავსი ანაზღაურება შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან ანაზღაურებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს ის თანხაც კი ვერ აუნაზღაურდება, რაც მან მითითებული ქონების შეძენისას გაიღო.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 12 თებერვალს მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 354, 97 ლარის გადახდა მოსარჩელის სარჩელისა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3 000 ლარისა და 2 000 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და წარდგენილი ჰქონდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა მის მიერ თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრების წარუდგენლობის პირობებში, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

23.1. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს უსაფუძვლოდ დააკისრა 5 074 ლარის გადახდა. შპს ,,დ.ზ. და გ.ს. ს.ც.გ–ის“ მიერ განხორცილებული გამოსასყიდი მიწის ნაკვეთის შეფასების დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი შეფასების მეთოდოლოგია ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმაში, აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით სადავო უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 55 566 ლარი;

23.2. საქართველოს კონსტიტუციისა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სათანადო კომპენსაცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენას გულისხმობს, ხოლო თავის მხრივ, საბაზრო ღირებულების დასადგენად, აუცილებელია ექსპროპრიაციის განხორციელების დროისათვის ქონების საექსპერტო კვლევა, რაც განხორციელდა კიდეც როგორც კასატორის მიერ წარდგენილი დასკვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით;

23.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა საქმეში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და განმარტა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ექსპროპრიატორის ვალდებულება - გადაუხადოს მესაკუთრეს სამართლიანი ანაზღაურება ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, გულისხმობს ჩამორთმეული ქონების სამართლიანი ანაზღაურების გადახდას ექსპროპრიაციის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, ექსპროპრიატორს არ უნდა დაეკისროს ვალდებულება, გადაუხადოს მესაკუთრეს სულ მცირე ის ღირებულება, რომელიც მესაკუთრემ შესაძლოა გადაიხადა ჩამორთმეულ ქონებაში ექსპროპრიაციამდე სამი წლით ადრე, ვინაიდან არ არსებობს ექსპროპრიატორზე აღნიშნული ვალდებულების დაკისრების შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები;

23.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტთა განმარტებით, როდესაც დგინდება ქონების საბაზრო ღირებულება, ექსპერტის კვლევის საგანს წარმოადგენს ექსპროპრიაციის განხორციელების მომენტისათვის ბაზრის მაშტაბური კვლევა (განისაზღვრება უძრავი ნივთის ფასის ცვლილების ერთი წლის დინამიკა). მოცემულ შემთხვევაშიც განისაზღვრა შეფასების დროისათვის - 2016 წლის ნასყიდობის ყველა ტრანზაქცია და არ იქნა გათვალისწინებული 2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ინფორმაცია, რამდენადაც უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება არ განისაზღვრება 2-3 წლის წინ ამავე ქონებაზე გადახდილი საფასურით, ვინაიდან უძრავ ნივთის ფასს ყოველთვის გარკვეული დინამიკა ახასიათებს; ზემოაღნიშნული განმარტების თანახმად, 2014 წელს მოსარჩელის მიერ გადახდილი ფასი არათუ ქონების სამართლიან ანაზღაურებად მოიაზრება, არამედ უხეშად ლახავს ექსპროპრიატორის უფლებას ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ გადაიხადოს ამ ქონების საბაზრო ღირებულება, ვინაიდან ექსპროპრიაციის განხორციელების მომენტისათვის ქონების საბაზრო ღირებულება, უძრავი ქონების ფასების ცვლილების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლოა ბევრად ნაკლები იყოს, ოდესღაც ამ ქონებაში მესაკუთრის მიერ გადახდილ ფასზე;

23.5. სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის შედეგები ამყარებს და ადასტურებს შპს ,,დ.ზ. და გ.ს. ს.ც.გ–ის“ მიერ მოსარჩელისათვის შეთავაზებული ანაზღაურების სამართლიან ოდენობას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ფიზიკური პირისათვის ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა.

29. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოცემული დავის სპეციფიკურ სამართლებრივ ასპექტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოწესრიგებულ სფეროს განეკუთვნება.

30. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული კანონმდებლობის სხვა დანაწესებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს რა საკუთრების უფლებას, იგი აბსოლუტურ უფლებათა რანგში არ არის აყვანილი და თავადვე განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის წინაპირობებს. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის წინაპირობები არ არის უცხო თანამედროვე სამართლებრივი სისტემებისათვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლისათვის, რომელიც ასევე დასაშვებად მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვას, თუმცა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კანონიერება პროპორციულობის ტესტით (ჩარევა უნდა იყოს განსაზღვრული კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას; იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი/პროპორციული საშუალება _ ამ მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა შეიძლებოდეს) უნდა შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ჩარევის წინაპირობები სადავო არაა, არამედ სადავოა მოპასუხისათვის დაკისრებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა.

32. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპროპრიაცია განხორციელდა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე (....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ექსპროპრიატორის განცხადება და მას, ....... ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ზემოქმედების ზოლში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

33. სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას შემდეგნაირად განმარტავს: ექსპროპრიაცია – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (იხ. სუსგ №ას-727-695-2014; 2016 წლის 15 ივლისი).

34. საკუთრების ჩამორთმევისას საერთაშორისო სამართალი, მსგავსად შიდა სამართლებრივი მოწესრიგებისა, ადგენს სამართლიანი კომპენსაციის გაცემის აუცილებლობას [იხ. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი].

35. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს ადგენს სპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

36. სპეციალური კანონით აკრძალულია საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისათვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ.

37. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

38. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სწორედ სპეციალური კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დაწყებული დავა ჩამორთმეული ქონების ყოფილ მესაკუთრესა და ექსპროპრიატორს შორის. საკასაციო საჩივრით კი სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის - 5 074 ლარის დაკისრება.

39. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო. განსახილველი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღჭურვილია უფლებით, განსაზღვროს სამართლიანი კომპენსაციის ოდენობა, რომლის დროსაც იგი უფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დანიშნოს ექსპერტიზა. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს აგრეთვე ექსპერტის დასკვნის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზე [სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლები], რა დროსაც სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით უნდა მიიღოს მხარეთა პოზიციები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბოლოოდ, მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლით განსაზღვროს ქონების სამართლიანი ღირებულება (იხ. სუსგ საქმე N250-2019, 31 ივლისი, 2020 წელი).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი ფასი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რომელიც საექსპერტო კვლევასთან ერთად მხედველობაში იღებს მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.

41. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აპრილის №5002146318 დასკვნის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექსპროპრიაციის პერიოდისთვის, ე.ი. 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ 54 000 ლარს, ხოლო შპს ,,დ.ზ. და გ.ს. ს.ც.გ–ის“ დასკვნის თანახმად, 55 566 ლარს შეადგენდა. ექსპროპრიატორის მიერ მოსარჩელისათვის უკვე გადახდილია 55 566 ლარი.

42. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ საკომპენსაციო თანხის გამოთვლისას სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის დამატებით 5 074 ლარის დაკისრებას.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

44. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არცერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

45. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციისას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლო არ არის შებოჭილი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებით, არამედ სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით უნდა მიიღოს მხარეთა პოზიციები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბოლოოდ, მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლით განსაზღვროს ქონების სამართლიანი ღირებულება.

46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი, ისე სპეციალური კანონი მოითხოვს ექსპროპრიაციისათვის სრულ და სამართლიან ანაზღაურებას, რაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ იქნება განსაზღვრული. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ქონება მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა 25 000 აშშ დოლარად. საქმეში წარდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების შეძენის დროისათვის აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით შეადგენდა 1.7525 ლარს, ხოლო 2017 წლის 30 მაისის მდგომარეობით (ექსპროპრიაციის განხორციელების დროისათვის) - 2.4256 ლარს, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოფილი მესაკუთრის მიერ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 43 812.5 ლარს შეადგენდა, ხოლო ექსპროპრიაციის მომენტისათვის - 60 640 ლარს. სახელმწიფოს მხრიდან სადავო ქონების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადახდილია 55 566 ლარი, ანუ 5 074 ლარით ნაკლები. სწორედ ამ თანხებს შორის სხვაობის ანაზღაურებას წარმოადგენს მოპასუხისათვის 5 074 ლარის დაკისრება.

47. საკასაციო სასამართლოს იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ანაზღაურება, რომელიც არ ფარავს საექსპროპრიაციო ქონების შეძენის დროს გადახდილ თანხას, ვერ ჩაითვლება სრულ და სამართლიან ანაზღაურებად. ყოფილმა მესაკუთრემ უნდა შეძლოს საექსპროპრიაციო ქონებაში გადახდილი თანხის ანაზღაურება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს 2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 074 ლარი.

48. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

49. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-742-742-2018, 5 მარტი 2021 წელი; სუსგ საქმე №ას-804-2019, 26 ივნისი 2020 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი