საქმე №ას-712-2021 1 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ზ.კ–ა, ნ.კ–ა, ს.კ–ა, ნ.თ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ძ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.ძ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.კ–ას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ.კ–ას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ს.კ–ასა (შემდგომში -„მესამე მოპასუხე“) და ნ.თ–ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „განმცხადებლები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით კი იგი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მეორე მოპასუხეს მოპასუხეთა მიერ მითითებულ მისამართზე 2021 წლის 18 მაისს ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
8. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, თუმცა 2021 წლის 25 მაისიდან ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალება, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ვებ-გვერდზე შეძლებდნენ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განცხადების ატვირთვას. 2021 წლის 27 მაისს მოპასუხეთა ახლობელმა აპარატიდან პირველი მოპასუხის მონაცემების გათვალისწინებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სადაც დაფიქსირდა დანიშნულებაც. შესაბამისად, განმცხადებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ბაჟი ავტომატურად აისახებოდა სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე და მათ აღმოფხვრილად ჩაეთვლებოდათ დადგენილი ხარვეზი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მათი მხრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორთა მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების/ ბაჟისგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეებს 2021 წლის 14 მაისს გაეგზავნათ და ამავე წლის 18 მაისს ჩაბარდათ (იხ. ს.ფ. 104-105), თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ.
16. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ისინი 2021 წლის 25 მაისიდან იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალებები, რის გამოც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე აეტვირთათ განცხადება და შეევსოთ ხარვეზი. შესაბამისად, განმცხადებლები ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებენ.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რამდენადაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.
18. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1) შუამდგომლობის/განცხადების წარდგენა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2) აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ამას გარდა, სასამართლოს ამგვარი ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა უნდა შეექმნას.
19. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლები უთითებენ, რომ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარდგენილა. ამასთან, მართალია კერძო საჩივარს თან ახლავს საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ პირველმა მოპასუხემ 2021 წლის 27 მაისს (სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების დადგენილ ვადაში) გადაიხადა ბაჟი, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ აღნიშნული ქვითრის სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენა 2021 წლის 28 მაისის 24:00 საათამდე მხარისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო. აპელანტებს არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენიათ, რომ სასამართლოსთან დაკავშირება არ შეეძლოთ. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას, რომ სასამართლოსთან დაკავშირება/განცხადების ატვირთვა ტექნიკური საშუალების უქონლობის გამო ვერ შეძლეს (იხ. სუსგ საქმე №ას-158-2021, 3 აგვისტო 2021 წელი). ამას გარდა, საქმის მასალებში მოიპოვება მოპასუხეთა მიერ 2021 წლის 16 თებერვალს ს.ქ–ას, შ.გ–ძისა და მ.ჯ–ის სახელზე 5 წლის ვადით გაცემული მინდობილობები (იხ. ს.ფ. 59-62), რომელთა გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარდგენილა, შესაბამისად, განმცხადებლებს შეეძლოთ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედების წარმომადგენლის მეშვეობით შესრულებაც.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, შესაბამისად, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
21. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
24. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
25. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება პირველ მოპასუხეს 2021 წლის 6 აპრილს ჩაბარდა, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებს გაეგზავნათ 2021 წლის 19 მარტს და ჩაბარდათ ამავე წლის 26 მარტს (იხ. ს.ფ. 82, 83, 85,86). შესაბამისად, მეორე და მესამე მოპასუხეთათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა 2021 წლის 27 მარტს დაიწყო და ამავე წლის 12 აპრილს ამოიწურა, რამდენადაც ვადის უკანასკნელი დღე - 9 აპრილი წარმოადგენდა დასვენების დღეს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 14 აპრილს, მეორე და მესამე მოპასუხეთათვის განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ პირველი და მეოთხე მოპასუხეების ნაწილში მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. რაც შეეხება მეორე და მესამე მოპასუხეებს მათ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით აქვთ წარდგენილი.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.კ–ას, ნ.კ–ას, ს.კ–ას და ნ.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი