საქმე №ას-1048-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ვ.დ.ჯ.გ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომ - მოსარჩელე, სამინისტრო, შემსყიდველი, აპელანტი, კასატორი) და შპს ,,ვ.დ.ჯ.გ–ს“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მიმწოდებელი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2018 წლის 14 მარტს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №563 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა პირადი ჰიგიენის საშუალებების (ხელსახოცების) შესყიდვა.
2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოქმედების ვადა 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა, ხოლო ჯამური ღირებულება - 68 676 ლარით.
3. შემსყიდველმა აიღო ვალდებულება, მიმწოდებლისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება გადაეხადა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან - 20 სამუშაო დღის ვადაში.
4. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად, საქონლი უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
5. ხელშეკრულების 16.8. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისთვის, მიმწოდებელს (მოპასუხეს) დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების - 10%, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%.
6. მოპასუხემ შესყიდვის ობიექტი მოსარჩელეს ვადაგადაცილებით მიაწოდა, კერძოდ, მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, თუმცა 8639.44 ლარის საქონელი პირველად სამინისტროს მიაწოდა 2018 წლის 5 ნოემბერს, ვადას გადააცილა 22 დღით; მეორედ 2018 წლის 12 ნოემბერს (ღირებულება - 975.20 ლარი), 29 დღის ვადაგადაცილებით; მესამედ 2018 წლის 20 ნოემბერს (ღირებულება - 16 537.18 ლარი), 37 დღის ვადაგადაცილებით; მეოთხედ - 2018 წლის 21 ნოემბერს (ღირებულება - 260.97 ლარი), 38 დღის ვადაგადაცილებით; მეხუთედ - 2018 წლის 20 ნოემბერს (ღირებულება - 686.76 ლარი), 40 დღის ვადაგადაცილებით; მეექვსედ - 2018 წლის 26 ნოემბერს (ღირებულება - 7829.06 ლარი), ვადაგადაცილება - 43 დღით; მეშვიდედ - 2018 წლის 27 ნოემბერს (ღირებულება - 3296.45 ლარი), ვადაგადაცილება 44 დღით; მერვედ - 2018 წლის 29 ნოემბერს (ღირებულება - 1648.22 ლარი), ვადაგადაცილება - 46 დღით; მეცხრედ - 2018 წლის 5 დეკემბერს (ღირებულება - 13790.14 ლარი), ვადაგადაცილება 52 დღით; მეათედ - 2018 წლის 12 დეკემბერს (ღირებულება 1648.22 ლარი), ვადაგადაცილება 59 დღით; მეთერთმეტედ - 2018 წლის 13 დეკემბერს (ღირებულება - 8584.50 ლარი), ვადაგადაცილება - 60 დღით; მეთორმეტედ - 2018 წლის 17 დეკემბერს (ღირებულება - 4779.85 ლარი), ვადაგადაცილება 64 დღით.
7. 2018 წლის 6 თებერვალს, N563-1 აქტით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №563 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ გაცემული ყოველი კონკრეტული დავალების ვადის გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ჯამურად - 6120.83 ლარი.
8. მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლოდან გადახდილი აქვს - 1725.5 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნა:
9. სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვა, ამ უკანასკნელს მიწოდების ვადის დარღვევისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო - 6120.83 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს საქონლის ვადაგადაცილების მიწოდებისათვის რაიმე ზიანი არ მისდგომია, ამასთან, გარკვეული შეფერხებები არსებობდა თურქეთიდან, საიდანაც კომპანიას ძირითადი ნედლეული შემოაქვს შემდგომი პროდუქციის საწარმოებლად.
11. მოპასუხის მითითებით, კომპანიამ სამინისტროს პირგასამტეხლო - 1725.5 ლარი გადაუხადა, რისი გათვალისწინებითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კომპანიას 1000 ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ასევე - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (68 676 ლარი) გათვალისწინებითა და დაკისრებული პირგასამტეხლოდან მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი 1725.5 ლარის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 6120.83 ლარი შემცირებას ექვემდებარება.
15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის პრეტენზია, რომლის თანახმად, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, და მისი გადახდა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხარეს უპირობოდ ეკისრებოდა, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მხოლოდ ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობა არ არის საკმარისი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს დასაკისრებლად. სასამართლოს განმარტებით, აპელანტის ამგვარი პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება, თუკი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეტენზია საწინააღმდეგო იქნება საქმეში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზე დამყარებულ სასამართლოს შეფასებებთან პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.
16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 6120.83 ლარისა, სწორად განსაზღვრა 1000 ლარით, რაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი სადავო არ გამხდარა, ამასთან, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ასეთი კი შეიძლება იყოს: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესები.
19. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს ის გარემოებები, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა პირგასამტეხლოს შემცირებას.
20. კასატორი სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, ამასთან, დადგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 68 676 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, რის გამოც კასატორმა 6120.83 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა.
27. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
28. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 1000 ლარი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომაც ძალაში დატოვა.
29. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
31. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
33. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
34. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
35. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
36. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 6120.83 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
37. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დარღვევის სამძიმესა და მოცულობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, ასევე იმ გარემოებასაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გადახდილი აქვს კასატორისათვის პირგასამტეხლო 1725.5 ლარი, რაც დაკისრებული 1000 ლარის ჩათვლით, 2725.5 ლარია და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
38. საკასაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მართებულად მიიღეს მხედველობაში ვალდებულების დაგვიანების შედეგად ზიანის არარსებობის ფაქტიც.
39. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-186-2021, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).
42. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
44. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე