საქმე №ას-161-2020
26 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი შპს ,, ა–ი ..“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე გ.ო–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
გ.ო–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ა–ი ..-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
შპს ,,ა–მა ..-მა“ მოსარჩელის მიმართ შეიტანა შეგებებული სარჩელი წინარე ხელშეკრულების 2.5 პუნქტის ბათილად ცნობისა და უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე.
მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ა– ..-ს“ გ.ო–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სანაცვლოდ 30000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა–მა ..-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ა–ი ..-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ა–ი ..-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.ო–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს ,,ა. ..-ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარი და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამისი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
2020 წლის 10 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა განცხადება, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით შპს ,,ა. ..-ს’’ გაუგძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა შესაბამისი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი.
2020 წლის 13 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით შპს ,,ა–მა ..-მა” წარმოადგინა განცხადება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით შპს ,,ა–ი ..-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
2021 წლის 22 ოქტომბერს, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შპს ,,ა–ი ..’’-ის დირექტორმა და რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა, შპს ,, ა–ი ..-ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,, ა–ი ..-ის“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
განსახილველ შემთხვევაში კასატორმა წერილობით განმარტა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, უარს ამბობს აღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შპს ,, ა–ი ..-ის“ მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასაციაზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1500 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,, ა–ი ..-ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს ,, ა–ი ..-ის“ საკასაციო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებასთან დაკავშირებით.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
5. შპს ,, ა–ი ..-ს“ (ს.ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 10 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 500 ლარი (საგადახდო დავალება 9267813749, სს ,,საქართველოს ბანკი’’).
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე