27 ოქტომბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-261-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ა.ს.ც–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ზ.ი–ი, მ.მ–ი, ლ.ა–ნი, მ.ტ–ნი, ნ.ჭ–ძე, თ.გ–ი, მ.ბ–ი, ნ.მ–ძე, ვ.მ–ძე, ნ.კ–ვა, მ.ჯ–ძე, მ.მ–ი, დ.შ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.ი–მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან პირველი დასაქმებული) შპს „ა.ს.ც–ში“ (შემდეგში - მოპასუხე, კომპანია ან დამსაქმებელი) მუშაობა დაიწყო 2015 წლის იანვრიდან, მედდის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის მაისში გადაიყვანეს ანესთეზიის მედდად და მისი საშუალო ხელფასი 356 ლარს შეადგენდა.
2. მ.მ–მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მეორე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2013 წლის 28 მაისს, ბებიაქალის პოზიციაზე, და, მისი საშუალო ხელფასი იყო 279 ლარი.
3. ლ.ა–მა (შემდეგში - მესამე მოსარჩელე ან მესამე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2013 წლის 28 მაისს, ახალშობილთა მედდის თანამდებობაზე და, მისი საშუალო ხელფასი იყო 378 ლარი.
4. მ.ტ–ნმა (შემდეგში - მეოთხე მოსარჩელე ან მეოთხე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2015 წლის 16 ივნისს, საოპერაციო მედდის და ბებია ქალის პოზიციებზე და, მისი ხელფასი შეადგენდა ფიქსირებულ 200 ლარს, ასევე, გამომუშავებულ თანხას, საშუალოდ 300 ლარს.
5. ნ.ჭ–ძემ (შემდეგში - მეხუთე მოსარჩელე ან მეხუთე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2015 წლის აპრილიდან, საოპერაციოს მორიგე მედდის პოზიციაზე და, მისი საშუალო ხელფასი იყო 285 ლარი.
6. თ.გ–ი (შემდეგში - მეექვსე მოსარჩელე ან მეექვსე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობდა ბლოკის მორიგე სანიტრის პოზიციაზე და მისი საშუალო ხელფასი იყო 204 ლარი.
7. მ.ბ–მა (შემდეგში - მეშვიდე მოსარჩელე ან მეშვიდე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2013 წლის 28 მაისს, მედდის პოზიციაზე და, მისი საშუალო ხელფასი იყო 300 ლარი.
8. ნ.მ–ძემ (შემდეგში - მერვე მოსარჩელე ან მერვე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო საოპერაციო მედდის პოზიციაზე და მისი საშუალო ხელფასი იყო 285 ლარი.
9. ვ.მ–ძემ (შემდეგში - მეცხრე მოსარჩელე ან მეცხრე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2013 წლის მაისში, საოპერაციო მედდის თანამდებობაზე და, მისი საშუალო ხელფასი იყო 298 ლარი.
10. ნ.კ–ვმა (შემდეგში - მეათე მოსარჩელე ან მეათე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2013 წელს, საოპერაციო მედდის თანამდებობაზე და, მისი საშუალო ხელფასი იყო 302 ლარი.
11. მ.ჯ–ძემ (შემდეგში - მეთერთმეტე მოსარჩელე ან მეთერთმეტე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2015 წლის ოქტომბრიდან, ანესთეზიის მედდის პოზიციაზე. მისი საშუალო ხელფასი იყო 296 ლარი.
12. მ;მ–ი (შემდეგში - მეთორმეტე მოსარჩელე ან მეთორმეტე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობდა ანესთეზიის მორიგე მედდის პოზიციაზე, 2009 წლიდან და, მისი საშუალო ხელფასი იყო 637 ლარი.
13. დ.შ–ძემ (შემდეგში - მეცამეტე მოსარჩელე ან მეცამეტე დასაქმებული) დამსაქმებელთან მუშაობა დაიწყო 2013 წლის 28 მაისიდან, დღის მედდის თანამდებობაზე და, მისი საშუალო ხელფასის ოდენობა იყო 516 ლარი.
14. მეორე მოსარჩელეს, მესამე მოსარჩელესა და მერვე მოსარჩელეს, დამსაქმებელმა 2019 წლის იანვარში, წერილობით შეატყობინა, 30 დღის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, ამასთან, მოპასუხემ მეოთხე მოსარჩელესა და მეექვსე მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე, თუმცა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად 2018 წლის 14 დეკემბერს შეწყდა.
15. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომლითაც სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოითხოვეს.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
16.1. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 357 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.2. მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 310.65 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კომპენსაციის - 279 ლარისა და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.3. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2 628 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კომპენსაციის - 378 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.4. მოპასუხეს მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 4 013.85 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კომპენსაციის - 600 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან, ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.5. მოპასუხეს მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2 820.10 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.6. მოპასუხეს მეექვსე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2 161.82 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კომპენსაციის - 408 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.7. მოპასუხეს მეშვიდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 150.17 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.8. მოპასუხეს მერვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 7 878.35 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კომპენსაციის - 285 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.9. მოპასუხეს მეცხრე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2 748.20 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.10. მოპასუხეს მეათე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 142.20 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.11. მოპასუხეს მეთერთმეტე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 194.15 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.12. მოპასუხეს მეთორმეტე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 108.91 ლარისა და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
16.13. მოპასუხეს მეცამეტე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 4 592.19 ლარისა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) და პირგასამტეხლოს გადახდა, ამ თანხის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 14 დეკემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
18.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. უწინარესად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას არ უარყოფდა და მხოლოდ მის ოდენობას არ ეთანხმებოდა. მოპასუხემ, თავისი პოზიციის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად მიუთითა აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ აუდიტორულ დასკვნაზე და ხსენებულ დასკვნაში აღნიშნული მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანება აღიარა.
18.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების ზემოაღნიშნული მტკიცებულებით განსაზღვრა შეუძლებელი იყო. აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ ხსენებული დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ არასრულყოფილად ნაწარმოები დოკუმენტების გამო, ზუსტად ვერ განისაზღვრებოდა, თუ რა ოდენობის სახელფასო დავალიანება ჰქონდა დამსაქმებელს. შესაბამისად, მოსარჩელეთა წინაშე მოპასუხის დავალიანება, სარჩელში მითითებული ოდენობებით უნდა დადგენილიყო.
18.3. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელეთათვის შრომითი გასამრჯელოს დაყოვნების ფაქტი გამოიკვეთა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია პირგასამტეხლოს ნაწილშიც (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის 41.4 მუხლი).
18.4. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა. დასახელებულ ნაწილში სასამართლოს დასკვნა მის მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ გარემოებას დაეფუძნა: მეორე მოსარჩელეს, მესამე მოსარჩელესა და მერვე მოსარჩელეს, დამსაქმებელმა 2019 წლის იანვარში, წერილობით შეატყობინა, 30 დღის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მეოთხე მოსარჩელესა და მეექვსე მოსარჩელეს, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე, თუმცა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად 2018 წლის 14 დეკემბერს შეწყდა. მოცემულ ნაწილში სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 38.1 და 38.2 მუხლების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამსაქმებელმა საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
19.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ფორმალური მართლმსაჯულება განახორციელა, რაც გამოიხატა, პალატის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 390.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრული სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციისა და კომპეტენციის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში. განსახილველ საქმეზე მართლმსაჯულების ფორმალურად განხორციელებას ადასტურებს, კასატორის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა სრულყოფილად შესწავლისა და საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით სწორად შეფასების შემთხვევაში, საქმეზე არსებითად სხვაგვარი გადაწყვეტილება გამოვიდოდა.
19.2. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის გაუთვალისწინებლობა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა შემოწმებისას მხედველობაში მიიღო.
19.3. მოსარჩელეთაგან მხოლოდ ორ პიროვნებას აქვს ხელმოწერილი მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ორი პირის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. რაც შეეხება დანარჩენ დასაქმებულებს, მათ დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულებები ხელმოწერილი არ აქვთ, რის გამოც წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ვერ დგინდება მათ შორის შრომითი ურთიერთობის შინაარსი. მითითებული პირები, მოპასუხეს, შრომით ურთიერთობაზე ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდნენ და ხელფასების გაცემაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, აუდიტის დასკვნით დაუზუსტებელია ხელფასების გაცემის საკითხი და, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
21. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
24. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
25. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ისაა, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელეთა (დასაქმებულები) მოთხოვნა, მოპასუხისათვის (დამსაქმებელი), მათ სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა სამართლებრივი საფუძველი უნდა ვეძიოთ სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის, მიერ დამსაქმებლისათვის, სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ) მუხლში, აგრეთვე, ამავე კოდექსის 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, გადაუხადოს დასაქმებულს, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი), 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 38.1 (დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში) და 38.2 (დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში) მუხლების, სადავო ურთიერთობის წარმოშობის პერიოდში მოქმედ რედაქციებში.
რაც შეეხება სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, ესაა მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა.
26. სადავო მოთხოვნების სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხს:
არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, შრომითი დავის განხილვისას, მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება. თუკი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სსსკ-ის 102-ე მუხლი), შრომითსამართლებრივ დავებში - ეს წესი განსხვავებული და თავისებურია. დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს (შდრ. იხ.: სუსგ. №ას-108-2021, 22.04.2021; Nას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-922-884-2014, 16.04.2015).
27. მოცემულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ნაკლები ოდენობით სახელფასო დავალიანების არსებობას დაადასტურებდა, რასაც ეთანხმება საკასაციო სასამართლოც. შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ განიმარტა, მითითებული მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება სწორედ მოპასუხეს გააჩნდა. ასეთად ვერ გამოდგება საქმეში არსებული, აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ დასკვნა, რადგან მისი შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელეთა მიმართ დამსაქმებლის სახელფასო დავალიანების ზუსტად განსაზღვრა ამ მტკიცებულებით შეუძლებელია, კომპანიის მიერ არასრულყოფილად ნაწარმოები დოკუმენტების გამო. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტის - სარჩელში მითითებული ოდენობით მოპასუხის სახელფასო დავალიანების არსებობის უარსაყოფად, დამსაქმებელს არც საკასაციო საჩივრით არ წარმოუდგენია დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები.
28. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა, სასამართლოს, სარჩელში მითითებულზე ნაკლები ოდენობით სახელფასო დავალიანების არსებობა ვერ დაამტკიცა, რაც მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა. ეს გარემოება იმის მაუწყებელია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დამსაქმებელს სწორად დააკისრეს მოსარჩელეთა მიერ მითითებული ოდენობით სახელფასო დავალიანება.
29. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონშესაბამისია კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნათა ნაწილშიც. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი შემდეგი ფაქტრობრივი გარემოებები: 1). მოპასუხეს მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანება არ აუნაზღაურებია, ე.ი. მან დასაქმებულისათვის შრომითი გასამრჯელოს გაცემა დააყოვნა; 2). მეორე მოსარჩელეს, მესამე მოსარჩელესა და მერვე მოსარჩელეს, დამსაქმებელმა 2019 წლის იანვარში, წერილობით შეატყობინა, 30 დღის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მეოთხე მოსარჩელესა და მეექვსე მოსარჩელეს, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე, თუმცა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად 2018 წლის 14 დეკემბერს შეწყდა. ეს გარემოებები საფუძველს ქმნიდა იმისათვის, რომ სარჩელი კომპენსაციისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნათა ნაწილებშიც დაკმაყოფილებულიყო (სშკ-ის 34-ე, 38.1 და 38.2 მუხლები).
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
33. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 1 627.43 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 488.23 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.ს.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ა.ს.ს–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი-TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1 627.43 ლარის 30%-ის - 488.23 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე