Facebook Twitter

საქმე №ას-268-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ ,,მ-ა.ე.ს–ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ბ–ი, ქ.ა–ი, გ.ლ–ძე, ი.წ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ბ–მა (შემდგომ - პირველი მოსარჩელე), ქ.ა–მა (შემდგომ - მეორე მოსარჩელე), გ.ლ–ძემ (შემდგომ - მესამე მოსარჩელე) და ი.წ–მა (შემდგომ - მეოთხე მოსარჩელე, ასევე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც - დასაქმებულები, მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ „მ-ა.ე.ს–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, სასახლე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელეები ათეული წლის განმავლობაში დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში ისინი მიიჩნეოდნენ პროფესიონალებად და ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად. მოსარჩელეთა შრომითი ხელშეკრულებები დადებული იყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, დამსაქმებლის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებებით, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ-სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნტის საფუძველზე. გათავისუფლებას წინ უძღვოდა მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მიერ გამართული გასაუბრება, რომლის ობიექტურობა, ისევე, როგორც კომისიის წევრების კომპეტენტურობა, ბადებს ეჭვს. მესამე და მეოთხე მოსარჩელის პირად საქმეებში არ მოიპოვება ერთი გაფრთხილებაც კი. პირველი და მეორე მოსარჩელის პირად საქმეში დამსაქმებლის მიერ მითითებულია ისეთი დარღვევები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება. დამსაქმებელი პერიოდულად ავიწროვებდა მოსარჩელეებს და ცდილობდა, მოეძებნა მათი გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეული გასაუბრების შედეგით არ იკვეთება მოსარჩელეთა არაპროფესიონალიზმი, რადგან საერთოდ არაა ცნობილი არც ქულათა სისტემა და არც მიღებული შეფასებები.

მოპასუხეების შესაგებელი

3. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2017 წლის 31 მარტის ბრძანებით (წესდების 5.2.10 ქვეპუნქტის საფუძველზე) განისაზღვრა 2017 წლის ივნისს ორგანიზაციის საშტატო ერთეულებზე დანიშნულ თანამშრომელთა შეფასება/გასაუბრება, რომელიც ღიად და გამჭვირვალედ გაიმართა. კომისიამ გაითვალისწინა სასახლის თანამშრომელთა დამსახურება, გამოცდილება, შემოქმედებითი უნარები და პროფესიონალიზმი, რის საფუძველზეც გასაუბრება/შეფასება წარმატებით გაიარა ეროვნული სასახლის 225 თანამშრომელმა, ხოლო მათ, ვინც ვერ გადალახა და მიიღო დაბალი შეფასება, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები.

3.1. პირველი მოსარჩელე წლების მანძილზე იყო სასახლის თანამშრომელი. მის მიმართ არსებობდა უკმაყოფილო მშობელთა საჩივრები, რითაც კატეგორიულად ითხოვდნენ სასახლის ადმინისტრაციისგან ზომების მიღებას. სასახლის ადმინისტრაციამ შეისწავლა საკითხი, წარდგენილი ბრალდება საწრეო მეცადინეობის ხელის შეშლა, მების მიმართ მუქარა და ზეწოლა, პედაგოგისათვის შეუფერებელი ქცევა, სტრესული მდგომარეობის შექმნა, უსაფუძვლო ეჭვიანობა, რამაც გამოიწვია მთა გადინება. აღნიშნული ფაქტი სასახლის ადმინისტრაციის მხრიდან მოითხოვდა აუცილებელ რეაგირებას და, შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომისთვის, მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. წერილებში მითითებული საკმაოდ მძიმე ფაქტების გარდა, მოსარჩელის ქცევა და თანამშრომლებთან დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში გაუწონასწორებელი და არაადეკვატური იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფასება/გასაუბრების დროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია შეფასდა, როგორც სუსტი, არ იყო გამართული სანახაობრივი და თემატური კუთხით, მასალა ტოვებდა კოპირებულის შთაბეჭდილებას, არ იგრძნობოდა ანიმაციის წრის მთა ჩართულობა, შესაბამისად, კომისიამ შეაფასა არადამაკმაყოფილებლად.

3.2. მეორე მოსარჩელე წლების მანძილზე იყო სასახლის თანამშრომელი. იგი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ვერ ასრულებდა სრულყოფილად, კერძოდ, არ ჰქონია ურთიერთობა კაბინეტის თანამშრომლებსა და კაბინეტის ხელმძღვანელთან, არ თანამშრომლობდა ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის მეთოდისტებთან, დირექტორის მოადგილესთან, მრავალრიცხოვანი კოლექტივის უმეტეს ნაწილთან. სასახლის ადმინისტრაციას გამოყენებული აქვს არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, დირექტორის წერილობითი შენიშვნა, ბოლოს კი, საყვედური მოსარჩელის მიერ პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევის გამო. შეფასება/გასაუბრებისას მეორე მოსარჩელე აპელირებდა მხოლოდ მის მიერ გამართულ ღონისძიებებზე. რაც შეეხება მისი, როგორც ქართული ლიტერატურის უფროსი პედაგოგის საქმიანობას, ამ მიმართულებით კომისიას ჰქონდა შენიშვნები. მოსარჩელე გასაუბრებაზეც მხოლოდ პირადი და არა მების ინტერესების გათვალისწინებით ცდილობდა საკითხების წარმოჩენას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგის კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

3.3. მესამე მოსარჩელის, როგორც ფოლკლორული სტუდიის ორგანიზატორ/პედაგოგის პასუხისმგებლობაში შედიოდა საწრეო მუშაობის სწორედ წარმართვა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. შეფასება/გასაუბრების დროს მოსარჩელის პასუხი მისი სწავლების ფორმასა და მეთოდებზე არ იყო დამაჯერებელი, რაზეც კომისიას მოსარჩელის მიმართ გაუჩნდა შენიშვნები ინოვაციურ და სწავლების თანამედროვე მიდგომებთან მიმართებით.

3.4. მეოთხე მოსარჩელე არასათანადოდ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ, სასახლეში ელ. გაყვანილობის კუთხით შესასრულებელი სამუშაოების მოგვარებისას მოსარჩელე (სპეციფიკური გარემო, მაღალსიმაღლეზე ელსისტემის მოწესრიგება, ოპერატიული ქმედება) არ გამოირჩეოდა აქტიურობით ან საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას და მხოლოდ ხელშეკრულებით მოწვეული ამავე ფუნქციის შტატგარეშე თანამშრომლის დამხმარის ფუნქციებს ასრულებდა. შეფასება/გასაუბრების დროს მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სასახლეში მიმდინარე საქმიანობაში მისი სათანადოდ ჩართულობა, რის გამოც კომისიამ შეაფასა არადამაკმაყოფილებლად.

4. ამასთან, ორგანიზაციაში გაუქმებულია გათავისუფლებამდე პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობები (საშტატო ერთეულები).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით - მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ბათილად იქნა ცნობილი არასამეწარმეო დამსაქმებლის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება N323-კ მესამე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის 5 076 ლარის გადახდა მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ;

- ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება N322-კ მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის 6 102 ლარის გადახდა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ;

- ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება N312-კ პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის 5 652 ლარის გადახდა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ;

- ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება N329-კ მეოთხე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის 4 500 ლარის გადახდა მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ;

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. დამსაქმებლის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანებების თანახმად კი, მოსარჩელეები სხვადასხვა თანამდებობაზე (მესამე მოსარჩელე დაინიშნა ორგანიზაციაში ფოლკლორის კაბინეტის ღონისძიებების ორგანიზატორ/პედაგოგის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 282 ლარით. მეორე მოსარჩელე დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ქართული ლიტერატურის უფროსი პედაგოგის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 339 ლარით. პირველი მოსარჩელე დაინიშნა კინო-ფოტო სტუდია „პ–ის“ ღონისძიებების ორგანიზატორი/პედაგოგის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 314 ლარით. მეოთხე მოსარჩელე დაინიშნა ორგანიზაციის ადმინისტრაციული სამსახურის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის განყოფილების, ელ. მექანიკოსის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 250 ლარით) დასაქმებულები იყვნენ 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. წარდგენილი საქმის მასალების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატმ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო მოსარჩელეებთან ხელშეკრულებების მართლზომიერად - კანონით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის დამტკიცება. ამ მხრივ, სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის ბრძანებებზე, რომელთა თანახმად, თითოეული დასაქმებულის კვალიფიკაცია შემოწმდა სპეციალურად შედგენილი კომისიის მიერ შეფასება/გასაუბრების გზით. ამასთან, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს აფასებდა სპეციალურ ფორმულარში მითითებული 16-პუნქტიანი შეფასების კრიტერიუმებით. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ, მიუხედავად კომისიის შეფასების სარეკომენდაციო ხასიათისა, თითოეულ შემთხვევაში მოსარჩელეებთან შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სწორედ გასაუბრებაზე მიღებული არადამაკმაყოფილებელი შეფასებები. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელეებს უშუალოდ კომისიის მიერ მიღებული შეფასებები არ გაუსაჩივრებიათ, რაკი გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გასაუბრებისას გამოვლენილი მოსარჩელეთა არაკვალიფიციურობაა, სასამართლოს მიერ შესაფასებელი გარემოებაა ამ გასაუბრების ფარგლებში, რამდენად ობიექტურად იკვეთება მოსარჩელეთა არაკვალიფიციურობის საკითხი.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიას არცერთი მოსარჩელისათვის არ დაუსვამს კითხვა, არათუ წინასწარ შეფასებისთვის განსაზღვრული შეფასების კითხვარის ან მსგავსი ფორმულირების მიხედვით, არამედ იმგვარადაც კი, რომლის რეალური მიზანიც ობიექტურად იქნებოდა მოსარჩელეთა კვალიფიკაციის გამოვლენა. აღნიშნული კი, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომისიას თითოეულ კანდიდატთან მიმართებით წინასწარ ჰქონდა ჩამოყალიბებული უარყოფითი განწყობა და გასაუბრების მიზანი არც ყოფილა კანდიდატების კვალიფიკაციის მათ მიერ დაკავებულ პოზიციებთან შესაბამისობის გამოვლენა.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება პირველ და მეორე მოსარჩელესთან მიმართებით შეიცავს მითითებას ქმედებებზე, რომელთა საფუძველზეც მათ უკვე შეფარდებული ჰქონდათ დისციპლინური სახდელები. ამ ფაქტების დადასტურებას ემსახურებოდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული პირების აბსოლუტური უმრავლესობის ჩვენებებიც. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდებოდა დასაქმებულის ისეთი ქმედება, რისთვისაც მას უკვე დაეკისრა პასუხისმგებლობა, თუ ასეთი ქმედება არ იყო ჩადენილი განმეორებით და თანაც კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში (ერთი წელი). ამიტომ, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დასაქმებულების მიერ წარსულში ჩადენილი, თუნდაც დადასტურებული გადაცდომები ვერ იქნება მიჩნეული მათი სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძვლად, მით უფრო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოქმედი კოდექსის 47.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი) საფუძველზე. ნორმა გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს კონკრეტული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის პირობებში, რომელიც მოცემული დავის ფარგლებში ვერცერთი მოსარჩელის მიმართ ვერ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით.

11. სადავო გადაწყვეტილებათა მიღებისას კომისიამ იხელმძღვანელა მოსარჩელეთა პირადი საქმეებითაც, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონია შესაძლებლობა, ემსჯელა მოსარჩელეთა პირად საქმეებში დაცული მონაცემების შესაბამისობაზე კონკურსის შეფასების კრიტერიუმებთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ვერ დადასტურდა თითოეულ მოსარჩელესთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, რამაც განაპირობა გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად, გაუქმებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის, ქართული ლიტერატურის უფროსი პედაგოგის, ისევე, როგორც ფოლკლორის კაბინეტის ღონისძიებების ორგანიზატორ/პედაგოგის ადგილი. საგნობრივ და საშემსრულებლო მიმართულებებში გაერთიანებული იყო ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულება და ამ მიმართულებას ჰყავდა ერთი ხელმძღვანელი პირი. ამასთან, მოქმედი საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, მოპასუხე ორგანიზაციაში არ არსებობდა შესაბამისი პოზიციის ტოლფასი პოზიციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. მეოთხე მოსარჩელის შემთხვევაში სამუშაოს სპეციფიკიდან, ხოლო პირველი მოსარჩელის პიროვნების მიმართ საქმის განხილვისას დამსაქმებლის მიერ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სამომავლო შრომითი ურთიერთობა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მოსარჩელეთა დარღვეული უფლების რესტიტუციის საუკეთესო გზა, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხისათვის სწორედ კომპენსაციის დაკისრება იყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იყო განსაზღვრული კომპენსაცია თითოეული მოსარჩელის სახელფასო სარგოს 18 თვის ოდენობით, საიდანაც 6 თვის კომპენსაციის თანხა გათავისუფლებიდან ხელშეკრულებების ვადის გასვლამდე ასანაზღაურებელი იძულებითი განაცდურია, ხოლო 12 თვის კომპენსაცია არამართლზომიერი გათავისუფლების გამო დასაკისრებელი საკომპენსაციო თანხაა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14. კასატორის მტკიცებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ „მოსარჩელეები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში“. მოპასუხე დაფუძნდა 2015 წლის 6 მაისს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე. ამასთან, სასახლე არ არის არცერთი სხვა ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის უკავშირდება ბრძანებათა ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენასა და კომპენსაციის დაკისრების მართლზომიერებას.

15. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შეფასება-გასაუბრების კომისიის არადამაკმაყოფილებელი ქულები, თუმცა მათ კომისიის შედეგებზე არ უდავიათ. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრძანების საფუძვლის გასაჩივრების გარეშე, ფაქტობრივად ბათილად ცნეს კომისიის გადაწყვეტილებებიც.

16. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი მოსარჩელეთა პირადი საქმეები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლო არ გასცნობია მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, სასამართლო პროცესზე მოწმედ დაიკითხნენ ის პირები, რომელთა განცხადებებიც პირად საქმეში დევს და სწორედ ეს განცხადებები წარმოადგენდა ერთ-ერთ გარემოებას, რომელსაც დაეყრდნო გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიები არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღებისას.

17. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეებს კომისიის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, სასამართლოს სწორედ პირადი საქმეებით უნდა დაედგინა მოსარჩელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობებთან შესაბამისობა.

18. სასამართლოზე დაკითხული მოწმეების მიერ დადასტურდა, რომ მოსარჩელეები გამოირჩეოდნენ პედაგოგისთვის შეუფერებელი, არაეთიკური ქცევებით და უდავოა, რომ ისინი არ უნდა იკავებდნენ პედაგოგის თანამდებობას.

19. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული მუხლის გამოყენება და კომპენსაციის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ რამდენიმე კუმულაციური პირობის არსებობისას, კერძოდ, გათავისუფლების შესახებ ბრძანება ცნობილი უნდა იქნეს ბათილად და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება უნდა იყოს ვადის ფარგლებში. განსახილველ საქმეზე არ არსებობს გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, აგრეთვე, მხარეებს შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ამოწურულია.

20. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია, რომელიც მოიცავს იმ შრომის ანაზღაურებას, რასაც დასაქმებული მიიღებდა ხელშეკრულება ვადამდე რომ არ შეწყვეტილიყო. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული სახელფასო სარგოს 18 თვის ოდენობა მოიცავს: 6 თვის კომპენსაციას, გათავისუფლებიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ასანაზღაურებელ იძულებით განაცდურის და 12 თვის კომპენსაციას არამართლზომიერი გათავისუფლების გამო. სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც არასწორად განმარტა და მიუთითა კომპენსაციის ოდენობა, ვინაიდან მოსარჩელეებს გათავისუფლებიდან (2017 წლის 30 ივნისი) ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (2017 წლის 31 დეკემბერი) დარჩენილი პერიოდი შეადგენდა 6 თვეს, ხოლო, სშკ-ის 38-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლების დროისათვის ყველა მოსარჩელეს მიეცა 1 თვის შრომის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, რომც გამოვლენილიყო განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, მოსარჩელეს უნდა დაჰკისრებოდა მხოლოდ 5 თვის შრომის ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანებათა ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

27. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანებათა მიხედვით, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სშკ-ის 37-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან). მოპასუხის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთებებით კი დგინდება, რომ მოსარჩელეთა კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დადგინდა შეფასება/გასაუბრების კომისიის შედეგების საფუძველზე (რომელსაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ და მიმართეს შეფასება/გასაუბრების შედეგების გასაჩივრების საპრეტენზიო კომისიას). შესაბამისად, სასამართლოც ვალდებული იყო, დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერება სწორედ კომისიის მიერ მოსარჩელეებთან გასაუბრების შეფასება-გამოკვლევით შეემოწმებინა. ამდენად, არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ, რადგან გასაუბრების შედეგები არ გასაჩივრებულა, მასზე სასამართლოს არ უნდა ემსჯელა.

28. „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს (იხ. დირექტორის 2017 წლის 31 მარტის ბრძანება), ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რომ ქმნიდეს თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს. პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოს დასკვნას, რომ კომისიის წევრებს მოსარჩელეებისათვის არ დაუსვამთ იმგვარი შეკითხვები, რომელთა მიზანი ამ უკანასკნელთა პროფესული უნარ-ჩვევებისა თუ კვალიფიკაციის შემოწმება იქნებოდა და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებთან გასაუბრების პროცესი იყო ფორმალური მისი ხანგრძლივობისა (მაგ. მეოთხე მოსარჩელესთან გასაუბრება 2 წუთიც კი არ გაგრძელებულა) და შინაარსის გათვალისწინებით.

29. ვინაიდან სადავოა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა კანონიერება, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაუბრების კომისიის შედეგები, მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო ამ გასაუბრების პროცესის მართლზომიერების დადასტურება, რომელსაც ამგვარი შედავება არც წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ სასამართლოს შეფასება/გასაუბრების პროცესი არ უნდა შეეფასებინა.

30. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირველ და მეორე მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთებებზე, სადაც გასაუბრების კომისიის შედეგის გარდა მითითებულია, რომ პირველი მოსარჩელის შემთხვევაში - არსებობდა „არაპედაგოგიური ქცევის“ შესახებ უკმაყოფილო მშობელთა საჩივრები. ეს ფაქტი სასახლის ადმინისტრაციის მხრიდან მოითხოვდა აუცილებელ რეაგირებას და, შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომისთვის მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური. მეორე მოსარჩელის წერილობითი დასაბუთებაში მითითებულია, რომ სასახლის ადმინისტრაციას მის მიმართ გამოყენებული ჰქონდა არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო პედაგოგიური ეთიკის დარღვევის გამო მიიღო საყვედური.

31. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ( ILO-ს) N 166-ე რეკომენდაციაზე და მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია მისი მე-8 პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც, „შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან არ შეიძლება შეწყდეს სამუშაოს არადამაკმაყოფილებლად შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ გაცემული აქვს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება და დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ, რაც გასულია შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადა“. ექსპერტთა კომიტეტის განმარტებით, აღნიშნული დებულების მიზანია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი სანქციის გამოყენებამდე, როგორიცაა - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, დასაქმებულს მიეცეს შესაძლებლობა, გააუმჯობესოს სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, შესაძლებელია, კონკრეტულ-ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად ჩაითვალოს, როდესაც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ გაცემული აქვს შესაბამისი მითითება და წერილობითი გაფრთხილება და დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ, რაც გასულია შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადა (შდრ. ნ. გუჯაბიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო სტანდარტები, 2017, გვ. 238-239).

32. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელეს საყვედური გამოეცხადა 2017 წლის 12 აპრილს, ხოლო გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია ამავე წლის 30 ივნისს. ამასთან, მოპასუხე არ მიუთითებდა იმაზე, რომ დასაქმებულის მიმართ საყვედურის გამოცხადების შემდეგ, მან კვლავ განაგრძო პედაგოგიურ საქმიანობასთან შეუსაბამო ქცევა და მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები განმეორდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებამდე. შესაბამისად, სასაკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუნდაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთებაში მითითებული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამებოდეს და დამსაქმებელს მათ საფუძველზე დაედგინა დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რაკი დამსაქმებელი არ მიუთითებდა დასაქმებულის მიერ 2017 წლის 12 აპრილს შემდგომ იმავე ქმედებების გამეორებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებელს სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად ვერ შეერაცხება. მეორე მოსარჩელის შემთხვევაშიც, დამსაქმებელს არც წერილობითი დასაბუთებებში და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცება, რომ დასაქმებულმა, მიუხედავად მითითებისა, მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულება განაგრძო. მით უფრო, რომ მას საყვედური გამოეცხადა 2017 წლის 8 მაისს და თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 30 ივნისს. შესაბამისად, დასაქმებულისათვის საყვედურის გამოცხადებიდან გათავისუფლებამდე არასაკმარისი დრო იყო გასული მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას გაუმჯობესების შესაფასებლად.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, დამსაქმებელმა მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, შრომით დავებში არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყო. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015; №ას-922-884-2014, 16.04.2015). მოცემულ შემთხვევაში, პალატა ასკვნის, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები ჯეროვნად ვერ ართმევდნენ თავს ვალდებულებებს და გასაუბრებისთვის დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. ამდენად, დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელეთა გათავისუფლება არ იყო კანონიერი.

34. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელეთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება; რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოხატვაა, რომელსაც დასაქმებულთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოსდევს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა მართებულად იქნა ბათილად ცნობილი, ვინაიდან, არ დასტურდება კონკრეტული მიზეზი, რის გამოც, დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან. უფრო მეტიც, კასატორი თავად აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები შესაბამისი უნარ-ჩვევების არარსებობის საფუძვლით გათავისუფლდნენ, რაც არ გულისხმობს რაიმე კონკრეტული დარღვევის ფაქტის არსებობას. საკასაციო პალატას მიაჩნია რომ ამ თვალსაზრისით, სწორედ დამსაქმებელს უნდა ედასტურებინა კონკრეტულად რა კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა დასაქმებულმა მუშაობის პერიოდში (შედრ: სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

35. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის კვალიფიკაციის შეუსაბამობა ან/და დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად განხორციელება.

36. მოსარჩელეები რესტიტუციის სახედ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას მოითხოვდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე და მესამე მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელი იყო, ხოლო პირველი და მეოთხე მოსარჩელის შემთხევაში, აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო და რესტიტუციის საუკეთესო სახედ კომპენსაციის გადახდა მიიჩნია. გადაწყვეტილება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო რესტიტუციის სახეზე აღარ იმსჯელებს.

37. კასატორი კომპენსაციის ოდენობაზე დავობს. იგი ამტკიცებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ „მოსარჩელეები უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში“. მოპასუხე დაფუძნდა 2015 წლის 6 მაისს და ის არ არის არცერთი სხვა ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ზემოხსენებული ფაქტით იმის დადასტურება სურს, რომ, თუკი სასამართლო დასაქმებულებთან ხელშეკრულებას მხოლოდ ერთი წლით გაფორმებულად მიიჩნევდა, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა კომპენსაცია იმ ოდენობით, რასაც დასაქმებული მიიღებდა ხელშეკრულება ვადამდე რომ არ შეწყვეტილიყო (იხ. პუნქტები 14 და 20).

38. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, რომ სწორედ მოპასუხე მიუთითებს შესაგებელში თითოეულ მოსარჩელესთან მიმრთებით, რომ „უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში“. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება სხვადასხვა ცნებაა. მართალია, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს უკანონოდ გათავისუფლებული პირის ხელფასის ოდენობასა და დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელეს უნდა ემუშავა დამსაქმებელთან, თუმცა განსხვავებით განაცდურის ანაზღაურებისაგან, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გაითვალისწინება ფაქტი, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ, შეძლებისდაგვარად, უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის. კომპენსაციის ოდენობამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ №ას-387-2021, 29 ივნისი, 2021 წელი). ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს კომპენსაციის ოდენობად თითოეული მოსარჩელისათვის 18 თვის ხელფასის ტოლი თანხა.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.).

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1066.5 ლარის 70% - 746.55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ,,მ-ა. ე. ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ა(ა)იპ ,,მ-ა.ე.ს–ეს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიში №GE24NB0330100200165022, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1066.5 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 00494 / გადახდის თარიღი 23.02.2021), 70% - 746.55 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე