საქმე №ას-139-2021 5 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ო. რ.ე–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „რ.ე–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან "კრედიტორი") სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ა–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან "მოვალე") მიმართ 6044,31 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 23.01.2016წ. მხარეთა შორის დაიდო №1020705, №1020707, №1020709, №1020711 და №10200715 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მოსარჩელემ მსესხებელს 6 თვის ვადით სესხად გადასცა ჯამში 9533,00 აშშ დოლარი. თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლის ოდენობა განისაზღვრა - 1%-ით. ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ოქროს ნივთებით.
2.2. მოპასუხემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, მას არც სესხის ძირითადი თანხები და არც საპროცენტო სარგებელი არ დაუფარავს.
2.3. მსესხებლის დავალიანება მთლიანობაში 10 104,98 აშშ დოლარი, ხოლო დაგირავებული ნივთების საბაზრო ღირებულება, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, 4 952,07 აშშ დოლარია, რომელიც იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და დავალიანების დასაფარად მიექცევა მხოლოდ დაბეგრილი შემოსავალი - 4 060,67 აშშ დოლარი (4 952,07 -18% = 4 060,67). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ვალდებულების სრულად შესასრულებლად მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 6 044,31 აშშ დოლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 19.06.2015 წელს ექსპერტთა შეფასებით მოძრავი ნივთების ღირებულება შეადგენდა 7 100 აშშ დოლარს, ხოლო 23.01.2016 წელს, რეფინანსირების შემდეგ, ნივთები შეფასდა 9533 აშშ დოლარად.
3.2. სესხის თანხა გადაეცა არა მოპასუხეს, არამედ ე.ქ–ას, რომელმაც საგამოძიებო დაწესებულებაში აღიარა, რომ მსესხებელი სინამდვილეში ის იყო და დალომბარდებული ოქროს ნივთებიც მას ეკუთვნოდა, შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა შეესრულებინა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.04.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 571,98 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. 23.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №1020705, №1020707, №1020709, №1020711 და №10200715 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვის ვადით სესხის სახით გადასცა მთლიანობაში 9533 აშშ დოლარი, 1% სარგებლის დარიცხვით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა ლომბარდისთვის მფლობელობაში გადაცემული ოქროს ნივთებით, რომლებიც ხელშეკრულებების გაფორმებისას მოსარჩელის მიერ შეფასდა ჯამურად 9533 აშშ დოლარად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ დაგირავებული ნივთების შეფასების წესზე. განისაზღვრა, რომ მხარეთა მიერ გირავნობის საგნის შეფასებული ღირებულება წარმოადგენს ასევე მათ მიერ შეთანხმებულ პირობას - უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას.
4.2. ხელშეკრულებების 2.3. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი სესხისა და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, მსესხებელი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
4.3. მხარეები არ შეთანხმებულან გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დაბეგვრისას დამატებითი ღირებულების გადასახადის მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულებაზე. მსესხებელი არ წარმოადგენს გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაციისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდაზე ვალდებულ პირს.
4.4. მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია. მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ხუთივე სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10104,98 აშშ დოლარს.
4.5. სალომბარდე სესხის ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად მოსარჩელეს დაგირავებული ოქროს ნივთების რეალიზაცია არ განუხორციელებია.
4.6. 26.09.2016წ. ექსპერტთა დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ დალომბარდებული ოქროს ნივთები ჯამურად შეფასდა 4905,07 აშშ დოლარად.
4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.02.2018წ. დასკვნით, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებების დადების შემდეგ (23.01.2016წ.) ოქროს საბაზრო ფასი არ შემცირებულა, უფრო მეტიც, მისი ღირებულება გაიზარდა.
4.8. 23.01.2016წ. შეფასების ქვითრების საფუძველზე, რომელთაც დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა ორივე მხარემ, დალომბარდებული ოქროს ნივთები ჯამურად შეფასდა 9533 აშშ დოლარად. სასამართლოს დასკვნით, გირავნობის საგნების შეფასებული ღირებულება წარმოადგენს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობას (უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა). 29.09.2016წ. ექსპერტიზის დასკვნით კი - გირავნობის საგანი შეფასდა შეთანხმებულისაგან განსხვავებული პირობებით, რისი უფლებაც კრედიტორს, სახელშეკრულებო ბოჭვის გათვალისწინებით, ცალმხრივად არ გააჩნდა.
4.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ 571,98 აშშ დოლარის ფარგლებში (10104,98 – 9533) კრედიტორის მოთხოვნა არ იყო უზრუნველყოფილი დალომბარდებული ოქროს ნივთებით, რის გამოც აღნიშნული სხვაობის ფარგლებში მოპასუხე პასუხისმგებელი იყო კრედიტორის წინაშე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2020წ. განჩინებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის წარდგენით იყენებს ხელშეკრულებების 2.3. მუხლში მითითებულ უფლებას, უფრო ზუსტად, ითხოვს ნაშთის ანაზღაურებას. სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება არის 10104,98. ამის შემდგომ, ექსპერტის დასკვნით უნდა დაედგინა უზრუნველყოფით რა ნაწილში კმაყოფილდებოდა კრედიტორის მოთხოვნა და რა ნაწილში არა. დარჩენილ ნაშთზე კრედიტორს აქვს მსესხებლისათვის მოთხოვნის წარდგენის უფლება.
7.2. სასამართლო დაეყრდნო სხვა დროს არსებულ შეფასებას, რაც არასწორია.
7.3. გაუგებარია სასამართლოების მსჯელობა საკითხზე, მოიცავს თუ არა ნასყიდობის ფასი დღგ-ს, მაშინ, როდესაც დაგირავებული ნივთების რეალიზაცია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.03.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-1601-2018, 11.03.2021წ.).
12. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12.1. 23.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №1020705, №1020707, №1020709, №1020711 და №10200715 სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვის ვადით სესხის სახით გადასცა ჯამში 9533 აშშ დოლარი, 1% სარგებლის დარიცხვით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა ლომბარდისათვის მფლობელობაში გადაცემული ოქროს ნივთებით, რომლებიც ხელშეკრულებების გაფორმებისას მოსარჩელის მიერ ერთობლიობაში შეფასდა 9533 აშშ დოლარად.
12.2. სალომბარდე სესხის ხელშეკრულებების 2.3. მუხლების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი სესხისა და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, მსესხებელი პასუხს აგებდა დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებას. იგი მთლიანად არის დამოკიდებული უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე და მის გარეშე არ არსებობს. გირავნობის შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოვალის მხრიდან უზრუნველყოფს მოძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (№ას-425-425-2018, 18 თებერვალი, 2021წ.). ლომბარდში დაგირავება მფლობელობითი გირავნობის მაგალითია (შდრ.№ას-445-427-2016, 09.09.2016წ.), როცა გირავნობის საგანი მოგირავნის - ლომბარდის - მფლობელობაში გადადის. თუმცა, ლომბარდში დაგირავებისთვის დამატებით აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა. სსკ-ის 260 (I) მუხლის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავებისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და ნივთის გადაცემა ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში (ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი 2012, გვ.140-141). მფლობელობითი გირავნობის დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს (მოგირავნეს) ზედმეტი ფორმალობებისა და ბარიერების გარეშე შეუძლია გირაოს რეალიზაციის მეშვეობით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. ამას აიოლებს ის ფაქტი, რომ გირაო მის მფლობელობაშია და ფაქტობრივი კონტროლი გირავნობის საგანზე მის ხელშია. ეს განაპირობებს საყოფაცხოვრებო ან სამომხმარებლო სესხების დროს მფლობელობითი გირავნობის ფართოდ გამოყენებას (ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი 2012, გვ.123).
14. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია შემდეგი: ისეთ შემთხვევაში, როცა მხარეთა შორის არის შეთანხმება დაგირავებული ნივთების რეალიზაციიდან ამონაგები თანხების არასაკმარისობისას მოვალის მიმართ ლომბარდის მოთხოვნის შენარჩუნების თაობაზე, გირავნობის საგნის განმეორებითი შეფასება სესხის გაცემისას შეფასებულ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, რამდენად წარმოუშობს ლომბარდს მოპასუხის მიმართ დამატებითი თანხის (შეფასებულ ღირებულებებს შორის სხვაობის) მოთხოვნის უფლებას და რამდენად არის სხვა, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოუყენებელ, ქონებაზე გადახდევინების მიქცევის წინაპირობა.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 260-ე მუხლი (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია ნორმა სადავო სალომბარდე სესხის ხელშეკრულებების დადების მომენტში მოქმედი რედაქციით) ადგენს შემდეგ ქცევის წესს: 1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. 2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას. ამდენად, ნორმის მე-2 ნაწილი დისპოზიციურია და მხარეებს შეუძლით, შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე (გ. რუსიაშვილი/ზ. ჭეჭელაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 260, ველი 3). როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობს ასეთი შეთანხმება.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფით დაუფარავი ნაშთის მოვალის სხვა ქონების ხარჯზე დაფარვის მოთხოვნის შემდეგ წინაპირობებს ადგენს: ა) მხარეთა შორის სალომბარდე სესხის ხელშეკრულების არსებობა; ბ) შეთანხმება დაგირავებული ნივთების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობისას მოვალის მიმართ ლომბარდის მოთხოვნის შენარჩუნების თაობაზე; გ) ვალდებულების დარღვევა; დ) ვალდებულების დაფარვის მიზნით გირავნობის საგნის რეალიზაცია; ე) რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობა.
17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს დაგირავებული ოქროს ნივთების რეალიზაცია არ განუხორციელებია (იხ.: წინამდებარე განჩინების 4.5. პუნქტი). შესაბამისად, არ არსებობს შეფასებებს შორის სხვაობის წარმოდგენილი მოთხოვნის სახით დაკმაყოფილების საფუძველი. დამატებით შეიძლება აღინიშნოს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.02.2018წ. დასკვნის თანახმად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებების დადების შემდეგ (23.01.2016წ.) ოქროს საბაზრო ფასი არ შემცირებულა, უფრო მეტიც, მისი ღირებულება გაიზარდა (ტ.1, ს.ფ.343-347).
18. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მის მიერ გადასახდელი თანხის ცალკე მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 4.3. პუნქტი; დღგ-ს სამართლებრივ ასპექტებზე იხ.: სუსგ №ას-1245-1504-09, 30.03.2010წ.).
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 909.5 ლარის, 70% – 636.65 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ო. რ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „მ.ო. რ.ე–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მ.ბ–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 909.5 ლარის (საგადახდო დავალება №24600601, გადახდის თარიღი 12.03.2021წ.) 70% – 636.65 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია