საქმე №ას-322-2021 21 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ ზიანის - 10 000 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა N102 მოსარჩელის საკუთრებაა, ხოლო ამავე მისამართზე, მეორე სართულზე, მოსარჩელის ბინის ზემოთ მდებარე N202 ბინა მოპასუხეს ეკუთვნის.
2.2. 29.08.2019წ. საღამოს სახლში დაბრუნებულმა მოსარჩელემ ნახა, რომ მოპასუხის ბინიდან მის ბინაში ჩავიდა წყალი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, კერძოდ, დაზიანდა იატაკი, ჭერი, კედლები, სამზარეულოს ავეჯი, მაგიდა და ოთახში გასასვლელი კარი. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მოსარჩელე იმყოფებოდა მოპასუხის კუთვნილ ბინაში, რა დროსაც ცალსახად დადასტურდა, რომ წყალი სწორედ ამ უკანასკნელის ბინიდან იყო ჩამოდინებული. მოსარჩელემ მომხდარის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც კონკრეტულ ფაქტზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.
2.3. წყლის ჩამოდინების შედეგად დაობდა ლამინატი და კედლები, ზიანის ოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც ამ უკანასკნელმა ზეპირსიტყვიერად კატეგორიული უარი განაცხადა. ბინაში წყლის ჩამოდინება არ შეწყვეტილა, დაზიანდა სააბაზანო ოთახიც, რასთან დაკავშირებითაც საპატრულო პოლიციამ კვლავ შეადგინა რეაგირების ოქმი.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან სადავოდ გახადა ზიანის ფაქტის არსებობა, ზიანის გამო მისი პასუხისმგებლობა და ზიანის ოდენობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3572.21 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია: ქ. თბილისი, ......., სართული 1, ბინა N102, ს/კ: N ......., ეკუთვნის მოსარჩელეს. ამავე მისამართზე, მეორე სართულზე, მოსარჩელის კუთვნილი ბინის ზემოთ მდებარე N202 ბინა, ს/კ: ........2, კი - მოპასუხის საკუთრებაა.
4.2. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, ფოტოილუსტრაციაზე, პატრულ-ინსპექტორის რეაგირების ოქმებსა და მოწმეების: მ.ბ–სა და გ.ა–ძის ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინებამ, მოსარჩელის კუთვნილი ბინა და ინვენტარი დააზიანა.
4.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ექსპერტიზის ბიურო“) 24.10.2019წ. საინჟინრო დასკვნის თანახმად, დათვალიერების დროს N102 ბინაში შეინიშნებოდა ზემოდან წყლის ჩამოდინების კვალი, რა დროსაც დაზიანებული იყო ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, დაზიანებული იყო შპალერი, ლამინატის იატაკი და ერთი ე.წ. "ემდეეფის" კარი, აღნიშნულ ბინაში შეიგრძნობოდა სინესტისათვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი, კედლებს აღენიშნებოდა სინესტისათვის დამახასიათებელი მუქი ფერის ლაქები (ობი), ლამინატის პარკეტის იატაკსა და კარს აღენიშნებოდა დეფორმაციები. N102 ბინაში წყლის ჩამოსვლის მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტმა ვიზუალურად შეისწავლა მოსარჩელის ბინის თავზე, მეორე სართულზე განთავსებული ბინა, რა დროსაც დაადგინა, რომ ბინაში ჩატარებული იყო სარემონტო სამუშაოები, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის ბინაში არსებულ წყალ-კანალიზაციის სისტემებზე რაიმე სახის გარეგანი დაზიანების კვალი არ ჩანდა, თუმცა, კორპუსის პირველ სართულზე არსებულ განმცხადებლის ბინაში არსებული დაზიანებების ძირითადი ნაწილი დაფიქსირებულია მეორე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის სამზარეულოს ონკანის ზუსტად ქვემოთ. ამასთან, მეორე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის სამზარეულოს წყალდამხარჯავი ონკანის დრეკად მილებს არ გააჩნია ჩამკეტები, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ადგილზე განმარტებული გარემოება, რომ მის ბინაში წყლის ჩასვლა და იატაკის დატბორვა გამოიწვია მეორე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინის სამზარეულოს ონკანის დრეკად მილებზე ჩამკეტების არარსებობამ, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად, სავსებით შესაძლებელია (ს.ფ. 126-127). დასკვნაში აღნიშნულია, რომ N102 ბინაში ზემოდან ჩამოდინებული წყლისაგან მიყენებული ზიანის ღირებულებამ პირდაპირი დანახარჯებით საორიენტაციოდ შეადგინა 2632.21 ლარი.
4.4. 01.11.2019წ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელის ბინაში წყლით დასველების შედეგად სამზარეულოს კარადისა და ჟურნალების მაგიდის დაზიანებით მიყენებულმა ზარალის ოდენობამ მთლიანობაში საორიენტაციოდ შეადგინა 940 ლარი (ს.ფ. 141).
4.5. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, მე-1000 მუხლებით და დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო პირდაპირი დანახარჯების - 2632.21 ლარისა და ავეჯის დაზიანების ხარჯის - 940 ლარის ჯამით. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ შეძლო, დაედასტურებინა მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებები, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ წყალი არ ჩადინებულა მისი ბინიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნა შემდეგი:
5.1. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით მოსარჩელემ ზიანის არსებობის, ზიანის ოდენობისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ მტკიცების ტვირთი მართებულად დაძლია. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს, მისი საცხოვრებელი სახლის ზემოთ, მეორე სართულზე, მოპასუხის საცხოვრებელი სახლია განთავსებული. წყლის ჩამოსვლის ადგილი მოპასუხის სამზარეულოს ონკანის ადგილმდებარეობას ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული არ არის, მასში მითითებულია, რომ მეორე სართულზე განთავსებულ მეზობლის ბინის სამზარეულოს წყალდამხარჯავი ონკანის დრეკად მილებს არ გააჩნია ჩამკეტები. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ წყლის ნაკადის დინების შემოწმების დროს, მოპასუხის მიერ ონკანის გახსნისთანავე, მეზობლის სააბაზანოში კვლავ ძლიერი წყალი წამოვიდა.
5.2. მოპასუხე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე - სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავებით აცხადებდა, რომ მისი ბინიდან წყლის ჩადინებით მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მოპასუხის ბინის კედელიც დაზიანებული იყო, რაც ბადებდა ეჭვს, რომ როგორც მოსარჩელის, ასევე - მოპასუხის ბინაში წყალი სხვა მეზობლისგან ჩაედინა. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ეთანხმება და სადავოდ ხდის რომელიმე მტკიცებულებას/გარემოებას მას საპირისპირო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება ეკისრება, თუმცა, საქმის მასალებში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების გამაბათილებელი, უფრო სარწმუნო და რელევანტური დასკვნა მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
5.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ზიანის ოდენობასთან მიმართებით დასაბუთებული შედავება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც სააპელაციო სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოების დამტკიცებულად ცნობასა და გაზიარებას ავალდებულებდა.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ექსპერტიზის ვერცერთმა დასკვნამ ვერ დაადასტურა მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების ფაქტი. ექსპერტი ორივე შემთხვევაში ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, წყალი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთიდან ჩასულიყო. მსგავს ზოგადი ხასიათის დასკვნებსა და ვარაუდებს კი არ შეიძლება დაემყაროს სასამართლო გადაწყვეტილება.
6.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მოპასუხის კუთვნილი ბინიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა 3572.21 ლარის ზიანი. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
6.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მოწმეთა ჩვენებები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება შემდეგს: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინება და ამით ზიანის მიყენება; სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია. სსკ-ის მე-1000 მუხლის თანახმად: 1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. სუსგ №ას-90-90-2018, 11.05.2018წ.; №ას-1293-2020, 18.12.2020წ.; №ას-1177-2020, 22.01.2021წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, მოსარჩელის კუთვნილი ბინა მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე, მოსარჩელის ბინის ზემოთ, მდებარე ბინა მოპასუხეს ეკუთვნის. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ექსპერტიზის დასკვნებით (ტ.1, ს.ფ.122-135; 137-148), პატრულ-ინსპექტორის რეაგირების ოქმით (ტ.1, ს.ფ.45), ფოტოილუსტრაციებითა (ტ.1, ს.ფ.55-60) და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება როგორც ზიანის არსებობა და ოდენობა, ისე მის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი.
13. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება.
14. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მომეტებული საფრთხის წყაროს რეალიზაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.მ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს გ.ტ–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 01.07.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე