საქმე №ას-457-2021 5 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ვ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ბ.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
რ.ვ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და ბ.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, მე-5 სართული, ბინა №12, ს/კ: ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“). მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მას და მოსარჩელეს არ აძლევენ სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის შესაძლებლობას.
3. მოპასუხის პოზიცია:
პირველმა მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთი მან მეორე მოპასუხისგან 2019 წლის ივლისში 60 000 აშშ დოლარად შეიძინა, შესაბამისად, აღნიშნულ ქონებას ის კანონიერად ფლობს და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მეორე მოპასუხეს ჩაჰბარდა სარჩელი, თუმცა მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.11.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
4.2. მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთში ცხოვრობს პირველი მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება. მეორე მოპასუხეს ჩაჰბარდა სარჩელი, მაგრამ მას შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა და მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის თაობაზე არ შედავებია. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთი მოპასუხეთა მფლობელობაშია, რაც მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
4.4. სსკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
4.5. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 312-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ასეთი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.
5. გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2021წ. განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.
6.2. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის შუამდგომლობა მეორე მოპასუხის განცხადების საქმეზე დართვის თაობაზე. პალატის განმარტებით, შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით, რომლის გაშვების საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ასევე, სააპელაციო სასამართლომ 23.12.2020 წლის განცხადება საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად არ მიიჩნია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 104-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა;
6.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ნივთი 27.01.2016 წლის გარიგების საფუძველზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს მისი ახსნა-განმარტების გარდა არ მიუთითებია არც ერთ მტკიცებულებაზე, რაც მესაკუთრესთან დადებული გარიგების საფუძველზე სადავო ნივთზე საკუთრების შეძენის ფაქტს დაადასტურებდა.
6.4. ასეთად მიჩნეული ვერ იქნება საქმეში წარმოდგენილი 04.10.2019 წლის ხელშეკრულება, რადგან აღნიშნული გარიგება დადებულია პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, უფრო მეტიც, ამ ხელშეკრულების საგანს ვალის აღიარება წარმოადგენს, რომლის წარმოშობის საფუძვლად ამ გარიგების მხარეები (მოპასუხეები) მათ შორის გაფორმებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უთითებენ. საქმეში წარმოდგენილი დადგენილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დაზარალებულად იმ საფუძვლით, რომ მეორე მოპასუხის მიერ განხორცილებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი.
6.5. იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა რელევანტურ მტკიცებულებებზე მითითებით სადავო ქონებაზე საკუთრების შეძენის ფაქტი ვერ დაადასტურა, აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ნივთის ერთადერთ მესაკუთრეს მოსარჩელე წარმოადგენს, რომელიც ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას მოითხოვს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები, რაც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. სადავო უძრავი ნივთი კასატორმა შეიძინა მოსარჩელისაგან, ამ უკანასკნელის ნდობით აღჭურვილი პირისა და პარტნიორის - მეორე მოპასუხის მეშვეობით. გაფორმდა ხელშეკრულება, გაიწერა პირობები და ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებები, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სადავო უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კასატორმა მეორე მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა 60 000 აშშ დოლარი და ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება საკუთრებაში ფართის გადაცემასთან ერთად მოეხსნა უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკაც.
7.2. მოსარჩელემ არასწორად აღძრა სარჩელი მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელი სარჩელის აღძვრამდეც და საქმის სასამართლოში განხილვის დროსაც, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და არ შეეძლო სადავო უძრავი ნივთის ფლობა;
7.3. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო მეორე მოპასუხის განცხადება. დასკვნა, რომ ეს განცხადება კასატორს უნდა წარედგინა საქალაქო სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე, უსაფუძვლოა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
13. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
14. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს.
15. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
16. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.). თავად პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ბინის შეძენის მიზნით მან მეორე მოპასუხეს გადასცა 60 000აშშ დოლარი, თუმცა, ამ უკანასკნელის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად პირველმა მოპასუხემ/კასატორმა ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი, რითიც მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი (ტ.1, ს.ფ.71,72). პირველ მოპასუხეს (კრედიტორი) და მეორე მოპასუხეს (მოვალე) შორის 04.10.2019წ. გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ.73-77). საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რითიც დადასტურდება სადავო უძრავი ნივთის პირველი მოპასუხის მხრიდან ფლობის მართლზომიერება.
17. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).
19. კასატორი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს უარს მეორე მოპასუხის განცხადების მტკიცებულების სახით დართვაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პალატას მიაჩნია დასაბუთებულად, კანონიერად და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. ვინაიდან კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 300 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.მ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 15.04.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია