საქმე №ას-646-2021 26 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.მ–ი, რ.ჩ-ჩ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის ბათილად ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.10.2020 წლის გადაწყვეტილებით დ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი მ.მ–ისა და რ.ჩ-ჩ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ 15.07.2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის ბათილად ცნობისა და ნოტარიუს რ.ჩ-ჩ–ის მიერ 24.01.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2021 წლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა აპელანტის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე.
3.2. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2021 წლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.
3.3. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.04.2021 წლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, დ.ა–ძეს, 23.04.2021 წელს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 24.04.2021 წელს და ამოიწურა 28.04.2021 წელს, თუმცა მხარეს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება არ წარუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტმა თავისი ფინანსური მდგომარეობის გამო იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სასამართლომ მისი პოზიცია უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა, რის გამოც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2021 წლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა (იხ. ტ.2, ს.ფ. 195-199). აპელანტის შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2021 წლისა და 15.04.2021 წლის განჩინებებით მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, პირველ შემთხვევაში - 10 დღით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 5 დღით (იხ. ტ.2, ს.ფ. 202-205; 208-212).
10. საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.04.2021 წლის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, დ.ა–ძეს (იხ.: მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 149) და ჩაჰბარდა პირადად, 23.04.2021 წელს (იხ. ტ.2, ს.ფ. 213-214). აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
12. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
13. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით (იხ. სუსგ №ას-334-2019, 31.05.2019წ.; №ას-1732-2019, 05.06.2020წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე უთითებდა, თუმცა მხარეს თავისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აპელანტის მარტოოდენ სიტყვიერი მითითება კი არ არის საკმარისი ამ უკანასკნელის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად. შესაბამისად, რადგან აპელანტმა ვერ დაასაბუთა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2021 წლის განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
15. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2021 წლის განჩინებით ასევე დავალებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, თუმცა აპელანტს ხარვეზი არც ამ ნაწილში შეუვსია.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე