საქმე №ას-1198-2020 5 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „თ.ზ.პ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.12.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა(ა)იპ თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“ ან „ზოოპარკი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს - 3 135.57 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 27.09.2013 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო №011210/30/050 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ნარდობის ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული აუზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არაუგვიანეს 10.12.2013 წლისა. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ 44 793.94 ლარი შეადგინა.
2.2. 09.12.2013 წელს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება №1 და სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 20.01.2014 წელი, ხოლო მის საერთო ღირებულებად - 44 770.58 ლარი.
2.3. 20.01.2014 წელს მხარეთა შორის დამატებით გაფორმდა შეთანხმება №2 და სამუშაოების დასრულების ვადად დადგინდა 05.02.2014 წელი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი - 30.04.2014 წელი. შეთანხმების მიუხედავად, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების დროულად დასრულება და ობიექტი შემსყიდველს ჩააბარა 19.02.2014 წელს, ანუ 14 დღის დაგვიანებით.
2.4. 28.02.2014 წელს ზოოპარკმა წერილობით მიმართა მიმწოდებელს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 %-ის დაკისრების შესახებ აცნობა (ჯამში 3 135,57 ლარი). მოსარჩელემ აღნიშნული წერილით მოითხოვა ხელშეკრულებით დადგენილ ერთთვიან ვადაში მიმწოდებლისაგან ჯარიმის გადახდა. 04.07.2014 წელს შემსყიდველმა განმეორებით მიმართა მიმწოდებელს ანალოგიური მოთხოვნით, დაუწესა 5-დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივება მოსარჩელის მხრიდან არასრული პროექტის წარდგენამ გამოიწვია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოს დასრულების შეუძლებლობა განპირობებულია თავად მოსარჩელის ბრალეულობითა და რთული მეტეოროლოგიური პირობებით, კერძოდ, განსაზღვრულ პერიოდში იყო ძლიერი ყინვა და, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა მისი დათქმული ვადის დაცვით დასრულება.
3.2. მოპასუხის განმარტებით, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, რაც ზეპირი ფორმით შეთანხმებული იყო მოპასუხესთან. მოსარჩელემ მოპასუხეს პროექტი წარუდგინა 09.12.2013 წელს, რის გამოც, სამუშაოების დაწყება მოხერხდა მხოლოდ მითითებული თარიღიდან. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. სამუშაოების ზამთარში გადატანამ გამოიწვია გაუთვალისწინებელი შეფერხება მეტეოროლოგიური პირობების გამო, სახელდობრ, დაბალმა ტემპერატურამ შეუძლებელი გახადა სამუშაოს შესრულება. ამასთან, მოსარჩელის მიერ 10.12.2013 წლიდან 20.01.2014 წლამდე (ვადის გაგრძელების პერიოდში) ასაშენებელი აუზის ადგილას წარმართულმა გაუთვალისწინებელმა და შეუთანხმებელმა სამელიორაციო სამუშაოებმაც შეაფერხა ვალდებულების ვადაში შესრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე, მე-400-ე, 401-ე, 416-418-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ობიექტურად შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.12.2019წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლოს ენიჭება პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
5.2. 27.09.2013 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა თბილისის ზოოპარკში აუზის რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმართვა. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 10.12.2013 წლისა, თუმცა, მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების ვადა გაგრძელდა ორჯერ და საბოოლოდ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 05.02.2014 წლისა. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, 14 დღის დაგვიანებით.
5.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სამუშაოების შესრულების პერიოდში, 21.01.2014 წელს წერილით მიმართა შემკვეთს და აცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებული ვადით შესრულების შეუძლებლობის განმაპირობებელი გარემოებების შესახებ; მათ შორის - მიუთითა 2013 წლის დეკემბერში მოსარჩელის მიერ დაწყებულ საფილტრაციო სამუშაოებზე, რის გამოც კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა დამოუკიდებლად და შემკვეთის მხრიდან ხელის შეშლის გარეშე შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე წერილით მოპასუხემ სთხოვა შემკვეთს, რომ მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედება და სამუშაოები გაგრძელებულიყო შესაბამისი ამინდის დადგომამდე (სავარაუდოდ, გაზაფხულამდე). მოპასუხის თხოვნას მოსარჩელის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებით (რომელიც, მნიშვნელოვანწილად განაპირობა თავად მოსარჩელის მოქმედებებმა), მოსარჩელეს, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება და მისი უფლებებისადმი გულისხმიერების გამოჩენა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დადგინდა, რომ შემსყიდველმა რეაგირების გარეშე დატოვა მიმწოდებლის ზემოაღნიშნული წერილი, რაც ეწინააღმდეგება ერთმანეთის უფლებებისადმი და მოვალეობებისადმი პატივისცემით მოპყრობის სტანდარტს.
5.4. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება გამოწვეული იყო ქ. თბილისის ზოოპარკის მიერ მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტის სრული პროექტის არადროული მიწოდებით. მოპასუხის განმარტებით, რომ არა აღნიშნული გარემოება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები დასრულდებოდა ზამთრის პირველ თვეს. მოპასუხის მოსაზრება ემყარებოდა ობიექტურ ვარაუდს, რომ სექტემბერ-დეკემბერში იქნებოდა უფრო მაღალი ტემპერატურა და, შესაბამისად, ვალდებულება დათქმული ვადის მიხედვით შესრულდებოდა. ამდენად, შესრულების ვადების მოსარჩელის მიზეზით გადაწევამ, გაართულა შეთანხმებული პირობის დადგენილი ვადის მიხედვით შესრულება, რაშიც მოპასუხე ვერ განიხილება ბრალეულად. აღნიშნული გარემოება კი, სსკ-ის 401-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გამორიცხავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას შესრულების ვადაგადაცილების გამო.
5.5. სააპელაციო პალატამ სსკ-ის მე-400 და 401-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუძლებელი იყო მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. უდავო გარემოებაა, რომ აუზის მინების დასაწებებელი წებო (სილიკონი) მოითხოვდა მინიმუმ +5°C-ს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობებით დადგენილია, რომ სამუშაოების პერიოდში არსებული ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არ აკმაყოფილებდა მითითებულ მოთხოვნას, რაც გახდა კიდეც შესრულების ვადაგადაცილების მიზეზი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოიშვა მოპასუხის კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოება, რომელმაც ობიექტურად შეუძლებელი გახადა სამუშაოს დათქმული ვადაში შესრულება, რაც ხელშეკრულების მე-13, მე-15 მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს ფორს-მაჟორად, აღნიშნული კი გამორიცხავს საჯარიმო სანქციის ამოქმედების წინაპირობას.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი. მოპასუხის წარმომადგენლები ითვალისწინებდნენ, რომ სამუშაოს შესრულება ზამთარში იყო განსაზღვრული და შესაბამისად, აცნობიერებდნენ უამინდობასთან დაკავშირებულ რისკებსაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით, მხოლოდ ვალდებულების შესრულების უკანასკნელ დღეებში, კერძოდ კი, 1-4 თებერვალს იყო სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით მოპასუხისათვის მიუღებელი ტემპერატურა.
6.2. რეალურად, დაგვიანებამ არა 14 დღე, არამედ რამდენიმე თვე შეადგინა, რადგან რიგი მიზეზების გამო, მხარეთა შორის ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება არაერთხელ გახდა საჭირო. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და ითვალისწინებს ფულად თანხას, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, თუნდაც ვადის გადაცილება ერთ დღეს შეადგენდეს. მისი დაკისრების წინაპირობა არ არის ზიანის მიყენება. ვალდებულება ჯეროვნადაც რომ შესრულდეს, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს, თუ გამოიკვეთება ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.11.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დათქმულ ვადაში არ შეასრულა, ამასთან, არ არსებობს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოება, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
11. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017წ.). ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
12. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა გარემოებები მასზე, რომ: 27.09.2013 წელს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს თბილისის ზოოპარკში უნდა განეხორციელებინა აუზის რეკონსტრუქციის სამუშაოები; სამუშაოების შესრულების ვადად საბოლოოდ განისაზღვრა 05.02.2014 წელი; სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავდა აუზზე სპეციალური მინების დაწებებას, რისთვისაც გამოსაყენებელი წებო მოითხოვდა მინიმალურ ტემპერატურას +5°C-ს. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ: სამუშაოების შესრულების პერიოდში არსებული ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არ აკმაყოფილებდა მითითებულ მოთხოვნას, რაც გახდა კიდეც შესრულების ვადაგადაცილების მიზეზი.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, იმ პირობებში, როდესაც: ვალდებულების შესრულების ვადის ორჯერ გაგრძელება განაპირობა მოსარჩელის მხრიდან მშენებლობის პროექტის დროულად მიუწოდებლობამ, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია სამუშაოთა შესრულების ვადების ზამთარში გადაწევა; აუზზე სპეციალური მინების დაწებებისთვის აუცილებელი იყო მინიმალური ტემპერატურა +5°C და სამუშაოების განხორციელების პერიოდში არსებული ჰაერის ტემპერატურა არ იყო საკმარისი ზემოხსენებული სამუშაოს განსახორციელებლად, - მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა ვერ შეფასდება ვადის ბრალეულ გადაცილებად. სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე ნაწილისა და მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „თ.ზ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა(ა)იპ „თ.ზ. პ–ს“ (ს/ნ: ––––) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №03913, გადახდის თარიღი 17.11.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია