Facebook Twitter

საქმე №ა-2481-შ-60-2021 5 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. პ. ა. „B.K A.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (შპს „A.“)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „A -ის“ სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო შ.პ. ა. (შემდგომ – შპა) „B.K A -ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დადებული საბაზო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) სასარგებლოდ 96 910 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 1123207 ტენგისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის – 2500000 ტენგის გადახდა.

2021 წლის 16 ივნისს შ.პ.ა. „B.K A(-ს“ წარმომადგენელმა ნ.ტ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ხოლო 2021 წლის 23 ივნისს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში შპს „A -ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344644,04 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით შპა „B.K A-ს“ შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში შპს „A -ის“ (შპს „ა–ის“) სახელზე (საიდენტიფიკაციო №....) გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344644,04 ლარის ფარგლებში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით შეზღუდული პასუხიმგებლობის ამხანაგობა „B.K A-ს“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.

ზემომითითებული განჩინებები და შეზღუდული პასუხიმგებლობის ამხანაგობა „B.K A -ს“ შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა–ს“ (შპს „A.“) საქმეში და არსებულ მისამართზე – ქ.თბილისი, ..... და სასამართლოში მობრუნებული კონვერტებით ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა შპს „A-სთვის“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის, 25 ივნისის განჩინებების, შეზღუდული პასუხიმგებლობის ამხანაგობა „B.K A -ს“ შუამდგომლობის თანდართული მასალით ჩაბარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმათველოს, პოლიციის III სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, ე.ბ–ის 2021 წლის 4 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც ასევე დასტურდება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ცხოვრობენ ნ.მ–ი და გ.გ–ი და მათთვის უცნობია შპს „A -ის“ არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა სასამართლოს ვებგვერდზე: http://ecd.court.ge საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპა „B.K A-ს“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „A-ის“ სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო შ.პ.ა. (შემდგომ – შპა) „B.K A-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დადებული საბაზო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) სასარგებლოდ 96 910 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 1123207 ტენგისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის – 2500000 ტენგის გადახდა.

2021 წლის 16 ივნისს შეზღუდული პასუხიმგებლობის ამხანაგობა „B.K A-ს“ წარმომადგენელმა ნ.ტ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა სასამართლოს ვებგვერდზე: http://ecd.court.ge საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.

„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახე“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპა „B.K A-ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმატის სპეციალიზებული რაიონათშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „A-ის“ სარჩელს უარი ეთქვა, ხოლო შ.პ.ა. (შემდგომ – შპა) „B.K A-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2019 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დადებული საბაზო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელეს დაეკისრა შპა „B&K A-ს“ სასარგებლოდ 96 910 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 1123207 ტენგისა და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის – 2500000 ტენგის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ეკატერინე გასიტაშვილი