Facebook Twitter

№ას-908-2021

1 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ს.ქ–ია, თ.ტ–ა, ჯ.ი–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ჯ.ი–ას, თ.ტ–ასა და ს.ქ–იას მოსარჩელის სასაგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9 048.44 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 130.20 ლარი, პროცენტი - 1 416.76 ლარი და ჯარიმა - 2 501.48 ლარი; თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულისათვის 10 042.35 ლარით.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 452.42 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. გზავნილები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-74-ე მუხლების თანახმად, ჩაჰბარდათ კასატორებს (ჯ.ი–ას დეიდას, თ.ტ–ას დედას, ს.ქ–იას პირადად), 2021 წლის 5 ოქტომბერს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ოქტომბერს (10 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღეს - კვირა), ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2021 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ი–ას, ს.ქ–იასა და თ.ტ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია