Facebook Twitter

№ას-916-2021

1 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – კ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.რ–ნის სარჩელი ი.ხ–სა და კ.კ–ძის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობისა და უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმებდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.კ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მსჯელობის მიზნით შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა მისი გადახდისუუნარობის შესახებ ან 1900 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ტ.ჩ–ს (მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 180) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა მის ოჯახის წევრს (მამას) 2021 წლის 4 ოქტომბერს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ოქტომბერს (9 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღე - შაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია