№ას-980-2021
2 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.ჯ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.მ–ი, ი.ს–ვა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ვალდებულების ხანდაზმულად ცნობა, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ჯ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ს.ჯ–ას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ........... მდებარე, საცხოვრებელი სადგომის (ს/კ ........) შენობა #1-ის პირველ სართულზე მდებარე 26.03 კვ.მ. ფართი, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ვ.მ–ის სახელზე, სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის, ანუ 7656.25 ლარის მოპასუხე ვ.მ–ისათვის გადახდის სანაცვლოდ. ასევე გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების - ვ.მ–ის, ი.ს–სა და ი.ს–ვას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, ...... #3, ს/კ ........ შენობა #1, პირველ სართულზე მდებარე 26.03 კვ.მ ფართი) და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა; ს.ჯ–ას სასარჩელო მოთხოვნა, ი.ს–სა და ვ.მ–ს შორის 2013 წლის 15 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.ს–ს 6 500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულად აღიარებისა და მის საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე, ასევე ვ.მ–ისათვის სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ს.ჯ–ამ, ი.ს–ვამ და ვ.მ–მა. ვ.მ–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ს.ჯ–ამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ი.ს–ვას სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს.ჯ–ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 634.4 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს - დ.ჩ–ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და მას გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაბარდა 2021 წლის 13 ოქტომბერს (მინდობილობა, ტ. 3, ს.ფ. 26). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ემუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჯ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია