Facebook Twitter

საქმე №ას-279-2021 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...... (.... ქუჩა №12) მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: ......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) 2020 წლის 11 მარტიდან რეგისტრირებულია ნ.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებად.

2. სადავო უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობს ე.ბ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „თავდაპირველი მესაკუთრე“).

3. მესაკუთრემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. ამას გარდა, მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის გამოსახლების გზით, სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომლებიც სადავო უძრავ ქონებაზე მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

11. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

11.1. მოპასუხე სადავო უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს წარმოადგენს, რომელმაც ბიზნესის განვითარებისა და თანხის მოძიების მიზნით მიმართა შუამავალ ოფისს. 2017 წლის 20 ივლისს ოფისის მეშვეობით ციცინო მირზოიანსა და თავდაპირველ მესაკუთრეს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის №170820841 ხელშეკრულება, რომელიც 2019 წლის 7 აგვისტოს №190932438 ხელშეკრულებით გაუქმდა. მოგვიანებით მოხდა იპოთეკარის ჩანაცვლება და ახალი იპოთეკარები გახდნენ კ.ფ–ძე და მოსარჩელე. კ.ფ–ძეს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 7 აგვისტოს გაფორმდა №190932491 ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხოლო ამავე წლის 27 ნოემბრის №191443407 ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული შეთანხმება გაუქმდა. მოგვიანებით კვლავ მოხდა იპოთეკართა ჩანაცვლება და იპოთეკარები გახდნენ გ.დ–ი და ლ.ი–ი. ზემოაღნიშნულ პირებსა (გ.დ–ს, ლ.ი–სა) და მოპასუხეს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა №191443668 ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხოლო 2020 წლის 5 მარტს გ.დ–ს, ლ.ი–სა და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა;

11.2. თითოეული იპოთეკარი და მოსარჩელე თანამშრომლები არიან. ნასყიდობის ხელშეკრულება კი თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს, რამდენადაც მოპასუხეს აღებული ჰქონდა სესხი და იხდიდა პროცენტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. ამას გარდა, მოსარჩელემ გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება (დომინირებული პოზიცია) და ისარგებლა მოპასუხის გამოუცდელობით;

11.3. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ქონების მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელს. ადამიანის უფლებათა პრეცედენტული პრაქტიკის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევად მიიჩნევა. ევროსასამართლოს განმარტებით, „მფლობელობის“ ცნებას „ავტონომიური“ მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ნივთების მესაკუთრეობით და დამოუკიდებულია ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კვალიფიკაციისაგან;

11.4. მოპასუხეს განხორციელებული აქვს მოქმედებები (მიშენება/დაშენება), რომლითაც სადავო უძრავი ქონება გაუმჯობესდა და გაიზარდა მისი საბაზრო ღირებულება;

11.5. წარდგენილი სარჩელით ილახება მოპასუხის, როგორც მესამე პირის უფლებები, ამასთან, მოსარჩელე ბოროტად იყენებს თავის უფლებას;

11.6. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭიროა დადგინდეს შემდეგი 3 წინაპირობის: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უდა იყოს სადავო უძრავი ქონების მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება) - კუმულატიურად არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს აქვს ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი უსაფუძვლოა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

19. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15-16), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

23. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ ქონება თავდაპირველად მის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დასადგენად, რამდენადაც სადავო უძრავ ქონებას ახალი მესაკუთრე ჰყავს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კასატორი მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს აღნიშნულ ქონებას.

24. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 11.1. და 11.2. პუნქტებში მითითებულ კასატორის პრეტენზიებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მისი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდა, თუმცა მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, რამდენადაც საქმე ეხება ვინდიკაციურ სარჩელს. ამას გარდა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა და, შესაბამისად, მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების არსებობა შეგებებული სარჩელით შედავებული არ ყოფილა. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში ზემოაღნიშნულ გარემოებებს სასამართლო სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებლად ვერ განიხილავს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მითითებული პრეტენზიის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.

25. საკასაციო საჩივარში მოხმობილია ევროსასამართლოს განმარტებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული ევროსასამართლოს განმარტებები მართლზომიერ ფლობელს მიემართება, თავდაპირველმა მესაკუთრემ კი სადავო უძრავ ქონებაზე მისი მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიები ვერ მიიჩნევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის დამადასტურებელ კვალიფიციურ შედავებად.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ.ა–ვის მიერ 2021 წლის 12 აპრილს №10728260854 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ე.ბ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს რ.ა–ვის (პ/ნ: .....) მიერ 2021 წლის 12 აპრილს №10728260854 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი