საქმე№ას-725-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჟ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ჟ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი.
1.1. მ.ფ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან „კასატორი“), თ.ლ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და თ.მ–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან პირველ და მეორე მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოპასუხეები) მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, ზიანის სახით 40 000 აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის - 3000 ლარის გადახდა დაეკისრათ.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელემ, 2016 წლის 25 იანვარს შპს ''ს.კ.ს–თან“ (შემდეგში: საფინანსო კომპანია ან მსესხებელი) 12 თვის ვადით სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება დადო, წლიური 33%-ის დარიცხვით, რომელთა საფუძველზე, მსესხებელს სესხის სახით 40 000 აშშ დოლარი გადასცა. ხელშეკრულება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებლისთვის საურავის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებდა, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ს შეადგენდა.
3.2. მოსარჩელის წინაშე მსესხებელს არც ძირითადი თანხის დაბრუნების და არც პროცენტის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მოპასუხეების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული, განაჩენით.
3.3. განაჩენით დადგინდა, რომ:
3.3.1. მეორე მოპასუხემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით;
3.3.2. პირველი მოპასუხე მსჯავრდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზებისათვის, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით;
3.3.3. მესამე მოპასუხე მსჯავრდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
3.3.4. მოპასუხეების მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად შემდეგში გამოიხატა: საფინანსო კომპანია სამეწარმეო რეესტრში 2013 წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება წარმოადგენდა. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი მესამე მოპასუხე იყო, ხოლო დირექტორის პოზიციას მეორე მოპასუხე იკავებდა. საფინანსო კომპანიის საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა დამფუძნებლის მეუღლე - პირველი მოპასუხე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, კომპანია სარეკლამო კამპანიას აქტიურად ეწეოდა, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხები, კერძოდ: 2013-2016 წლებში, კომპანიამ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო აიღო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის უნდა გამოყენებულიყო, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, მეორე მოპასუხემ, როგორც საფინანსო კომპანიის დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, პირველი მოპასუხის წაქეზებით და მესამე მოპასუხის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც უშუალოდ პირველი მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით პირველ მოპასუხეზე მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ–ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი გაიცა, რაც უკან არ დაუბრუნებიათ საფინანსო კომპანიისათვის და პირველმა მოპასუხემ პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, საფინანსო კომპანიამ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელისთვის მოპასუხეთა მხრიდან დანაშაულის შედეგად 40 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
5. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, წინამდებარე დავაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 106-ე მუხლით განსაზღვრული პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.
6. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარადგინა, შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მოპასუხეების მიერ მოსარჩელის (დაზარალებულის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.
7. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მოთხოვნილი საპროცენტო სარგებლის 12 540 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 4980 აშშ დოლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობაზეც იმსჯელა და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, რადგან საქმის მასალებით არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეებად დასახელებული პირების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ვინაიდან საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელის წინაშე საფინანსო კომპანიამ იკისრა და არა - მოპასუხეებმა.
8. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების საფუძველზე, გამოვლენილი იყო სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სსსკ-ის 30917-ე, 30920-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე, 408-ე, 998-ე მუხლების საფუძველზე სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. კასატორის მტკიცებით, განსახილველი სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები არ უნდა გამოეყენებინა, რადგან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ამ დავებისათვის დადგენილ სტანდარტულ კომპონენტებს არ აკმაყოფილებენ. სასამართლოების გადაწყვეტილება/განჩინება სესხის ხელშეკრულებას ემყარება, შესაბამისად აღნიშნული ურთიერთობაც სწორედ ამ ნორმებიდან გამომდინარეობს და მას არავითარი კავშირი არ აქვს დელიქტურ ვალდებულებასთან. განაჩენის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ პირველი მოპასუხე დააბრუნებდა ნასესხებ თანხებს, მსესხებელი მაინც ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. აღნიშნული ადასტურებს, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისთვის დამდგარ შედეგთან. მსესხებლის კრედიტორების მოთხოვნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონს უნდა დაეყრდნოს და ზიანი გამჭოლი პასუხისმგებლობით ხოლოდ მეორე და მესამე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან საჭიროებს. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე მუხლის შესაბამისად, „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით).
16. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-751-751-2018, 15.10.2020წ) „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (იხ. სუსგ Nას-506-480-2015, 29.07.2016წ; Nას-150-2019, 8.06.2020წ).
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში განთავსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 31.07.2017 წ. განაჩენზე, რომლითაც საფინანსო კომპანიის დამფუძნებელი (მესამე მოპასუხე), დირექტორი (მეორე მოპასუხე) და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი, პირველი მოპასუხე) მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელის, კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავეებად იქნენ ცნობილი. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად (განაჩენით დადგენილი გარემოებები იხ. წინამდებარე განჩინების 3.3.4 ქვეპუნქტში).
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 24.09.2010 წ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (იხ. სუსგ Nას-1426-2018, 11.04.2019წ). ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (იხ. სუსგ Nას-1263-2019, 13.03.2020წ), მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (იხ. სუსგ N ას-203-2020, 24.12.2020წ).
19. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ).
20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოპასუხის საკასაციო საჩივარს იხილავს, ხოლო სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა იქნეს მიჩნეული (შეად. სუსგ-ებს: N 1322-2018, 04.04.2019წ: N ას-94-2021, 06. 07. 2021; ას-112-2021. 07.07.2021წ.).
21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური