Facebook Twitter

საქმე №ას-281-2020 28 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.მ–ნმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „ტელევიზია“, „მაუწყებელი“ ან „კასატორი“) მიმართ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე ტელევიზიაში. 2014-2015 წლებში ის იყო დოკუმენტური ფილმების სტუდიის გადაცემა „გააგრძელე საქართველოს ისტორიის“ პროდიუსერი, ხოლო 12.11.2015წ. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა „ზარი ახლობელთან“ გადაცემის პროდიუსერის პოზიციაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2300 ლარს.

2.2. დამსაქმებლის 01.03.2016 წლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ, „ზარი ახლობელთან“ გადაცემის გაუქმების გამო, შეწყდებოდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. მაუწყებლის 02.03.2016 წლის ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 09.03.2016 წლიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი.

2.3. მოპასუხე გათავისუფლების ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს გადაცემის გაუქმებას, მაშინ, როდესაც, შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. შესაბამისად, არასწორია მოსარჩელის შრომითი ურთიერთობის განხილვა მხოლოდ კონკრეტული გადაცემის ფარგლებში, ვინაიდან ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ტელევიზიაში პროდიუსერის თანამდებობაზე და არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ კონკრეტულად რომელ გადაცემაზე იმუშავებდა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გადაცემის გაუქმების მიზეზი გახდა მაუწყებლის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს კანონით დადგენილი ვადის დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემის დახურვის მომენტისთვის საეთერო ბადის სხვა გადაცემები და შემოქმედებითი ჯგუფები დაკომპლექტებული იყო და მოქმედებდნენ წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება.

3.2. გადაცემის პროდიუსერის თანამდებობაზე მოსარჩელე დასაქმდა ნების თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, 12.11.2015 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებული თავადვე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ გადაცემა არ გადიოდა ეთერში, ამდენად, მან იცოდა, რომ გადაცემის ეთერში გაშვება გარკვეულწილად დამოკიდებული იყო გადაცემის ბიუჯეტის განსაზღვრასა და დამტკიცებაზე.

3.3. 12.11.2015 წლიდან სამუშაოდან გათავისუფლებამდე პერიოდში, ფაქტობრივად სამი თვის განმავლობაში, მოსარჩელე იღებდა შრომის ანაზღაურებას ისე, რომ გადაცემა ეთერში არ გადიოდა. ტელევიზია დასაქმებულს ვეღარ გადაუხდიდა ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ტელევიზიაში არ არსებობს პროდიუსერის ვაკანტური თანამდებობები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.08.2018წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 32 000 ლარის (დაბეგრილი) გადახდა; სარჩელი სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4.2. სასამართლოს დასკვნით, გადაცემის დახურვა ვერ გახდებოდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური საფუძველი, ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობა იყო განუსაზღვრელვადიანი და ერთი გადაცემის დახურვა, დასაქმებულისთვის სხვა ალტერნატიული, ტოლფასი სამუშაოს შეუთავაზებლობის ვითარებაში, არ წარმოადგენდა იმ „სხვა ობიექტურ გარემოებას“, რომელიც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე - მოპასუხემ:

5.1. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5.2. მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2019წ. განჩინებით - სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის პოზიციას არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს. განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა მითითებული გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იქნებოდა.

6.2. საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით, მათ შორის - ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

6.3. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ის გადაცემა, რომლის პროდიუსერადაც მოსარჩელე მუშაობდა, გაუქმდა, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა სამუშაოდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტისა და შრომითი ხელშეკრულების 9.1.(მ) პუნქტის (რომლის თანახმადაც, გათავისუფლების საფუძველია ობიექტური გარემოება) საფუძველზე. გადაცემა „ზარი ახლობელთან“ გაუქმდა ტელევიზიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის გამო, რის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა კანონით დადგენილ ვადაში. გადაცემის გაუქმების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

7.2. გადაცემის დახურვის მომენტისათვის საეთერო ბადის გადაცემები და შემოქმედებითი ჯგუფები დაკომპლექტებული იყო და მოქმედებდნენ წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში. კასატორმა მიზანშეუწონლად მიიჩნია გაუქმებული გადაცემის პროდიუსერთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამასთან, ტელევიზიაში სხვა გადაცემაზე პროდიუსერის თანამდებობა არ იყო ვაკანტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ გამოვლინდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება.

7.3. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს კომპენსაციის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულ მსჯელობას.

7.5. ტელევიზიის, როგორც მედია საშუალების, საქმიანობა არ შეიძლება შედარებული იქნეს სხვა დამსაქმებლების საქმიანობასთან. ტელევიზია მოქმედებს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის, პროგრამული პრიორიტეტების საფუძველზე, საეთერო ბადე იგეგმება სატელევიზიო სეზონის მიხედვით წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად და როგორც მედია, დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის სარედაქციო პოლიტიკას. დასკვნა მასზე, რომ, გადაცემის დახურვის მიუხედავად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა ტოლფასი თანამდებობა, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირი და უხეში ჩარევაა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; Nას-1001-2018, 05.03.2021წ.; Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; Nას-45-2019, 05.04.2019წ.; Nას-640-2019, 05.07.2019წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).

12. 02.03.2016 წლის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) (ს.ფ. 23).

13. აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (იხ. სუსგ №ას-188-2021, 08.04.2021წ.).

14. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-545-513-2012, 05.10.2012წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.).

17. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ გადაცემის დახურვა, რომლის პროდიუსერსაც წარმოადგენდა მოსარჩელე, არ შეიძლება შეფასდეს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტურ გარემოებად. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, კონკრეტული გადაცემის დახურვა, დასაქმებულისთვის ალტერნატიული, მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სხვა სამუშაოს შეთავაზების გარეშე, არ წარმოადგენდა იმ „სხვა ობიექტურ გარემოებას“, რომელიც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დამსაქმებელმა არ უზრუნველყო დასაქმებული ალტერნატიული სამუშაოთი და ვერც ის გარემოება დაამტკიცა სარწმუნოდ, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა (სუსგ №ას-45-2019, 05.04.2019წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; ცვლილება შეეხო შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის საკანონმდებლო მოწესრიგებასაც. კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა. მოცემულ საქმეშიც, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების ქვაკუთხედი იმაში მდგომარეობდა, რომ გარკვეულიყო - რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით კი, დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. მართალია, კასატორი აღნიშნავს, რომ მაუწყებლის ამგვარი დავალდებულება სასამართლოს მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება დაუშვებელი და დაუსაბუთებელია (სუსგ №ას-45-2019, 05.04.2019წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო პალატას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრულად მიაჩნია მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა.

20. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ: №ას-45-2019, 05.04.2019წ.; №ას-1001-2018, 05.03.2021წ.; №ას-113-2021, 27.04.2021წ.).

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ ზედმეტად გადახდილი 63 ლარი, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1600 ლარის 70% – 1120 ლარი, საერთო ჯამში – 1183 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ (ს/ნ: 204858..) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1663 ლარიდან (საგადახდო მოთხოვნა №03438, გადახდის თარიღი 20.02.2020წ.) ზედმეტად გადახდილი 63 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1600 ლარის 70% – 1120 ლარი, საერთო ჯამში – 1183 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია