საქმე №ას-960-2020 13 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ გორის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზრღაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითად შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ვ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), 2000 წლიდან - 2017 წლის 17 თებერვლამდე, დასაქმებული იყო სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. კერძოდ, 2000 წლის 6 დეკემბრიდან #2-32 ბრძანებით მოსარჩელე დასაქმდა სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდეგში: მოპასუხე, უნივერსიტეტი, დამსაქმებელი ორგანიზაცია) და დაევალა ჟურნალისტიკის სპეციალობის ხელმძღვანელობა. მოსარჩელე წლების მანძილზე დასაქმებული იყო მოპასუხე უნივერსიტეტში, თავდაპირველად ჟურნალისტიკის სპეციალობის ხელმძღვანელის პოზიციაზე, მოგვიანებით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
2. მოსარჩელე გარკვეული პერიოდი იყო ასევე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში, თუმცა, გორის უნივერსიტეტში 2007 წელს განხორციელებული რეორგანიზაციისა და ცხინვალის უნივერსიტეტთან გაერთიანების შედეგად, შეიცვალა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ფორმირება. კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს N176 დადენილებით განხორციელდა სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია გაერთიანების გზით და ჩამოყალიბდა მოპასუხე უნივერსიტეტი. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდათ რეორგანიზებული სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს, მათ შორის აკადემიურ საბჭოს, როგორც უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს ორგანოს.
3. უნივერსიტეტში, 2008 წლის 21 თებერვლის N1-76 ბრძანებით დაინიშნა აკადემიური საბჭოს არჩევნები. ახალი რეგულაციის შესაბამისად აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნდა წარმოდგენილიყო თითოეული ფაკულტეტიდან 2 წარმომადგენელი. არჩევნების შედეგად მოსარჩელის კანდიდატურა არ არჩეულა, ამასთან მომდევნო წლებშიც, მოსარჩელის კანდიდატურას არჩევნებზე საჭირო ხმების რაოდენობა არ მიუღია.
4. მოსარჩელე, 2009 წლის 2 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, დაინიშნა უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე, 2012 წლის 2 თებერვლამდე ვადით. ხსენებული ხელშეკრულებით მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 440 ლარს.
5. მოსარჩელე, 2009 წლის 6 თებერვლის #3-16 ბრძანებით დაინიშნა უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული დახელოვნების ხელმძღვანელად, 2009 წლის 6 თებერვლიდან - 1 მარტამდე და მისი ყოველთვიური სარგო განისაზღვრა 450 ლარით.
6. მოსარჩელე, 22.10.2010 წლის უნივერსიტეტის #868-გ ცნობით იკავებდა უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2012 წლის 7 სექტემბრამდე, ხოლო ხელფასი შეადგენდა 640 ლარს, ხელზე მისაღები - 512 ლარი.
7. მოსარჩელე 30.11.2010 წლის N3-208 ბრძანებით დაინიშნა უნივერესიტეტში სტუდენტთა პროფესიული დახელოვნების ხელმძღვანელად და გაზეთის რედაქტორად 2011 წლის 1 თებერვლამდე. ხელფასის სახით განესაზღვრა თვეში 300 ლარი.
8. სტუდენტთა დახელოვნების სპეციალისტის და გაზეთ ,,გორის უნივერსიტეტის’’ რედაქტორის პოზიციაზე მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
9. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა 2011 წლის ოქტომბრის თვეში, განცხადებით მიმართა იმავე ფაკულტეტის დეკანს, მოსარჩელის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, რაზედაც ფაკულტეტის დეკანმა სამსახურებრივი ბარათით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს. აღნიშნული საქმე შეისწავლეს უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინარული კომისიის სხდომაზე. კომისიის 2011 წლის 17 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის (მოსარჩელის) ქმედება ამავე ფაკულტეტის სტუდენტის მიმართ წარმოადგენს საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევას და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელისთვის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიების - სასტიკი საყვედურის გამოყენება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, „სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ვ.მ–ის მიმართ სასტიკი საყვედურის გამოყენების შესახებ“ რექტორის 2011 წლის 18 ნოემბრის №3-284 ბრძანებით, მოსარჩელეს მიეცა სასტიკი საყვედური. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.
10. მოსარჩელესთან 2012 წლიდან - 2017 წლის 17 თებერვლამდე ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები და იგი ამ დრომდე დასაქმებული იყო მოპასუხე დაწესებულებაში მოწვეული ლექტორის სახით, სალექციო საათების შესაბამისად.
11. „ჟურნალისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის არჩევის შესახებ“ სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 7 ივლისის N27 გადაწყვეტილებით, ჟურნალისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელად აირჩიეს ი.ჭ–ძე და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინა აკადემიურ საბჭოს. უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ მიიღებოდა აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე. საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაძლოა ეხელმძღვანელა მოწვეულ, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წვერი, ასევე სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიურად და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციიდან.
12. უნივერსიტეტში, 2012, 2014 და 2016 წლებში ტარდებოდა კონკურსები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, რომელშიც მოსარჩელე რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. დადგენილია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 6 დეკემბრის #09-76 დადგენილების და საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების #26 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის და უნივერსიტეტისათვის ჟურნალისტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე აღძრული სარჩელი მოსარჩელემ გამოიხმო, რის გამოც იგი სასამართლომ განუხილველად დატოვა. ამდენად, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული იმ კონკურსების შედეგები, რომელშიც მოსარჩელე იღებდა მონაწილეობას, დღემდე ძალაშია.
13. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებითა და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსაჩელე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად გადიოდა მკურნალობის კურსს.
14. სასარჩელო მოთხოვნა
14.1. მოსარჩელემ, 2017 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხისთვის, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 37 144.2 ლარის, ხოლო, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 50 000 ლარის დაკისრება, აგრეთვე, უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
15. მოპასუხის შესაგებელი
15.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
17.1. მოსარჩელემ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
18.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები მეტწილად, მის მიმართ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ მიზანმიმართულ დევნას, პატივისა და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შელახვას ეფუძნებოდა.
18.4. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნები, როგორც ზიანის ანაზღაურების, ასევე სამსახურში აღდგენის ნაწილში ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სისტემატიურად 2011 წლიდან, გათავისუფლებამდე 2017 წლამდე, გამუდმებით ხორციელდებოდა მის მიმართ იმგვარი მოპყრობა, რაც ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, ამავდროულად უსპობდა შესაძლებლობას მიეღო უნივერსიტეტში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა და ამგვარად გამხდარიყო აკადემიური საბჭოსა თუ ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
18.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საგულისხმო იყო, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოიცავდა წინა წლების მონაცემებს, რასაც უკავშირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები მისი მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები აპელანტს სადაოდ არ გაუხდია და მათი ბათილად ცნობა არ მოუთხოვია. მათ შორის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის დაკისრების შესახებ ბრძანება და უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების შედეგები.
18.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეძლო სადავო ბრძანებების გასაჩივრება.
18.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სამსახურში, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენასთან მიმართებით, განმარტა, რომ პირველ რიგში შეფასების საგანი იყო, არსებობდა თუ არა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, ხოლო, შემდეგ, იყო თუ არა სამსახურში აღდგენის ნაწილში მოთხოვნა დასაბუთებული.
18.8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 37 144.2 ლარის მატერიალური ზიანის მიადგა, რაც მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მკურნალობისათვის გაღებულ ხარჯს - 16 144.2 ლარს და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების საფუძველზე, მიუღებელ ხელფასს (ყოველთვიურად დაახლოებით 700 ლარი), ჯამში - 21 000 ლარს. მოსარჩელის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განაპირობა სწორედ მის წინააღმდეგ გავრცელებულმა ცილისმწამებლურმა განცხადებებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულმა ზეწოლამ, რამაც განაპირობა მკურანალობისათვის ხარჯების გაწევის საჭიროება. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია.
18.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.
18.10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა და დასკვნები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდებოდა, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა და მისი მკურნალობის აუცილებლობლობა, თუმცა არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული მატერიალურ ხარჯის გაღება მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოპასუხის ქმედებასთან. პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ მინიმალური სტანდარტის დაცვითაც კი ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, უფრო მეტიც მოსარჩელის მხრიდან არ მითითებულა ის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შესაძლოა წარმოეშვა მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. პირველ რიგში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მხრიდან 37 144.2 ლარის ოდენობით ზიანის განცდის ფაქტის დამტკიცება. ამასთანავე, არ დასტურდებოდა თუ რაში გამოიხატებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მართლსაწინააღმდეგო თუ ბრალეული ქმედება და მათი ქმედებების მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან მიმართებით. მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურებისათვის ვერც ერთი შესაბამისი წინაპირობის დადასტურება ვერ შეძლო, რაც საფუძველს აცლის მის მოთხოვნას მატერიალიური ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. მიუღებელ ხელფასთან მიმართებით პალატამ დამატებით იმსჯელა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასების ჭრილში, რადგანაც სახელფასო ანაზღაურება სასამართლოს განმარტებით, დაკავშირებული იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან, რაც დამოუკიდებლად უნდა შეფასებულიყო.
18.11. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უდავო იყო მოსარჩელის მიმართ პრეტენზია გამოხატა სტუდენტმა, რასთან დაკავშირებითაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ევალებოდა მოეხდინა სათანადო რეაგირება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიეცა მოსარჩელეს სასტიკი საყვედური, რაც დარღვევის დადასტურების პირობებში წარმოადგენდა ადეკვატურ დისციპლინურ ღონისძიებას.
18.12. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაავალა სტუდენტს მიემართა მსგავსი პრეტენზიით ადმინისტრაციისათვის, რამეთუ აღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ბრალეულობა, სათანადო მოპასუხედ, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებასთან მიმართებით უნივერსიტეტი ვერ განიხილება, რადგანაც ამ ინფორმაციის თავდაპირველი ავტორი არის სტუდენტი, რის საფუძველზეც უნივერსიტეტმა დაიწყო მოკვლევა. გარდა აღნიშნულისა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ურთიერთობა გამომდინარეობს სპეციალური კანონმდებლობიდან, კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომლის შესაბამისადაც ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას. მოცემულ შემთხვევაში განცხადება გაკეთებულია 2011 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2017 წელს. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული ბრძანება სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე, მორალური ზიანის ანზღაურების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს ამ ინფორმაციიდან გამომდინარე.
18.13. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ნ.ა–ის მხრიდან მის მოხსენიებას, როგორც „ფსიქოლოგიური და სექსუალური პათოლოგი“, რაც მოსარჩელის შეფასებით წარმოადგენს იმგვარი ტიპის ცილისწამებას, რომელიც ვერ თავსდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში და რამაც განაპირობა მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა საკუთარი შელახული უფლების დაცვა, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის დავებზე ერთმანეთისაგან იმიჯნება ფაქტი და მოსაზრება. ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს სპეციალური კანონიდან, ასევე, დამკვიდრებული საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლო პრაქტიკიდან. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით აზრი განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო განცხადებაა, ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. ამასთან, ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. ამასთან, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მოპასუხემ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
18.14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ მოპასუხემ მის შესახებ განცხადება გააკეთა, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა და მას წარმოუშობდა სპეციალური კანონით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში უნივესიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან მოსარჩელის მოხსენიება „ფსიქოლოგიურ და სექსუალურ პათოლოგად“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას და მას საფუძვლად ედო ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადება და მასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული მოკვლევა.
18.15. პალატის შეფასებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მას დევნიდნენ და ავიწროვებდნენ სხვა მხრივ. არ დასტურდებოდა არც ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ აძლევდნენ შესაძლებლობას მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არჩევნებში. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია აკადემიური საბჭოსა თუ ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების შედეგები, შესაბამისად დაუსაბუთებელია მისი მითითება ჩატარებული არჩევნების უკანონობასთან მიმართებითაც.
18.16. მოსარჩელის მითითების დაუსაბუთებლობა, ჩატარებული არჩევნების უკანონობასთან მიმართებით დასტურდება აგრეთვე, იმ გარემოებით, რომ ახალი რეგულაციების შესაბამისად, აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნდა წარდგენილიყო თითოეული ფაკულტეტიდან 2 წარმომადგენელი, არჩევნების შედეგად მოსარჩელის კანდიდატურა არ არჩეულა, არც მომდევნო წლებში არჩეულა მოსარჩელის კანდიდატურა, ხოლო აკადემიური საბჭოს წევრად არჩევის წინაპირობას წარმოადგენდა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, ამდენად, მოსარჩელე 2012 წლის 2 თებერვლიდან ვერ აირჩეოდა აკადემიური საბჭოს წევრად, ვინაიდან ამ პერიოდიდან აღარ ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ხელშეკრულების გასვლის გამო.
18.17. უნივერსიტეტში ტარდებოდა კონკურსები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, რომელშიც მოსარჩელე რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. დადგენილია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 6 დეკემბრის #09-76 დადგენილების და საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების #26 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის და უნივერსიტეტისათვის ჟურნალისტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე აღძრული სარჩელი მოსარჩელემ გამოიხმო, რის გამოც იგი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული იმ კონკურსების შედეგები, რომელშიც მოსარჩელე იღებდა მონაწილეობას, დღემდე ძალაშია.
18.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის პრეტენზია, აგრეთვე, დაუსაბუთებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საკითხის კვლევისას მნიშვნელოვანი იყო შეფასებულიყო, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას გულისხმობდა.
18.19. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი იყო, 2000 წლიდან - 2017 წლის 17 თებერვლამდე, მოსარჩელე დასაქმებული იყო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. 2009 წლის 2 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე დაინიშნა უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე, 2012 წლის 2 თებერვლამდე ვადით. მითითებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოსარჩელესთან პერიოდულად იდებოდა სალექციო საათების შესაბამისად შრომითი ხელშეკრულებები და იგი უნივერსიტეტში ახორციელებდა სწავლებას არა ასოცირებული პროფესორის, არამედ მოწვეული ლექტორის რანგში. მოსარჩელეს მოწვეული ლექტორის სახით უნივერსიტეტთან ხელშეკრულებები გაფორმებულია 2012 წლიდან - 2017 წლის 17 თებერვლამდე ვადით. სწორედ 2017 წლის თებერვალს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ უნივერსიტეტმა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია ახალი შრომითი ხელშეკრულების დადება მოსარჩელესთან. წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელე მოითხოვდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაშიც გულისხმობდა უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აღდგენას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ცალსახაა, რომ მოსარჩელეს 2012 წლიდან აღარ ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა და შტატით გათვალისწინებული თანამდებობის ნაცვლად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იგი უნივერსიტეტში წარმოდგენილი იყო მოწვეული ლექტორის რანგში, რომელსაც სალექციო საათების შესაბამისად იწვევდა უნივერსიტეტი და შესაბამისად ბოლო ამგვარი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2017 წლის თებერვალში. აღნიშნული კი გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის გაზიარების შესაძლებლობას მისი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აღდგენასთან მიმართებით, რამეთუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არ იწვევს მოსარჩელის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აღდგენას. ამასთან, სასწავლო პროცესის თავისებურებისა და თავად მოწვეული ლექტორის ფუნქცია-მოვალეობის შესაბამისად, სასამართლო ვერ დაავალდებულებს მოპასუხეს მიიწვიოს ლექტორი, თუ უნივერსიტეტს არ ექნება აღნიშნული ინტერესი. მით უფრო, თავად უნივერსიტეტის პოზიციის შესაბამისად ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არის ე.წ. „მილევადი“ და უნივერსიტეტის აკრედიტაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესაბამისად მოპასუხემ სამომავლოდ შესაძლოა ამ მიმართულებით აღარ ისურვოს ფაკულტეტის განსაზღვრა.
18.20. ასევე საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის პრეტენზია იურიდიულ ფაკულტეტზე საათების განსაზღვრასთან მიმართებით, რამეთუ, ისევ ახალი რეგულაციების შესაბამისად უნივერსიტეტი აღარ ახორციელებდა იურიდიულ ფაკულტეტზე იმგვარი დამატებით საგნების სწავლებას, რაც უშუალოდ კავშირში არ იყო იურიდიულ სფეროსთან. ასევე, სტუდენტთა დახელოვნების სპეციალისტის და გაზეთ „გორის უნივერსიტეტის“ რედაქტორის პოზიციაზე მოსარჩელის შრომით ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რაც ამ მხრივაც გამორიცხავდა მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე დათხოვნის თაობაზე არც ერთ ბრძანებას სადავოდ არ ხდიდა, ზოგად პრეტენზიებს აფიქსირებს სხვადასხვა პოზიციებიდან დათხოვნაზე, 2007 წლიდან - 2017 წლის ჩათვლით. თუმცა აღდგენას ითხოვს მხოლოდ ერთ პოზიციაზე - ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, გაუმართლებელია მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან მიმართებითაც, რამეთუ სახელფასო ანაზღაურება დაკავშირებულია შრომითი ხელშეკრულების მოქმედებასთან.
19. აპელანტის საკასაციო საჩივარი
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19.2. კასატორის პრეტენზიები არსებითად სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების იდენტურია.
19.3. კასატორის განმარტებით, მოპასუხე უნივერსიტეტისა და მისი ხელმძღვანელი პირების არამართლზომიერი მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა რის გამოც მიადგა დამატებით მატერიალური ზიანი, რაც თავისმხრივ დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება სწორედ მოპასუხის პასუხისმგებლობაა.
19.4. კასატორის განმარტებით, არაა სათანადოდ გამოკვლეული და დადგენილი მის მიმართ განხორციელებული დევნა, ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელების ფაქტი, რის გამოც განიცადა მორალური ზიანი, რაც, ასევე, მოპასუხის პასუხისმგებლობა და ანაზღაურების ვალდებულებაა.
19.5. კასატორი ზემოაღნიშნულთან ერთად, უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, იმავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და/ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო, მხარის პრეტენზიების გათვალისწინებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, აგრეთვე, პირვანდელ თანამდებობაზე - ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აღდგენა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამდენად შეესაბამება მხარის მიერ სასარჩელო განცხადებით, სადავოდ გამხდარ გარემოებებს, და ამასთან, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ მათ.
24. საკასაციო სასამართლო უპირველესად, მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, კასატორის პრეტენზიებზე (ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გაწეული ხარჯები და მიუღებელი შემოსავალი - თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგად მიუღებელი ხელფასი) გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით რისი მიღწევაც მას სურდა, კერძოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ , 412-ე „ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს“ მუხლებიდან გამომდინარეობს.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოთხოვნაზე, რომ მატერიალური ზიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გასწია, გამომდინარეობდა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებებიდან, ხოლო, გაწეული ხარჯებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებლად, სარჩელზე თანდართულ დოკუმენტებზე უთითებდა (ტ.1,ს.ფ.40,48-55,68-70,128,147-152).
26. საკასაციო სასამართლო, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს მსგავს დავებში, მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მრთლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ, აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ეკვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზეობრივი კავშირის თეორია და ა.შ.) (იხ. სუსგ. ას-1365-2019, 8.10.2021).
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას. ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non) ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). ამდენად, უშუალო ანუ ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას ანუ, მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირიშედეგია.
30. ნიშნდობლივია აღინიშნოს, რომ ზიანის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანამდევი შედეგის არსებობა, ობიექტურ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს და არ უნდა შორდებოდეს სამართლებრივ და ეკონომიკურ განსაზღვრულობას, კერძოდ, მან გამოხატვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკურ ერთეულში და მისი მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ობიექტურად, სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, უარღესად დიდი მნიშვნელობისაა მტკიცების პროცედურა. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (მე-4, 102, 178-ე მუხლები). მოპასუხემ კი შესაგებელში უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით არ ადასტურებენ მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას. მოპასუხეზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებით აქარწყლებს იგი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებსა და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. თუ მოპასუხე სარჩელში მითითებულ ზიანის განაპირობებელ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, საფუძვლიან მოსაზრებას არ გამოთქვამს, არ დაასაბუთებს და არ გააბათილებს შესაბამისი მტკიცებულებებით, მაშინ, მოპასუხე სათანადოდ ვერ გაუწევს პროცედურულ წინააღმდეგობას მოსარჩელეს (შდრ. ი. გაგუა., მტკიცების ტვირთი სამოქალაქო სამართლის პროცესში, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბ., 2013, გვ.23-25, რედაქტორები - ზ. ძლიერიშვილი, ნ.კვანტალიანი).
31. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის არსებობის ფაქტი, აგრეთვე ის, რომ არსებული ზიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით გაწეული დამატებითი ხარჯების, მოპასუხის არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენდა, მინიმალური სტანდარტითაც კი ვერ დაამტკიცა მოსარჩელემ, ხოლო, მხოლოდ, სამედიცინო ცნობებისა და სამედიცინო პროცედურებისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, არ შეიძლება მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ მოსარჩელის მოთხოვნის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლობის გამო (იხ. წინამდებარე განჩინების 41-42 პუნქტები), საფუძველსაა მოკლებული მიუღებელი შემოსავლის - ხელფასის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაც, ვინაიდან, მსგავსი მოთხოვნის საფუძვლიანობა პირდაპირ კავშირშია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების შეფასებასთან.
32. საკასაციო სასამართლო, მორალურ ზიანთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიების პასუხად, უნივერსიტეტის შესაძლო ვალდებულების შეფასების შესახებ განმარტავს, რომ კასატორის მიერ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა გარემოებების მითითებისას, უმნიშვნელოვანესია, ის გარემოება, რის გამოც, მოპასუხე უნივერსიტეტში, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა.
33. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს განცხადებით მიმართა სტუდენტმა, რომლის მიხედვითაც, პრეტენზია იყო გამოთქმული მოსარჩელის ქმედებებთან დაკავშირებით განმცხადებლის მიმართ. უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინური კომისიის 2011 წლის 17 ნოემბრის დასკვნის (ტ.1,ს.ფ. 194), მიხედვით კი ირკვევა, რომ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მოსარჩელის მიერ, განმცხადებელი სტუდენტის მიმართ, საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი დადგინდა, რის გამოც, მოსარჩელეს მიეცა სასტიკი საყვედური (ტ.1,ს.ფ. 194-195).
34. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, გასაზიარებელია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მტკიცება, რომ უნივერსიტეტის დავალებით გამოთქვა სტუდენტმა დასახელებული პრეტენზია, ასეც რომ ყოფილიყო, მოსარჩელეს მსგავსი ბრალდების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პრეტენზია უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, მის მიმართ წარმოადგენს ცილისწამებას, და განმარტავს, რომ პირველ რიგში აღსანიშნავია, ხანდაზმულობის საკითხი, რომელიც მოწესრიგებულია სპეციალური კანონით და შეადგენს 100 დღეს, იმ მომენტიდან როდესაც პირი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა მსგავს ინფორმაციას. განსახილველ შემთხვევაში, არათუ 100 დღე, არამედ 6 წელია გასული, მას შემდეგ, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო მსგავსი ფაქტის შესახებ, ამასთან ერთად, ადმინისტრაციის თანამშრომლის შესაბამისი განცხადება შეფასებითი ხასიათის მსჯელობა იყო, რომელიც ეყრდნობოდა სტუდენტის განცხადებას, ხოლო, აღნიშნული თავისმხრივ შეფასდა და გამოკვლეულია შესაბამისი წესით და მოსარჩელეს დაეკისრა შესაბამისი სანქცია.
36. ზემოაღნიშნული უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირი ეყრდნობოდა სტუდენტის განცხადებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და არა ფაქტის შემცველ განცხადებად, რადგან ისინი უმთავრესად გამოხატავს და ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მხარეთა მიერ დასახლელებულ გარემოებებს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1152-2020 17 მარტი, 2021 წელი).
37. ამდენად, მოსარჩელემ, შესაბამისი მტკიცების ტვირთის გაწევით, ვერ უზრუნველყო სათანადო გარემოებების (უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მისი დევნა შევიწროვება, შესაძლებლობის მოსპობა, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში) დამტკიცება, იმ შედეგის მისაღწევად, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს არც შესაბამისი არჩევნების შედეგები გაუსაჩივრებია, რაც აგრეთვე გამორიცხავს ამ მიმართულებით სასამართლოს მსჯელობის შესაძლებლობას.
38. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არჩევნების ჩატარების მომენტისთვის, არ წარმოადგენდა აკადემიური თანამდებობის წევრს, არსებული რეგულაციების მიხედვით ვერც მიიღებდა მონაწილეობას შესაბამის კანდიდატად. კონკურსის შედეგები კი, რომელიც აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ტარდებოდა, და რომელშიც მოსარჩელემ ვერ გაიმარჯვა, ძალაშია თავდაპირველი ფორმით, მოსარჩელემ აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი გამოიხმო, რის გამოც განუხილველად დარჩა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა სათანადო წესით, მის მიერ გამოთქმული პრეტენზიების საფუძვლიანობა მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ.
39. საკასაციო სასამართლო, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სადავო ბრძანებით, რომელიც გამოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის (სშკ) 37-ე მუხლის „ბ“ პუნქტის „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა“ საფუძველზე, მოსარჩელეს, როგორც უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს (და არა ასოცირებულ პროფესორს, რომელ თანამდებობაზეც ითხოვს კასატორი აღდგენას) ამოეწურა ხელშეკრულების ვადა.
40. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარის მიერ მითითებულ ხელშეკრულების შეწყვეტით, მას როგორც უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, დასახელებული საფუძვლით, და არა როგორც ასოცირებულ პროფესორს, რომელ თანამდებობაზეც ითხოვს ის აღდგენას, ამდენად, იმ მოთხოვნის საფუძვლიანობისა და ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების პირობებშიც კი, მოსარჩელე ვერ მიაღწევს სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრულ მიზანს და ვერ დაუბრუნდება ასოცირებული პროფესორის თანამდებობას. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის გათვალისწინებით არ არსებობს, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის საფუძვლებიც.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება.
42. კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ვ. კაკაბაძე