საქმე №ას-359-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ა.ს.ც–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ი–ი (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) დასაქმებული იყო შპს ,,ა.ს.ც–ში“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი).
2. კომპანიის დირექტორის 2019 წლის 12 თებერვლის №5 ბრძანებით, კომპანიის დასაქმებულებთან, მათ შორის - მოსარჩელესთან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა.
3. მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანებას - 2830 ლარს.
სასარჩელო მოთხოვნა:
4. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისთვის სახელფასო დავალიანების - 26730 ლარის დაკისრება.
5. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის, კომპანიის 2015 წლის 5 იანვრის №37 ბრძანებით, შრომის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც იგი კომპანიის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე დასაქმდა. მისი თანამდებობრივი სარგო კი - ხელზე ასაღები 1500 ლარით განისაზღვრა.
6. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის იანვრიდან - 2019 წლის იანვრის ჩათვლით მისი მიუღებელი სახელფასო დავალიანება 26730 ლარია.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მოსამზადებელ სხდომაზე კი განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ხელმოწერილი არ იყო კომპანიის დირექტორის მიერ და, შესაბამისად, მისი ნამდვილობა და დასაქმებულის კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორად მუშაობა არ დასტურდებოდა.
8. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელე კომპანიაში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდა და ხელფასი გამომუშავებით ერიცხებოდა, მის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანება კი, სინამდვილეს არ შეესაბამება. აუდიტის დასკვნით დგინდება, რომ დამსაქმებელს დავალიანება დასაქმებულის მიმართ მხოლოდ 2830 ლარია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 26730 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
10. მოპასუხემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების დადებისა და მისგან წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ასევე - სახელფასო დავალიანების არსებობა, სადავოა მხოლოდ დავალიანების ოდენობა.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით ყურდაღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის №2111/72891 ცნობა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ კომპანიიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით იყო 34087.5 ლარი, დაკავებული საშემოსავლო გადასახადი კი - 6817.5 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს მითითებულ პერიოდში მიღებული ჰქონდა შრომის ანაზღაურება დაბეგვრის შემდეგ - 27270 ლარი (34087.5-6817.5). სასამართლოს განმარტებით, ცნობაში მოცემულ ცხრილში, 2016 წლის იანვრის, თებერვლის, სექტემბრისა და რამდენიმე თვის დარიცხული ხელფასი 1875 ლარს შეადგენდა, რაც იდენტური იყო სარჩელზე თანდართულ შრომითი ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებულ შრომის ანაზღაურების ოდენობისა, რომლის ნამდვილობა, კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოუწერლობის გამო, მოპასუხემ სადავოდ გახადა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტსა და იმავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმება შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილი არ იყო, ამიტომ სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობიდან გამომდინარე, მოსარჩელის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით უნდა მიეღო ხელფასი - 55500 ლარი, საიდანაც ასანაზღაურებელია 28230 ლარი. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს 26730 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, სსსკ-ის 248-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სახელფასო დავალიანების - 26730 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული კომპანიის ანგარიში და მიუთითა, რომ ანგარიშის მიხედვით არ ირკვეოდა, თუ რას დაეყრდნო ანგარიშის ავტორი მითითებული დავალიანების განსაზღვრის დროს, მაშინ, როდესაც უდავოდ დადგენილი იყო, მოსარჩელეს რამდენი ჰქონდა ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის პერიოდში და რეალურად რამდენი მიიღო.
17. სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად, განსახილველ შემთხვევაშიც, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა სრულად მიიღო შრომითი ანაზღაურება, რაც მან ვერ დაადასტურა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ ვლინდებოდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
20. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ პუნქტები და იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ პუნქტები დაარღვია, ამასთან, საქმეზე განახორციელა ფორმალური მართლმსაჯულება, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 390.3 მუხლის ,,გ“ პუნქტის დარღვევაში, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს პროცესუალურ უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არამც და არამც არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით განახორციელოს მართლმსაჯულება.
21. მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულების ფორმალურ განხორციელებას ადასტურებს კასატორის მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი კონკრეტული პრეტენზიები, რომლის სრულყოფილად შესწავლისა და საპროცესო ნორმების მოთხოვნთა დაცვით სწორი შეფასების შემთხვევაში, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი.
22. კასატორის მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები და 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, შესაბამისად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
23. კასატორის მტკიცებით, გაუგებარია სასამართლომ რატომ არ გაითვალისწინა საქმეში წარდგენილი აუდიტის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ დასაქმებულის მიმართ კომპანიის დავალიანება მხოლოდ 2830 ლარია. აღნიშნული დასკვნა მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც ეფუძნება.
24. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კომპანიის წარმომადგენლის განცხადება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 26730 ლარი ხანდაზმული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
29. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
30. მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია სახელფასო დავალიანების დაკისრების მართლზომიერება.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
32. სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია) მუხლებიდან გამომდინარეობს.
33. რაც შეეხება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას და სახელფასო დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მტკიცებას, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
34. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
35. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
37. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების თანხის დაკისრება (ხელფასის ანაზღაურება) გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, წარმოშობილია მხარეთა შორის, 2015 წლის 1 დეკემბრის №37 ბრძანების საფუძველზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე დასაქმდა და მისი თანამდებობრივი სარგო ხელზე ასაღები 1500 ლარით (დარიცხული 1875 ლარი) განისაზღვრა. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე საქმეში წარდგენილ შრომის ხელშეკრულებაზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ მასში მითითებული თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით მისაღები აქვს სახელფასო დავალიანება - 26730 ლარი.
38. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებლით დაუპირისპირდა, თუმცა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ამ უკანასკნელმა სადავოდ გახადა მოსარჩელის ადმინისტრაციულ დირექტორად მუშაობისა და სარჩელში მითითებული ხელფასის ოდენობა. მისი მტკიცებით, დასაქმებული კომპანიაში ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდა და ხელფასიც გამომუშავებით ერიცხებოდა. აუდიტის დასკვნით კი უდავოდ დასტურებდა, რომ სახელფასო დავალიანება მხოლოდ 2830 ლარია.
39. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მტკიცების ტვირთის ამ ნაწილში, დასაქმებულზე დაკისრების შესახებ და მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ პირობებში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (შდრ: დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ სუსგ-ები საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელაფასო დავალიანების საკითხის დადგენის მიზნით (შეადრ: სუსგ-ები: №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
40. მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის დასამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა კომპანიის 2015 წლის 1 დეკემბრის №37 ბრძანება, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და მისი შრომითი გასამრჯელო 1875 ლარით განისაზღვრა. საქმეში წარდგენილია მხარეთა რეკვიზიტებით მითითებული მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი შრომის ხელშეკრულებაც (რაც მოსარჩელემ დამსაქმებლისგან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო), რომელში მითითებული თანამდებობრივი სარგოც 2015 წლის 1 დეკემბრის №37 ბრძანებაში მითითებულ თანხას ემთხვევა. აღნიშნული შრომის ხელშეკრულება მოპასუხემ მხოლოდ იმ საფუძვლით გახადა სადავოდ, რომ იგი კომპანიის მიერ ხელმოწერილი არ იყო. უდავოა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად, კომპანიამ მოსარჩელეს 2016 წლის იანვარში, თებერვალში, სექტემბერსა და სხვა რამდენიმე თვეში ხელფასი - 1875 ლარი ჩაურიცხა.
41. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უარყოფს დასაქმებულის პოზიციას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები და მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, როგორც დასაქმებულის თანამდებობრივი პოზიციის, ისე - ამ უკანასკნელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის თაობაზე.
42. პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი სადავო ფაქტების უარსაყოფად დამსაქმებელს არც საკასაციო საჩივრით არ წარმოუდგენია დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები, მაგალითისათვის, დამსაქმებლის მტკიცება, რომ დასაქმებული არა კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორად, არამედ სხვა თანამდებობაზე მუშაობდა და მისი ანაზღაურება გამომუშავებით განისაზღვრებოდა, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).
43. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავოდ დასტურდება დასაქმებულის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ხელზე ასაღები 1500 ლარის ოდენობით. ამასთან, პალატის მითითებით, შრომის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა (სშკ-ის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი), რომელიც შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით (სშკ-ის 20.2 მუხლი), რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით არ ვლინდება.
44. სახელფასო დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, დასაქმებულმა მიუთითა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის ცნობაზე, რომლის თანახმად, 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით მოსარჩელის მიერ კომპანიიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 34087.5 ლარია, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 6817.5 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან დასაქმებულს დამსაქმებლისგან 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით უნდა მიეღო ანაზღაურება 55 500 ლარი, საიდანაც ანაზღაურებულია მხოლოდ 27270 ლარი, სახელფასო დავალიანება გამოდის მათი სხვაობა - 28230 ლარი. ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხონას წარმოადგენს მოპასუხისათვის მხოლოდ 26730 ლარის დაკისრება, საკასაციო პალატა სსსკ-ის 248-ე მუხლზე მითითებით, - ,,სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“, - განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკმაყოფილებული სახელფასო დავალიანება 26730 ლარი სავსებით კანონიერი და მართებულია.
45. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების - სახელფასო დავალიანების ოდენობის 26730 ლარის უტყუარობის გაქარწყლება.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის (კასატორის) საკასაციო პრეტენზიები, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, აუდიტორული კომპანიის ანგარიშთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და ასკვნის, რომ სახელფასო დავალიანების ოდენობის ნაწილში, დამსაქმებელმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ნაკლები ოდენობით სახელფასო დავალიანების არსებობას დაადასტურებდა. შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ განიმარტა, მითითებული მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება სწორედ მოპასუხეს გააჩნდა. ასეთად ვერ გამოდგება საქმეში არსებული, აუდიტორული კომპანია „ი.ა–ის“ დასკვნა, რადგან მისი შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის სახელფასო დავალიანების ზუსტად განსაზღვრა ამ მტკიცებულებით შეუძლებელია, კომპანიის მიერ არასრულყოფილად ნაწარმოები დოკუმენტების გამო.
47. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
48. ზემოაღნიშნული საფუძვლით, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ პუნქტები და იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ პუნქტები).
49. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე. საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ამ გარემოებაზე დამსაქმებელმა მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადა, რაც პროცესუალურად გამორიცხავს ასეთ პრეტენზიაზე სასამართლოს რეაგირებას. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება, რომელზედაც მოპასუხემ უნდა მიუთითოს შესაგებელში, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს, იმსჯელოს მოთხოვნის განხორციელებადობაზე (იხ. სუსგ-ები: №ას-579-554-2016, 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება, №ას1063-1023-2016, 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება).
50. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა სახელფასო დავალიანების ოდენობა.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
52. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-161-2021, 2021 წლის 4 ივნისის განჩინება; №ას-1332-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება; №ას-1684-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; №ას-934-2018, 2020 წლის 5 ივნისის განჩინება).
53. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,ა.ს.ც–ს“ (ს/კ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის (საქმე №ას-359-2021) განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1195 ლარის 30% - 358.5 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე