საქმე №ას-260-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ა.ს.ც–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ე–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ე–სა (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,ა.ს.ც–ს’’ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2015 წლის 1 ივნისს, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ექიმ-რადიოლოგად დაინიშნა.
2. ზემოაღნიშნული შრომის ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრება ეროვნული ვალუტით პაციენტის მომსახურების ღირებულების 37.5%-ით.
3. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის მიმართ, 2018 წლის მარტიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით, ასევე - 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაუცემელი სახელფასო დავალიანება - 9 725.40 ლარი ერიცხება.
სასარჩელო მოთხოვნა:
4. პირველმა მოსარჩელემ და კომპანიაში დასაქმებულმა სხვა პირებმა, მათ შორის, ბ.ბ–მა (შემდგომ - მეორე მოსარჩელე), თ.მ–მა (შემდგომ - მესამე მოსარჩელე), ა.ნ–ძემ (შემდგომ - მეოთხე მოსარჩელე), მ.ი–ძემ (შემდგომ - მეხუთე მოსარჩელე), ე.კ–მა (მეექვსე მოსარჩელე), ბ.შ–ძემ (შემდგომ - მეშვიდე მოსარჩელე), რ.გ–მა (შემდგომ - მერვე მოსარჩელე), ნ.კ–ტაძემ (შემდგომ - მეცხრე მოსარჩელე), ლ.კ–ძემ (შემდგომ - მეათე მოსარჩელე) და ი.ნ–ძემ (შემდგომ - მეთერთმეტე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვეს, ამ უკანასკნელს დასაქმებულთა სასარებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანება (პირველი მოსარჩელის მიმართ 9725.40 ლარი) და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის სახელფასო დავალიანების 0.07%.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. მოპასუხეს მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითა, რომ თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ბუნდოვანი იყო როგორც მოთხოვნილი თანხების წარმომავლობა, ასევე - მათი გაანგარიშება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, დასაქმებულთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კომპანიას პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 9725.40 ლარის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 6260 ლარის, მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ 1025 ლარის, მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ - 3028 ლარის, მეხუთე მოსარჩელის სასარგებლოდ - 3192.83 ლარის, მეექვსე მოსარჩელის სასარგებლოდ - 6090.03 ლარის, მეშვიდე მოსარჩელის სასარგებლოდ 2609.78 ლარის, მერვე მოსარჩელის სასარგებლოდ - 8431.33 ლარის, მეცხრე მოსარჩელის სასარგებლოდ - 1241.92 ლარის, მეათე მოსარჩელის სასარგებლოდ 9609.80 ლარისა და მეთერთმეტე მოსარჩელის სასარგებლოდ - 3272 ლარის გადახდა დაეკისრა;
8. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დასაქმებულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი მეხუთე, მეშვიდე-მეთერთმეტე მოსარჩელეთა მიმართ განუხილველად დატოვა, ვინაიდან მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის ღირებულება სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას არ აღემატებოდა. ამავე საოქმო განჩინებით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა უარი თქვა მეორე, მესამე, მეოთხე და მეექვსე მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ამ ნაწილში, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმისწარმოება შეწყდა).
11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულისათვის (პირველი მოსარჩელისათვის) სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სამართლებრივი წიპირობები არსებობდა.
12. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ხელფასის ოდენობის, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის პერიოდისა და დარიცხული თანხის გათვალისწინებით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სახელფასო დავალიანების გაუმართლებლად დაკისრების ფაქტი დამსაქმებელს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გაუმართაობის დამადასტურებელი არგუმენტები ვერ წარადგინა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ პუნქტები და იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ პუნქტები დაარღვია, ამასთან, საქმეზე განახორციელა ფორმალური მართლმსაჯულება, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 390.3 მუხლის ,,გ“ პუნქტის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება, განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით განახორციელოს მართლმსაჯულება.
16. მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულების ფორმალურ განხორციელებას ადასტურებს კასატორის მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი კონკრეტული პრეტენზიები, რომლის სრულყოფილად შესწავლისა და საპროცესო ნორმების მოთხოვნთა დაცვით სწორი შეფასების შემთხვევაში, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი.
17. კასატორის მტკიცებით, განსახილველ შემთხვავში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები და 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, შესაბამისად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
18. კასატორის მტკიცებით, არასწორად დათვალა თანხები. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დასაქმებულს მიმართ სახელფასო დავალიანება მხოლოდ 2102.84 ლარია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
24. მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია სახელფასო დავალიანების დაკისრების მართლზომიერება.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
26. სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია) მუხლებიდან გამომდინარეობს.
27. რაც შეეხება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას და სახელფასო დავალიანების თანხის ოდენობის დადგენის მტკიცებას, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
28. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
29. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
31. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების თანხის დაკისრება (ხელფასის ანაზღაურება) გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან, კერძოდ, მხარეთა შორის 2015 წლის 1 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად მოსარჩელე ექიმ-რადიოლოგად დაინიშნა და დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) პაციენტის მომსახურების ღირებულების 37.5%-ით, ეროვნული ლარით განისაზღვრა.
32. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებლით დაუპირისპირდა და იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ბუნდოვანი იყო როგორც მოთხოვნილი თანხების წარმომავლობა, ასევე - მათი გაანგარიშება.
33. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მტკიცების ტვირთის დასაქმებულზე დაკისრების შესახებ და მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ პირობებში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (შდრ: დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ სუსგ-ები საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელაფასო დავალიანების საკითხის დადგენის მიზნით (შეადრ: სუსგ-ები: №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
34. პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: საქმეზე წარმოდგენილია მხარეებს შორის 2015 წლის 1 ივნისს, გაფორმებული შრომითი, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ექიმ-რადიოლოგად დაინიშნა და დასაქმებულის ყოველთვიური დარიცხული (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრება ეროვნული ვალუტით პაციენტის მომსახურების ღირებულების 37.5%-ით. გარდა ამისა, წარმოდგენილია 20.12.2018წ. დათარიღებული - დანართი შრომით ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, მას ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით ეძლეოდა შემდეგი კალკულაციით: 1) ექოსკოპია - 37.5% დარიცხული; 2) ანტენატალური მეთვალყურეობა - 5 ლარი დარიცხული 2015 წლის თებერვლამდე და 6.25 ლარი 2015 წლის თებერვლიდან; 3) მედიკამენტოზური აბორტის კონტროლი 6.25 ლარი დარიცხული და 4) სტაციონალური პაციენტის ექოსკოპია - 5 ლარი. საქმის მასალებში არსებობს, სადავო პერიოდის გათვალისწინებით წარმოდგენილი მოსარჩელის სახელზე შედგენილი აღრიცხვის ფურცლები, სადაც მითითებულია, როგორც პაციენტები, ასევე - ჩატარებული გამოკვლევები და ღირებულება.
35. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სახელფასო დავალიანების - 9 725.40 ლარის არარსებობის შესახებ მტკიცებულებები, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია. იგი მხოლოდ ფორმალურად შეედავა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელიც სახელფასო დავალიანებასა და მის ოდენობას ადასტურებს (იხ. ტ.1, ს.ფ 158-187). მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ კი, მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების - სახელფასო დავალიანების ოდენობის 9725.40 ლარის უტყუარობის გაქარწყლება. შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით რაზეც ზემოთ განიმარტა, მითითებული მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება სწორედ მოპასუხეს გააჩნდა. ასეთად ვერ გამოდგება საქმეში არსებული, აუდიტორული კომპანია „ი.ა–ის“ დასკვნა, რადგან მისი შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის სახელფასო დავალიანების ზუსტად განსაზღვრა ამ მტკიცებულებით შეუძლებელია, კომპანიის მიერ არასრულყოფილად ნაწარმოები დოკუმენტების გამო.
36. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოს მოცულობა და მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა დასტურდება. ამ პირობებში კი, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
37. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან არც მატერიალური სამართლის და არც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ პუნქტები და იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ პუნქტები).
38. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა სახელფასო დავალიანების ოდენობა.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-161-2021, 2021 წლის 4 ივნისის განჩინება; №ას-1332-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება; №ას-1684-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; №ას-934-2018, 2020 წლის 5 ივნისის განჩინება).
41. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,ა.ს.ც–ს“ (ს/კ.......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის (საქმე №ას-260-2021) განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 381.13 ლარის 30% - 114.3 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე