Facebook Twitter

საქმე №ას-1263-2020 13 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – თ.ნ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „კ.ა–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, გამყიდველი ან თავდაპირველი კასატორი) თ.ნ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი ან კასტორის მოწინააღმდეგე) მიაწოდა 42 424 ლარის ღირებულების საქონელი, კერძოდ: 22.03.2014 წელს - სიმინდის თესლი, ღირებულებით - 31500 ლარი; 07.11.2014 წელს: შაიბა D.13+0.1X24X0.5, BT-PR-PNT3-D.15, BT-PF”C”29.5X17X8 VP, ღირებულებით - 529 ლარი; 21.03.2015 წელს - სიმინდის თესლი - ღირებულებით 10385 ლარი (იხ. სასაქონლო ზედნადებები: ელ-0107016729; ელ-014379848; ელ-0164597654 - ტ.1, ს.ფ.15-17).

2. საწარმომ, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოპასუხისთვის 42 414 ლარის დაკისრება მოითხოვა. ამავე სარჩელით, საწარმომ, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით საწარმოს შუამდგომლობა მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 42 414 ლარის გადახდა.

5. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საწარმოს სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განჩინება.

10. საწარმოს წარმომადგენელმა, 2020 წლის 17 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოპასუხის მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე მოყვანილ მოსავალზე - ხორბალზე, ყადაღის დადება მოითხოვა (ტ.2,ს.ფ. 202-204).

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით კომპანიის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთიდან მოყვანილ მოსავალს - ხორბალს.

12. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განცხადებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა მოითხოვა.

13. საჩივრის ავტორის პრეტენზიით მოსარჩელის მოთხოვნა მოსავალზე ყადაღის დადების შესახებ, მხოლოდ მოპასუხისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. დადგენილი იყო, რომ ექვს სამეწარმოში გააჩნია წილები მოპასუხეს, აგრეთვე ჰყავს ავტომობილი, თუმცა, მოსარჩელეს ამ ქონებასთან დაკავშირებით არ მოუთხოვია ყადაღის დადება.

14. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია, გამოყენებული უზურნველყოფის ღონისძიებით, მოპასუხისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, განმცხადებლისთვის მოეთხოვა ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა, საჩივრის ავტორის მოთხოვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებაზე.

16. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

17. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას-69-63-2015, 19.03.2015წ; #ას-1249-2018, 30.11.2018წ; ას-1302-2019, 26.12.2019).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. სუსგ. ას-1415-2019, 26.12.2019).

19. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის მიერ, საჩივრის ავტორის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან ერთად, მოსარჩელემ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის უძრავ ქონებას.

21. დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონება, 2016 წლის 13 იანვარს განახლებული ამონაწერის მიხედვით წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, თუმცა, 2016 წლის 18 იანვარს, დაჩქარებული წესით ჩატარებული წარმოების შედეგად, დასახელებულ უძრავი ქონებაზე დარეგისტრირდა ლ.ე–ის საკუთრების უფლება (ტ.2,ს.ფ. 205-206; 213-214). აღსანიშნავია, რომ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, უზრუნველყოფის შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განჩინება, 2016 წლის 15 იანვარს, პარასკევ დღეს მიიღო, ხოლო, მომდევნო, პირველივე სამუშაო დღეს, დასახელებული უძრავი ქონება, მოპასუხემ დაჩქარებული წესით, განჩინების აღსრულებამდე გაასხვისა.

22. განმცხადებლის მიერ წარდგენილი წერილობითი პასუხით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დგინდება, რომ მოპასუხეს ექვს საწარმოში აქვს წილი, თუმცა, ვერ დგინდება, გააჩნია თუ არა რაიმე სახის ქონება აღნიშნულ კომპანიებს (ტ.2,ს.ფ.253). განმცხადებლის მიერვე წარმოდგენილი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოდან დგინდება, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია 1990 წელს გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება - „გაზ-24“.

23. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ საწარმოში არსებულ წილებზე ან ავტომობილზე უნდა გამოყენებულიყო პირველ რიგში შეზღუდვა, დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლოს განმარტებით ვერ იქნებოდა მოთხოვნის დაცვის ადეკვატური საშუალება, ვინაიდან საწარმოებს, არსებული ინფორმაციით ქონება არ გააჩნიათ. გასათვალისწინებელია, რომ ყველა საწარმო შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმით არსებობს. დასახელებული ავტომობილიც, მისი სავარაუდო ღირებულების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნის შესაბამისად დაცვას.

24. საკასაციო სასამართლო დამატებით, საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად მოპასუხისთვის, განმარტავს, რომ სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ეყრდნობა ვარაუდს, რომ შესაძლოა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ან მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოთხოვნა აღუსრულებელი დარჩეს, მოპასუხის მიზანმიმართული ქმედებების ან სხვა გარემოებების გამო, განსახილველ შემთხვევაში კი სახეზე იყო ფაქტი, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, აღსრულებამდე გამოუსადეგარი გახდა მოსარჩელისთვის, ვინაიდან, იმავე პერიოდში, დაჩქარებული წესით გადაფორმდა უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ქონება მოპასუხისგან სხვა პირზე.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატურია მოსარჩელის ინსტერესების დასაცავად და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ხოლო, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც, მისი მოთხოვნა, უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია, აგრეთვე, ზემოაღნიშნული არგუმენტაციითვე, დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა, შესაძლო ზარალის, მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის შესახებ, ვინაიდან, არაა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ნ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ.ნ–ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე