საქმე № ას-368-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ფ–ძე, მ.ჯ–ძე, თ.თ–ი, გ.პ–ძე, გ.ფ–ძე, ა.ხ–ძე, ც.ხ–ძე, ვ.გ–ძე და თ.თ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ც–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ.ც–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი ნ.ფ–ძის, მ.ჯ–ძის, თ.თ–ის, გ.პ–ძის, გ.ფ–ძის, ა.ხ–ძის, ც.ხ–ძის და ვ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) წინააღმდეგ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველი, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნები მისი დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ იყო მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო, სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება. ასეთ ვითარებაში მოსარჩელეს შეუძლია აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა.
3.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით 2014 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ანუ სადავო უძრავ ქონებაზე პირველი ხელშეკრულების დადების დროისათვის ბათუმში, ......... ქ. N12-ში მდებარე უძრავი (სადაო) ქონების მესაკუთრეებს თანაბარ წილში წარმოადგენდნენ მოსარჩელე და მისი და ნ.ც–ძე (იხ. სარჩელი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 137-156 პირველი ტ.), სასარჩელო დავის ფარგლებში კი პრეტენზიას მხოლოდ მოსარჩელე აცხადებს, რომელიც ბათუმში, ......... ქ. N12-ში მდებარე უძრავ (სადაო) ქონებაზე დადებული ხელშეკრულებების სრულად გაუქმებას ითხოვს, რომელიც მოიცავს როგორც მისი, ასევე მისი დის საკუთრებაში არსებულ წილებსაც, რაც უფლების სასამართლო წესით დაცვას და დისპოზიციურობის პრინციპს ეწინააღმდეგება იმდენად, რამდენადაც მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტის ან/და სხვა პირის მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა მისი უფლების დაცვაც. მოცემულ შემთხვევაში ამ პირს ნ.ც–ძე წარმოადგენს, რომელიც არც მოსარჩელეა და არც შესაბამისი უფლების გამცემი მოსარჩელისათვის.
4. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახალი განხილვა მოითხოვეს.
5. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები დაუსაბუთებელია. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც იურიდიული ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი გამორიცხავდა სარჩელის საფუძვლიანობას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე N ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-437-409-17 29.09.17, ას916-857-17, 12.09.17; ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარდგენილი სარჩელით სადავო უძრავ ქონებებზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობა მოითხოვა, ამ ქონებების შესახებ, მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის გარეშე (იხ. სარჩელი, ტ.1,ს.ფ. 143-144), ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და შესაბამისობაშია მსგავს საკითხებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ პასუხობდა სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ Nას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
12. ამასთანავე, პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დასაბუთებულია იმ მხრივაც, რომ, ვინაიდან, 2014 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ანუ სადავო უძრავ ქონებაზე პირველი ხელშეკრულების დადების დროისათვის ბათუმში, ......... ქ. N12-ში მდებარე უძრავი (სადაო) ქონების მესაკუთრეებს თანაბარ წილში წარმოადგენდნენ მოსარჩელე და მისი და ნ.ც–ძე (იხ. სარჩელი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 137-156 პირველი ტ.), სასარჩელო დავის ფარგლებში კი პრეტენზიას მხოლოდ მოსარჩელე აცხადებს, რომელიც ბათუმში, ......... ქ. N12-ში მდებარე უძრავ (სადაო) ქონებაზე დადებული ხელშეკრულებების სრულად გაუქმებას ითხოვს (სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით), რომელიც მოიცავს როგორც მისი, ასევე მისი დის საკუთრებაში არსებულ წილებსაც, რაც უფლების სასამართლო წესით დაცვას და დისპოზიციურობის პრინციპს ეწინააღმდეგება იმდენად, რამდენადაც მოსარჩელემ შესაბამისი დოკუმენტის ან/და სხვა პირის მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა მისი უფლების დაცვაც. მოცემულ შემთხვევაში ამ პირს ნ.ც–ძე წარმოადგენს, რომელიც არც მოსარჩელეა და არც შესაბამისი უფლების გამცემი მოსარჩელისათვის.
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ–ძის, მ.ჯ–ძის, თ.თ–ის, გ.პ–ძის, გ.ფ–ძის, ა.ხ–ძის, ც.ხ–ძის, ვ.გ–ძის და თ.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე