საქმე №ას-345-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.კ–სი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ი, ვ.ს–ძე, მ.ლ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ.კ–სის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ნ.ლ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე), მ.ლ–ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და ვ.ს–ძის (შემდეგში: მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ, გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (სასარჩელო მოთხოვნები - ბათილად იქნეს ცნობილი პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის, 2014 წლის 11 სექტემბერს, დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნეს ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის, 2018 წლის 2 მარტს, იმავე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება; მოსარჩელე აღირიცხოს ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1 პირველ მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით 41,7 კვ.მ, მდებარე ქ.თბილისი, ....... მიმდებარედ (2009 წლის 12 ნოემბრის N 3113 საკუთრების უფლების მოწმობა);
3.2. პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ ....... მიენიჭა, მდებარე ქ.თბილისი, ....... (ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2011 წლის 7 სექტემბრის N 37-1565 დადგენილება);
9.3. საბინა ლალიაშვილს, როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელსა, და მოსარჩელეს შორის, 2019 წლის 18 დეკემბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს 665 000 აშშ დოლარად (ლარში 1 139 500 ლარი) მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ......... ს/კ .........;
9.4. შპს „ი–ის“, 2014 წლის 20 აგვისტოს უძრავი ქონების აუდიტორული შეფასების (საექსპერტო დასკვნა) თანახმად, შეფასების ობიექტი იყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 213 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომლის გარკვეული ფართის ნაწილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბრძანებით N 4 10.01.2008 დამტკიცებული სახლის პროექტის თანახმად შენობა-ნაგებობის მთლიანი ფართობი შეადგენს 1139,37 კვ.მ-ს, საიდანაც მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება შეფასდა 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტად ლარში;
9.5. მეორე მოპასუხეს, როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელსა, და მესამე მოპასუხეს შორის, 2014 წლის 11 სექტემბერს, დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად პირველმა მოპასუხემ, 20 000 აშშ დოლარად, გაყიდა და მესამე მოპასუხემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...... მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება 42 კვ.მ ს/კ ......; სადავო უძრავი ქონება, 2018 წლის 2 მარტს, მესამე მოპასუხემ თავის მეუღლეს - მეორე მოპასუხეს აჩუქა;
9.6. უძრავი ქონება ს/კ ...... მდებარეობს უძრავი ქონების ს/კ ...... ანუ საცხოვრებელი სახლის წინ;
9.7. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე შეთანხმდნენ შემდეგზე: პირველი მოპასუხე გაათავისუფლებდა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლს მდებარე: თბილისი, .......... ს/კ ......... თანმხლებ პირებთან ერთად, აგრეთვე გადასცემდა საცხოვრებელი სახლის და ოთახების ყველა გასაღებს არა უგვიანეს 2014 წლის 3 სექტემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ პირველი მოპასუხე არ გაათავისუფლებდა საცხოვრებელ სახლს 2014 წლის 3 სექტემბრამდე, პირველი მოპასუხე საკუთრებაში გადასცემდა მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თბილისი, .......... ხუთივე სართულზე, სარდაფსა და ეზოში არსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ, ყველა ოთახის ავეჯს, ჭაღებს, ლიფტს, აბაზანა-ტუალეტის ავეჯს და აქსესუარებს და სხვა იმ ნივთებს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობითაც მოხდა 2014 წლის 18 ივლისის 16:10 საათიდან 18:00 საათამდე საცხოვრებელი სახლის ხუთივე სართულზე სარდაფსა და ეზოში არსებული მოძრავი ნივთების, ავეჯის და სხვა ნივთების ფოტო და ვიდეო-გადაღება;
9.8. ექსპერტიზის 2019 წლის 16 ოქტომბრის N 5006608518 დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... N ... და N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ერთიან კონსტრუქციულ სისტემას. შენობა-ნაგებობის განთავსება ორ მიწის ნაკვეთზე დაუშვებელია 2016 წლის 24 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N 14-39 დადგენილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულაციების წესის დამტკიცების შესახებ 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ N ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში მოხვედრა შესაძლებელია N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან გავლის შემდეგ;
9.10. ქ. თბილისში, .......... პირველი შესახვევი N 8-ის მიმდებარედ 42 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის წინა ნომერი 3), 2018 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის საკუთრებად.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადგენილიყო სადავო მიწის ნაკვეთი ს/კ N ..... წარმოადგენს თუ არა ს/კ ...... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს რომელზედაც განთავსებულია ძირითადი შენობა-ნაგებობა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 18 დეკემბერს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, უძრავ ქონებაზე ს/კ N ..... ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ ერთ საკადასტრო ერთეულზე და მასში არ არსებობს სადავო უძრავი ქონების თაობაზე. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე უძრავი ქონების ს/კ N .... მესაკუთრე გახდა.
12. საცხოვრებელი სახლის წინ მდებარეობს სადავო უძრავი (მიწის ნაკვეთი) ქონება ს/კ N ......., რომლის გავლითაც შესაძლებელია საცხოვრებელ სახლში შესვლა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება ს/კ N ....... , თავდაპირველად რეგისტრირებული იყო პირველი მოსარჩელის სახელზე, მოგვიანებით ამ უკანასკნელმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გაასხვისა შვილის მეუღლეზე - მესამე მოპასუხეზე, ხოლო მან კი, თავის მხრივ, ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მეუღლეს - მეორე მოპასუხეს. ამდენად, დგინდება, რომ სადავო ქონება ს/კ N ....... წარმოადგენდა ცალკე ობიექტს, არ იყო ნასყიდობის ან იპოთეკის საგანი, შესაბამისად მესაკუთრეს შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა საკუთრება, რაც განახორციელა კიდეც. სადავო უძრავი ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე თავდაპირველად იყო პირველი მოპასუხე, რომელმაც ქონება 2009 წლის 12 ნოემბერს N 3113 საკუთრების მოწმობის საფუძველზე თავის სახელზე დაირეგისტრირა.
13. აპელანტი მიუთითებდა, რომ ძირითადი შენობა-ნაგებობა განთავსებულია მიწის ნაკვეთზე ს/კ N ....., ხოლო ამავე შენობა ნაგებობის კარები, ანუ სახლში შესასვლელი კარები, შენობა-ნაგებობის ბოძები და შენობა-ნაგებობის ღობე განთავსებულია მიწის ნაკვეთზე ს/კ N .......
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად დეფინიციას, ასევე განსაზღვრავს, რა მიიჩნევა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სსკ-ის 150-ე მუხლის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთების შეერთების შედეგად შექმნილი ერთიანი ნივთის ეკონომიკური ღირებულება და თავიდან აიცილოს ნივთის ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელი განცალკევება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ შესაძლებელი იყოს განცალკევებულ ნაწილებზე სხვადასხვა უფლების წარმოშობა (იხ.: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 150, ველი 1). შესაბამისად, არსებითი შემადგენელი ნაწილის დახასიათებისას შეიძლება გამოვყოთ ძირითადი ნიშნები. არსებითი შემადგენელი ნაწილები ნივთის ისეთი ნაწილებია, რომლებიც: ა) შეუძლებელია ერთმანეთისაგან იმგვარად იქნეს დაშორებული, გამოცალკევებული, რომ ამით არ განადგურდეს ერთი ან მეორე ნაწილი (ნივთები, რომლებიც სხვა ნივთთან შეერთების შედეგად კარგავენ დამოუკიდებლობას და ერთი მთლიანი ნივთის ნაწილები ხდებიან); ან ბ) არ შეიცვალოს მათი ბუნება და დანიშნულება (გამოცალკევება შესაძლებელია, მაგრამ ეს უარყოფითად აისახება მათ ბუნებასა და დანიშნულებაზე, ასევე მათ ეკონომიკურ ღირებულებაზე). შესაბამისად, ან ერთი, ან მეორე წინაპირობის არსებობის შემთხვევაში ნივთის შემადგენელი ნაწილი შეიძლება მივიჩნიოთ არსებითად. არსებითი შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას გადამწყვეტია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული შეხედულება ან ობიექტური დამკვირვებლის გონივრული განსჯა. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (სუსგ. N ას-1163-1118-2016, 29.06.2017წ.). არსებითი შემადგენელი ნაწილი შესაძლებელია თავად შეიცავდეს არსებით შემადგენელ ნაწილებს. მაგალითად, შენობა- ნაგებობის, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა ნივთები, რომლებიც საჭიროა შენობის ასაგებად და შედის მის შემადგენლობაში. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილებისგან განსხვავებით, მყარი კავშირი, როგორც წესი, აქ არაა აუცილებელი. საკმარისია, რომ ნივთი შედიოდეს შენობა-ნაგებობის შემადგენლობაში (იხ. ბესარიონ ზოიძე, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „უფლება“, 1999წ., გვ.27-28). შენობის მოსაპირკეთებლად და დასრულებული იერის მისაცემად დართული ნივთები შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილებია. შენობა მოიაზრება თავის შემადგენელ ნაწილებთან ერთად, რომლითაც იგი აღჭურვილია: შიდა კედლები, ლიფტი, მოაჯირი, წყლის მილი, გათბობის და განათების სისტემა, შიდა ფანჯრები. საყურადღებოა, რომ კრიტერიუმს წარმოადგენს არა გამოცალკევების უნარი, არამედ იმ პირის განზრახვა, ვინც შენობა ააშენა (იხ. თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.114).
15. უდავოა, რომ ორი უძრავი ქონება ორ სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე ს/კ N ..... და ს/კ N ........ ობიექტად არის დარეგისტრირებული სხვადასხვა დროს. თავდაპირველად სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა პირველი მოპასუხე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 49), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება 2014 წლის 11 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებული იქნა მესამე მოპასუხეზე, რომელმაც 2018 წლის 2 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება გადასცა მეორე მოპასუხეს.
16. შენობა ნაგებობის კარები, ანუ სახლში შესასვლელი კარები, შენობა-ნაგებობის ბოძები და შენობა-ნაგებობის ღობე, წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ს/კ ........ მდებარე შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს და იგი ვერ განიხილება მიწის ნაკვეთის ს/კ N ....... არსებით შემადგენელ ნაწილად.
17. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის თანახმად რეგისტრაციის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.
18. მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობის) არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით.
19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსაზღვრული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში. კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე. ეს უფლება ვერ გავრცელდება სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღმართულ შენობა-ნაგებობებზე.
20. აპელანტის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი სახლის გარეშე პირველ მოპასუხეს არ გადაეცემოდა სადავო მიწის ნაკვეთი ს/კ N ........, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და არ გაიზიარა ეს მტკიცება, რადგან, როგორც თავად აპელანტიც ადასტურებდა, შენობა-ნაგებობის განთავსება ორ მიწის ნაკვეთზე დაუშვებელია 2016 წლის 24 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ამდენად, მოსარჩელემ/აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მესაკუთრედ აღიარების მართლზომიერება, მით უფრო მაშინ, როცა საქმეში არსებული 2013 წლის 18 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს 665 000 აშშ დოლარად (ლარში 1 130 500 ლარი) მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, .......... ს/კ .......
21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება ს/კ N ..... უძრავი ქონების ს/კ N ...... არსებით შემადგენელ ნაწილად ვერ განიხილება, რადგან მითითებული უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სხვადასხვა საკადასტრო კოდით და სხვადასხვა ქონებად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს საცხოვრებელ სახლთან მისასვლელით სარგებლობაში, ეს საკითხი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ვერ დაკმაყოფილდებოდა.
22. იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება ამჟამად მოსარჩელის/აპელანტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის არსებითი შემადგენელი ნაწილია, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე უარყო აპელანტის მოთხოვნა ამ ქონების შემდგომი განკარგვის კანონიერებასთან დაკავშირებით, რადგან პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის 2014 წლის 11 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2018 წლის 2 მარტს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია მოსარჩელის/აპელანტის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ვინაიდან მას არ წარმოეშვება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად, მისი ინტერესი არც აღიარებითი და არც მიკუთვნებითი მოთხოვნის მიმართ არ არის გამართლებული.
23.მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
24. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ ჩათვალა დადგენილ გარემოებად, რომ 2009 წლის 12 ნოემბრის საკუთრების მოწმობის გაცემას წინ უსწრებდა 2008 წელს სათანადო პროექტის შესაბამისად პირველი მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობა უძრავ ქონებაზე ს/კ N ........, მან ააშენა თანამედროვე ტიპის 4 -სართულიანი სახლი მანსადრით. საცხოვრებელი სახლის გარეშე პირველ მოპასუხეს არ გადაეცემოდა სადავო მიწის ნაკვეთი ს/კ N ...... კასატორი უზენაესი სასამართლოს N ას-1167-1097-2015 განჩინებას მოიხმობს ნივთის არსებით შემადგენელი ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით.
25. კასატორის მტკიცებით სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 312-ე მუხლი, რადგან საკითხი არ ეხება ორ დამოუკიდებელ უძრავ ნივთს, არამედ ერთი მეორის არსებითი შემადგენელი ნაწილია.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ როდესაც იგი (მოსარჩელე) გახდა უძრავი ქონების ს/კ N ..... მესაკუთრე, ასევე უნდა გამხდარიყო უძრავი ქონების ს/კ N .......... მესაკუთრეც, რადგან ეს უკანასკნელი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების არსებითი შემადგენელი ნაწილია და იგი ცალკე უფლების ობიექტი არ არის. ამ მიზნით მოსარჩელე იმ გარიგებათა ბათილობას ითხოვს, რომელთა თანახმადაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ჯერ მესამე მოპასუხე და შემდეგ კი მეორე მოპასუხე გახდა. მოსარჩელე საკუთარი აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად სადავო უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვას მიიჩნევს.
32. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
33. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა, რომ მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ .......) მისი კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ ......) არსებითი შემადგენელი ნაწილია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ- სამართლებრივ შეფასებებს (იხ. ამ განჩინების 9.8-ე, მე-11, მე-12, მე-14, მე-17, 22-ე პუნქტები) და დამატებით აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებები ერთიან კონსტრუქციულ სისტემას წარმოადგენს, თუმცა მათ სხვადასხვა საკადასტრო კოდები აქვთ მინიჭებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო კოდი არის უნიკალური კოდი, რომლის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ უძრავ ქონებათა გამიჯვნა, ერთმანეთისაგან განსხვავება და მათზე სხვასხვა უფლებათა რეგისტრაცია მოხდეს. შესაძლებელია ერთი უძრავი ქონება სამშენებლო თვალსაზრისით მეორე უძრავ ქონებასთან იყოს დაკავშირებული ან მიერთებული, რაც მათ ერთ უძრავ ქონებად არ აქცევს უფლებრივი თვალსაზრისით. ასევეა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება კონსტრუქციულად მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილია (სივრცობრივ ერთიანობაშია), თუმცა ისინი უფლებრივად ერთმანეთზე დამოკიდებულნი არ არიან. საქმის მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ლოგიკური თანმიმდევრობა სასარჩელო მოთხოვნის წარმატებას გამორიცხავს.
35. სსკ-ის 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად დეფინიციას, ასევე განსაზღვრავს რა მიიჩნევა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სსკ-ის 151-ე მუხლი კი აწესებს, რა მიიჩნევა საკუთვნებლად: საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.
36. ნივთის შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, თვით ნივთის სამეურნეო დანიშნულება. ნივთის შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ასევე საჭიროა, რომ ამ კავშირის შედეგები განვიხილოთ, როგორც ერთიანი ნივთი. როცა ნივთების კავშირით იქმნება ერთიანი ნივთი, მაშინ არ შეიძლება ვილაპარაკოთ სხვადასხვა ნივთზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით (იხ. სუსგ N 3კ-675-02, 22.11.2002წ. შეად. სუსგ-ას N ას-263-2020, 06.11.2020წ.).
37. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორმა ვერ შეარყია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სადავო უძრავი ქონებისა და მოსარჩელის კუთვნილი ქონების ცალ-ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი დასაბუთებული და გამართლებრული არ არის, ვინაიდან სადავო გარიგებათა ბათილობით იგი ვერ გაიუმჯობესებს უფლებრივ მდგომარეობას; დადგენილია, რომ სადავო ქონება მისი კუთვნილი უძრავი ქონების არსებითი შემადგენელი ნაწილი არ არის, იგი ცალკე, დამოუკიდებელი ობიექტია და დამოუკიდებელ საკუთრებად ირიცხება საჯარო რეესტრში. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მიკუთვნებითი მოთხოვნაც, რადგან მეორე მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა და ამ ქონების მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–სის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.კ–სს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3123 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2021 წლის 19 ივლისი), 70% – 2186,1 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური