Facebook Twitter

საქმე №ას-449-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ჰ.ბ.გ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ნ.მ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ.მ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყიდველი) სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1. შპს „ჰ.ბ.გ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი ან კასატორი) მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან დარჩენილი 7512 ლარი და პროცესის ხარჯი, სულ 342.7 ლარი დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელემ 2014-2016 წლებში მოპასუხეს 72 852 ლარის საქონელი მიაწოდა, რასაც მოპასუხე მხარის საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც ადასტურებს.

3.2. მოპასუხემ მოსარჩელეს შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან, 72 852 ლარიდან, ნაწილი - 65 340 ლარი გადაუხადა, ხოლო 7 512 ლარი გადასახდელი დარჩა.

3.3. მოსარჩელემ 2019 წლის 22 აგვისტოს აპლიკაციით (რისთვისაც 100 ლარი გადაიხადა) მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, მოპასუხემ კანონით დადგენილ 10 - დღიან ვადაში პროტესტი შეიტანა და არ დაეთანხმა აპლიკანტის მოთხოვნას უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო (იხ. ტ.1, ს.ფ.53 და 55-56).

4. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შედავების პირობებში მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე იმსჯელა და მიუთითა, რომ თავდაპირველად ხანდაზმულობის ვადის ათვლის დადგენა და შემდეგ მისი დენის შეწყვეტის გარემოებების გამოკვლევა იყო მნიშვნელოვანი. ამ მიზნით, პირველ რიგში, ყურადღება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე გაამახვილა: საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სადაც აღწერილია საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კერძოდ: ღირებულება, რაოდენობა, მიწოდების დრო და ა.შ. მოპასუხე სადავოდ არ ხდის აღნიშნულ დოკუმენტაციას, მათ შორისაა: ანგარიშის ბარათი, სადაც მოცემულია ინფორმაცია 20.12.2014 წლიდან 03.02.2017 წლამდე მოპასუხის მიერ მიღებული საქონლის ღირებულების, ნასყიდობის თანხის გადახდისა და დავალიანების თაობაზე; 2016 წლის 26 სექტემბერს მოპასუხისგან 9500 ლარის მიღების თაობაზე სალაროს შემოსავლის ორდერი; 2017 წლის 03 თებერვალს მოპასუხისგან 1500 ლარის მიღების თაობაზე სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო შემდეგ მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე: ორი ანგარიშის ბარათი, კერძოდ, ერთი 01.01.2016 წლიდან 01.01.2021 წლამდე, მეორე კი, 01.01.2014 წლიდან 01.01.2021 წლამდე ბრუნვის პერიოდს ასახავს. ამასთან, პირველად წარდგენილ ბარათში მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა არ არის მითითებული, დავალიანების თაობაზე კი, მეორე ბარათის მონაცემი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალის ოდენობას, 7512 ლარს ემთხვევა; ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი, რომლითაც შემოწმდა მოპასუხის საბუღალტრო პროგრამაში შეყვანილი მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული გადახდები.

5. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარგის საშუალებას წარმოადგენს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 138-ე მუხლის „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები“ საფუძველზე წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას.

6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით მხარეთა პოზიციებზე, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, მის მიერ წარდგენილი ანგარიშის ბართის მიხედვით მოპასუხემ ბოლოს გადაიხადა 2016 წლის 26 სექტემბერსა და 2017 წლის 03 თებერვალს და სწორედ ბოლო გადახდიდან უნდა აითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც მოპასუხემ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით ბოლო გადახდა 2016 წლის 28 მაისს შესრულდა, მოსარჩელის მიერ მითითებულ თარიღებში კი, მას თანხა არ გადაუხდია.

7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს საქმიანი ურთიერთობა 2014 წლიდან ჰქონდათ, მოსარჩელე საქონელს აწვდიდა, ხოლო მოპასუხე შესაბამის საფასურს იხდიდა. ვინაიდან, საქმეში წარდგენილი არ იყო მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება და არც სხვა დოკუმენტებიდან არ დგინდებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვადის თაობაზე მხარეთა შეთანხმება, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ შეთანხმების მიხედვით, მყიდველს ნასყიდობის საფასური მიწოდებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა. სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულების კანონისმიერ მოწესრიგებას დაეყრდნო და სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“ მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველს საქონლის მიწოდებისას უნდა გადაეხადა.

8. ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვით გამყიდველმა საქონელი ბოლოს 2016 წლის 4 ივნისს მიაწოდა, სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ნასყიდობის საფასურის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ბოლო მიწოდების თარიღიდან უნდა დაიწყოს.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან არც ერთი დოკუმენტი არ იყო პირდაპირი და უტყუარი, რომელიც თანხის გადახდას ან გადაუხდელობას დაადასტურებდა, კერძოდ, ანგარიშის ბარათები საბუღალტრო პორგრამაში მხარეებმა თავადვე აღრიცხეს და სრულად აკონტროლებდნენ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის შექმნა, რომელიც მკაცრი აღრიცხვის ბარათია, მისსავე კონტროლს ექვემდებარება და, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის თანხმობა ან სხვა რაიმე ქმედება მისი ნამდვილობის დასადასტურებლად არ სჭირდება, ეს დოკუმენტიც პირდაპირი მტკიცებულების ფუნქციას ვერ შეასრულებს.

10. სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარდგენილია ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც დავის სწორად გადაწყვეტისთვის, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად უნდა შეფასებულიყო.

11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა მიერ წარდგენილ ბარათებში ერთმანეთის შეუსაბამო მონაცემებია, მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ანგარიშის ბარათებში (01.07.2015წ; 10.08.2015წ. და 28.05.2016წ.) არსებული გადახდები, არ ასახულა მის მიერ წარდგენილ ანგარიშის ბარათში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ 01.07.2015 წლისა და 10.08.2015 წლის გადახდების თაობაზე მოსარჩელემ მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის პროცესში მიუთითა და პირველ ინსტანციაში არ უდავია, სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი არ შეაფასა. რაც შეეხება 28.05.2016 წლის გადახდას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ანგარიშის ბარათში აღნიშნული თარიღით გატარებულია მხოლოდ ერთი 3000 ლარიანი გადახდა უნაღდოდ, მოპასუხესთან კი, დამატებით აღრიცხულია 3500 ლარის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შესრულების სადავოობისას, მით უფრო, როდესაც საკითხი უკავშირდება ფულადი თანხის კრედიტორისთვის გადაცემას, მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ მის მიერ წარდგენილ ანგარიშის ბარათში 28.05.2016 წლის თარიღით აღრიცხული გადახდა, მართლაც შესრულებულია. სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ ამ თარიღს საქმის გადამწყვეტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის დენა 2016 წლის ივნისიდან იწყება, თუმცა ამ საკითხის კვლევა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ დასადგენი იყო ორი სრულიად თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტიდან, ანგარიშის ბარათებიდან, რომელი შეესაბამებოდა რეალობას და უფრო სანდო რომელში მითითებული მონაცემები აღმოჩნდებოდა.

13. სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ სალაროს შემოსავლის ორდერი წარმოადგენს მოვალისგან თანხის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოვალის საბუღალტრო პროგრამაში შემდეგ აღირიცხება გადახდილი თანხები. მოსარჩელის ამ განმარტებაზე მოპასუხე არ დავობს. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად, „როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით არსებული ფინანსური ანგარიშგებები და ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა“. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში არსებულ გადახდებს საფუძვლად მოსარჩელის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები უნდა ედოს, რომელთა შენახვის ვალდებულებაც საწარმოს აქვს. სასამართლომ ისიც მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ 28.05.2016 წლის 3500 ლარიანი გადახდა პროგრამაში აღრიცხულია 2016 წლის 04 ოქტომბერს (იხ. ფაქტების კონსტატაციის ოქმი - ტ. 1, ს.ფ. 163), რასთან დაკავშირებითაც მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწვეულმა მოწმე ლ.მ–მა (პირი, ვინც ბუღალტრულად აღრიცხავდა მოპასუხე კომპანიაში) განმარტა, რომ სავარაუდოდ დაავიწყდა გადახდილი თანხის ასახვა და ჩეკის აღმოჩენის შემდეგ საბუღალტრო ანგარიშის ბარათში შეიყვანა. მოპასუხემ 28.05.2016 წლის 3500 ლარიანი სალაროს შემოსავლის ორდერი სასამართლოში არ წარადგინა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული დოკუმენტი კვლავ დაკარგა.

14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის მიერ თავდაპირველად წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ ჰქონდა. მოსარჩელემ მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა აღძრა, რის შემდეგაც მოპასუხემ დავალიანების მითითებით ახალი ანგარიშის ბარათი წარადგინა და განმარტა, რომ პირველი ანგარიშის ბარათი შეცდომით წარადგინა. საქმის განხილვისას მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სადავოდ ქცეული ერთი და იგივე დოკუმენტი, რომელიც კომპანიის მიერ თანხის გადახდას ადასტურებდა, მან ორჯერ დაკარგა. იგი ამ ფაქტს შეცდომით ამართლებს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხის პოზიციის სანდოობა საეჭვო და არადამაჯერებელია, ვინაიდან სადავო დოკუმენტი - სალაროს შემოსავლის ორდერი მოვალისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და შენახვის ვალდებულება კანონით მას ეკისრება. სასამართლომ, მოპასუხის არადამაჯარებელი პოზიციის გამო, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიშის ბარათის მონაცემები გაიზიარა და მიიჩნია, რომ მის მიმართ კეთილსინდისიერების კუთხით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

15. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის მიერ 28.05.2016 წლის თარიღით გატარებული 3500 ლარიანი გადახდა, რომელიც საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში შეყვანილია 2016 წლის 04 ოქტომბერს, რეალურად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ანგარიშის ბარათი სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებული 2016 წლის 26 სექტემბრის 9500 ლარიანი გადახდის ნაწილს წარმოადგენს. სსკ-ის 137-ე მუხლიდან „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას“. იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო არ დაადგენდა მოსარჩელის მიერ მითითებულ 2017 წლის 03 თებერვლის გადახდას, 2016 წლის 26 სექტემბრის გადახდა საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

16. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ბოლოს მინიმუმ 2016 წლის 26 სექტემბერს გადაიხადა, რითაც, 2016 წლის 05 ივნისს დაწყებული ხანდაზმულობის ვადის დენა სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე შეწყდა და სამწლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყო. მოსარჩელემ მოთხოვნის აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით 2019 წლის 22 აგვისტოს სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად მიმართა, რითაც მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დაიცვა.

17. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან დარჩენილი 7512 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

22. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

23. განსახილველი დავის საგანი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან დარჩენილი თანხის - 7512 ლარის დაკისრებაა, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477-ე მუხლის მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. განჩინების მე-7 პუნქტში) დანაწესიდან გამომდინარეობს.

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო სალაროს შემოსავლის ორდერებს და არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დარჩენილი ღირებულება 2016 წლის მაისის შემდეგ გადაიხადა. სალაროს შემოსავლის ორდერებზე არ არის მხარეთა ხელმოწერა და იგი მხოლოდ მოსარჩელის ბეჭდითაა დამოწმებული. ფაქტების კონსტატაციის ოქმით დადასტურდა, რომ მოპასუხის საბუღალტრო პროგრამაში მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია და გადახდის თარიღები საბუღალტრო გატარებებს ემთხვევა. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს დასკვნა (რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებს ეყრდნობა), რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, მცდარია. ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება სრულ წინააღმდეგობაშია სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.

25. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კასატორმა (მოპასუხემ) მოსარჩელისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პროდუქცია მიიღო, რაც გამყიდველს მყიდველის მიმართ საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს. კერძოდ: ა) მოსარჩელემ 2014-2016 წლებში მოპასუხეს 72 852 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა; ბ) მოპასუხემ მოსარჩელეს შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან 72 852 ლარიდან, ნაწილი 65 340 ლარი გადაუხადა, ხოლო გადასახდელი დარჩა 7 512 ლარი; ვინაიდან, საქმეში წარდგენილი არ იყო წერილობითი ხელშეკრულება და არც სხვა დოკუმენტებიდან დგინდებოდა მხარეთა შეთანხმება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვადის თაობაზე, სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულების კანონისმიერ მოწესრიგებას დაეყრდნო და სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში) საფუძველზე მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველს საქონლის მიწოდებისას უნდა გადაეხადა; მხარეთა შორის სადავო არ იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვით გამყიდველმა მყიდველს საქონელი ბოლოს 2016 წლის 4 ივნისს მიაწოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის საფასურის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა ბოლო მიწოდების თარიღიდან ათვალა.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვალდებულებებისათვის, რომელთა შესრულების დროც გამომდინარეობს გარემოებებიდან, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დროითი ფარგლები. განუსაზღვრელი ხასიათის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მოთხოვნა არის ღია ნებისმიერ დროს (quod sine die debetur, statim debetur). ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სახის ვალდებულებების მიმართ არ მოქმედებდეს ხანდაზმულობის ვადები. ზოგადი წესის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

27. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორმხრივ (სინალაგმატურ) ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. ხშირად, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, რომელიც გადასცემს რაიმე ქონებას კონტრაჰენტს მისგან სამაგიერო ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულია იმით, რომ „გაცვლის“ დრო მინიმალური იყოს. როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას. საგულისხმოა კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის. მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი, როგორც წესი, ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში. ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს პრეზუმცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ Nას-515-515-2018, 6.07.2018წ).

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე Nას-1764-2018, 13.04.2020 წ).

31. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგად სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64)

32. უდავოა, რომ სარჩელი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, მის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ვადა. ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, უნდა გადაწყდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის სწორად განსაზღვრის გზით, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 137-ე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში) და სსკ-ის 141-ე მუხლზე „თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან“ მუხლებზე დაყრდნობით მართებულად დაასკვნა, რომ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის, მიწოდებული საქონლის დარჩენილი საფასურის – 7512 ლარის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სსკ-ის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, 2016 წლის 5 ივნისს დაიწყო და ვადის დენა ბოლო გადახდიდან, სულ მცირე 2016 წლის 26 სექტემბრიდან შეწყდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოთხოვნის აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით (აპლიკაციით) 2019 წლის 22 აგვისტოს სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად მიმართა, რითიც მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დაიცვა. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა სარჩელის აღძვრის დროისათვის (10.12.2019წ), არ არის ხანდაზმული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი).

34. კასატორს, საკუთარი განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. მოსარჩელემ კი საკუთარი მტკიცების საპროცესო ვალდებულებას წარმატებით გაართვა თავი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დისპოზიციურობის პრინციპზეა აგებული, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა, რაც დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის (იხ. სუსგ Nას-367-2021, 15.10.2021წ).

35. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნას, რომ წინამდებარე სარჩელი არ არის ხანდაზმული და გამოვლენილია მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან დარჩენილი ნაწილის 7512 ლარის ანაზღაურების წინაპირობები. ამრიგად, კასატორის პრეტენზიები (იხ. 23-ე პუნქტი) არ არის გაზიარებული მათი დაუსაბუთებლობის გამო.

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჰ.ბ.გ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჰ.ბ.გ–ის" (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ო.ხ–ის (პ/ნ ........) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 376 ლარის (საგადახდო დავალება N10810572171, გადახდის თარიღი 2021 წლის 28 აპრილი), 70% – 263,2 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური