Facebook Twitter

25 ოქტომბერი 2021 წელი

№ას-1100-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ა.ვ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ.ჩ–ი, ნ.მ–ვა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2016 წლის 28 ნოემბერს მ.ჩ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.მ–ვას და რ.ხ–ის მიმართ ქ.თბილისში, ..... ქუჩა №6-ში მდებარე, № .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, მ.ჩ–ის სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმეზე, მოპასუხე რ.ხ–ის უფლებამონაცვლედ დაშვებული იქნა ა.ვ–ი.

მოპასუხეებმა _ ნ.მ–ვამ და ა.ვ–მა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე მ.ჩ–მა, ასევე _ მოპასუხე ა.ვ–მა. მ.ჩ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ა.ვ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ა.ვ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნატურით გამოყოფის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით ა.ვ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, მე-3, 131-ე, 208-ე, 201-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ა.ვ–ს, როგორც საქმეში მონაწილე პირს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, თუმცა დისპოზიციურობის პირინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განკარგავენ მათთვის მინიჭებულ უფლებებს. სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) ცნობას მოპასუხე ა.ვ–ის ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ ა.ვ–ი ეთანხმება მ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარს და შინაარსობრივად სააპელაციო შესაგებელში მისათითებელი გარემოებაა. ვინაიდან, ა.ვ–ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მ.ჩ–ის სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარუდგენია და სასამართლო სხომაზე სარჩელი არ უცვნია, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენს სააპელაციო შესაგებელს, საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება ა.ვ–ს კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებით მ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ა.ვ–მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, მიაჩნია, რომ ა.ვ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები _ მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ,,მხარეში" იგულისხმება ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება/განჩინება (მაგალითად: მოსარჩელე, რომლის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული (შდრ. იხ. სუსგ №ას-55-2020, 27/01/2020; №ას-458-437-2015, 28/05/2015).

ამდენად, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგ არის გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს განჩინებით. ა.ვ–ი წინამდებარე საქმეში არის მოპასუხე, რომელიც სარჩელს არ ცნობდა, ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინება ა.ვ–ის წინააღმდეგ გამოტანილი არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, ა.ვ–ი არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინების საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა.ვ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა.ვ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი