Facebook Twitter

საქმე №ა-4103-შ-116-2021 3 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ტ.გ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტ.გ–ვამ 2021 წლის 31 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ტ.გ–ვას შუამდგომლობა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა დ.გ.ს და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 4 ოქტომბერს. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ სასამართლო შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ჰქონდა საკუთარი მოსაზრების წარმოდგენისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლებები. აღნიშნული უფლებებით მოწინააღმდეგე მხარეს არ უსარგებლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ტ.გ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბავშვის - 2010 წლის 21 მარტს დაბადებული მ.გ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან - ტ.გ–ვასთან ცხოვრება. გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, სხდომაზე არ გამოცხადდა დ.გ.ი, რომელიც კანონმდებლობის თანახმად სასამართლოს სხდომის შესახებ ინფორმირებულად მიიჩნეოდა. ამასთან, სხდომაზე გამოცხადდა ქალაქ მოსკოვის გაგრინსკი რაიონის ადმინისტრაციის მზრუნველობა-მეურვეობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესებში შედიოდა დედასთან ცხოვრება. დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 18 მაისს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.გ–ვას შუამდგომლობა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკი რაიონის სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვანი ბავშვის - 2010 წლის 21 მარტს დაბადებული მ.გ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან - ტ.გ–ვასთან ცხოვრება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე