Facebook Twitter
საქმე №ას-1130-2021 3 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „ა..“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „D.B.”

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია შპს „D.B-ის“, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ე..-ის“, ნ.გ–ის, ა.გ–ის, ს.გ–ის, გ.მ–ძის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–სა და ნ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს შპს „ა..“.

აღნიშულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

შპს „D.B-ის“ წარმომადგენელმა 2021 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს „D.B-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალა სს „ს.ბ–ის“ მიერ 2021 წლის 16 ივნისს, 5 წლის ვადით - 2026 წლის 16 ივნისამდე გაცემული №P49021-21 საბანკო გარანტიით (საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი მოთხოვნა - 338290 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, მაგრამ არაუმეტეს იმ თანხისა, რომელიც დაეკისრება პრინციპალს - შპს „D.B-ს“ სადავო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე).

ზემოაღნიშნული განჩინება 2021 წლის 2 აგვისტოს შპს „ა..-ის“ წარმომადგენელმა - ა.კ–მა გაასაჩივრა. საჩივარში აღნიშნულია, რომ ა.კ–ი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, რის გამოც ვერ მოამზადა დასაბუთებული საჩივარი და მას გონივრულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 2021 წლის 13 აგვისტოსი, წარადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შპს „ა..-ის“ საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული საჩივრის წარდგენა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აგვისტოს განჩინება შპს „ა..-ის“ წარმომადგენელს - ა.კ–ს, ფოსტის მეშვეობით, პირადად ჩაბარდა 2021 წლის წლის 7 სექტემბერს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა..-ის“ საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების, ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის შესახებ შუამდგომლობა წარადგინა. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუშვებელი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ა..-ის“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის კანონიერება, სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი და მითითებას გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და ადასტურებენ ამ გარემოებებს. იმავე ნორმის მეხუთე ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამრიგად, თუკი წარდგენილი საჩივარი არ არის დასაბუთებული ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო საჩივარზე ადგენს ხარვეზს და საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის შესავსებად. საჩივრის ავტორმა კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული. ამასთან, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა უკავშირდება განჩინების მხარისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით კი, გზავნილის ჩაბარების ერთ-ერთი სახე მხარის წარმომადგენლისთვის გზავნილის, ფოსტის მეშვეობით, პირადად ჩაბარებაა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შპს „ა..-ის“ საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული საჩივრის წარდგენა. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი - საჩივრის განუხილველად დატოვება. დასახელებული განჩინება, ფოსტის მეშვეობით, 2021 წლის 7 სექტემბერს პირადად ჩაბარდა შპს „ა..-ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს - ა.კ–ს, რომლის სახელზეც კომპანიის მიერ 2020 წლის 27 ივლისს ორი წლის ვადით გაცემულია მინდობილობა ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და საჩივრის წარდგენის უფლების მინიჭებით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 8 სექტემბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 13 სექტემბერს. საჩივრის ავტორს კი მითითებულ ვადაში (უფრო მეტიც, არც ვადის გასვლის შემდეგ) ხარვეზი არ შეუვსია. საყურადღებოა, რომ მას სასამართლოსთვის ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნითაც არ მიუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო საჩივარი დაუშვებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე, რადგან შპს „ა..-ის“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა..-ის“ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე