Facebook Twitter

საქმე №ა-3332-შ-87-2021 9 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ც–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ც–ძეს ვაჟის - გ.ც–ძის მოვლისა და მხარდაჭერისათვის ნ.ს-ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ა.ც–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მოსაკრებლის 768 გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 5 ივლისის №8908 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც ა.ც–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მოსაკრებლის 768 გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა.

3. შუამდგომლობაზე თანდართული უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მოსაკრებლის დაკისრების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 13 მარტს და ექვემდებარება აღსრულებას.

4. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სასამართლოს მოსაკრებლის დაკისრების ნაწილში უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

5. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყევტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. ბათუმი, სოფელი ....., სახლი 8ა. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად, ორივე შემთხვევაში, მითითებული იყო იმ გარემოებაზე, რომ მისამართი ვერ მოიძებნა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის (მისამართი: ქ. ბათუმი, ....., სახლი 8ა) ჩაებარებინა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინების ასლები. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნ.გ–ძის 2021 წლის 1 ნოემბრის წერილითა და მასზე თანდართული ოქმით ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს 2021 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა.

10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სასამართლოს მოსაკრებლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან) (შემდგომში ასევე - „ორმხრივი ხელშეკრულება“), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა აღნიშნულ ხელშეკრულებას.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მე-40-45-ე მუხლები აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს. აღნიშნული ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულების ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, ხოლო 42-ე მუხლის თანახმად, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.

16. ორმხრივი ხელშეკრულების 43-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას თუ: 1) შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის დაკისრებას შეეხებოდა. საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების 29-ე მუხლი არეგულირებს სამართალურთიერთობას მშობლებსა და შვილებს შორის, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ რომელიმე მშობლის ან შვილის საცხოვრებელი ადგილი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე იმყოფება, მაშინ სამართალურთიერთობანი მათ შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის 1-4 პუნქტებში მითითებულ სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანაზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოები, რომლის კანონმდებლობაც უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევებში. შესაბამისად, უკრაინის სასამართლოს ჰქონდა საერთაშორისო კომპეტენცია, ამასთან, დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ორმხრივი ხელშეკრულების 41-ე-42-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც ამ ხელშეკრულების 43-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს რა შუამდგომლობას ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია. შესაბამისად, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა.ც–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მოსაკრებლის 768 გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა, უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მე-40-45-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც ა.ც–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მოსაკრებლის 768 გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა.ც–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მოსაკრებლის 768 გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი