საქმე №ას-477-2021 9 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.წ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით მოსარჩელეებს - გ. ბ–ძეს, ზ. ბ–ძეს, რ. ბ–ძეს, ზ. ბ–ძეს, ზ. ბ–ძეს, ზ. ბ–ძეს, ა. ბ–ძეს, ც.კ–ს, ნ.გ–ძეს, შ.წ–ს, შ. ვ–ძეს, გ. ვ–ძეს, ზ. ვ–ძეს, ა.ფ–ძეს, მ. წ–ს, ჟ. წ–ს, ი.ჯ–ს, რ. წ–ს, ჯ. წ–ს, მ.მ–ძეს, ი.მ–ძეს, მ. ლ.–ს, პ. ბ–ძეს, გ. ბ–ძეს, ლ.ხ–ს, მ. წ–ს, ბ. წ–ს, რ. ბ–ძეს, ნ. ბ–ძეს, მ. წ–ს, ფ. წ–ს, კ. წ–ს, რ. წ–ს, ა. ბ–ძეს, ე.წ–ს უარი ეთქვათ სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების მიღებაზე.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე მ. წ–მა, ე.წ–მა და ა. ბ–ძემ წარადგინეს კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით მ. წ–ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ამავე სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით ა. ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით ე.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით მ. წ–ის, გ. ბ–ძის, ე.წ–ის და სხვების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე.წ–მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ე.წ–ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მაგრამ დოკუმენტი წარმოდგენილი იყო ასლის სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ე.წ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მაგრამ დოკუმენტი კვლავ წარმოდგენილია ასლის სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ე.წ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოში წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან კვლავ ასლის სახით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.წ–ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დავალებული ჰქონდა წარმოედგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დედნის სახით. ამასთან, ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, კერძო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ კერძო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2021 წლის 31 მაისი) გასულია 5 თვეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის დედნის სახით წარმოდგენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მხარეს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ–ის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.წ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური