Facebook Twitter

საქმე №ას-633-2021 09 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – უსფ „ბ-ფ ე. (კ.ზ–ა) ლ–ის ს.თ.ფ–ი“, ბ-ფ. ე. (კ.ზ–ა) ლ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ბ–ძე (მოპასუხე)

შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნა - საქმეთა გაერთიანება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უსფ „ბი-ფი ე (კ.ზ–ა) ლ–ის ს.თ.ფ–მა“ (შემდგომში „პირველი მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“) და ბი-ფი ე. (კ.ზ–ა) ლ–მა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო.ბ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოსარჩელეთა განმარტებით, პირველი მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. რეორგანიზაციის ფარგლებში, 2018 წლის 23 აპრილს მოპასუხეს წერილობით ეცნობა, რომ 2018 წლის 23 ივნისს შეწყდებოდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის მოპასუხემ დამსაქმებლისგან/პირველი მოსარჩელისგან 2018 წლის 27 ივნისს მიიღო „გასასვლელი დახმარება“ 114 192,45 ლარის ოდენობით; ასევე, 2018 წლის 02 ივლისს „დანაზოგის დაგროვების გრძელვადიან გეგმაში“ მონაწილეობის შედეგად დაგროვებული თანხა სრულად - 110 209,01 აშშ დოლარი. თუმცა, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეღო არა აღნიშნული თანხის სრული ოდენობა, არამედ ამ თანხის მხოლოდ ნაწილი - 91 602,72 აშშ დოლარი. შესაბამისად, თანხის დარჩენილი ნაწილი - 18 606,29 აშშ დოლარი მოპასუხემ მიიღო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული თანხის ანაბარზე განთავსების შედეგად, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს, რაც ვერ მიიღო.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 606,29 აშშ დოლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. კასატორებმა 2021 წლის 23 სექტემბერს შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს, საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე საქმესთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სხვა საქმის (საქმე №ას-809-2021) (შემდგომში - "მეორე საქმე") გაერთიანება, შემდეგი გარემოებების გამო:

9.1. ორივე საქმეში ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ;

9.2. აღნიშნული საქმეები წარმოადგენენ ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ საქმეებს. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ მეორე საქმეში დავის საგანია პირველი მოსარჩელის (მეორე საქმეში მოპასუხე) მიერ მოპასუხესთან (მეორე საქმეში მოსარჩელე) დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე (ან ტოლფას სამუშაოზე) აღდგენა; განაცდურის ანაზღაურება და პირველი მოსარჩელისათვის სს „თ.ბ–ის“ წინაშე მოპასუხის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის სრული სუბსიდირების დაკისრება. რაც შეეხება განსახილველ საქმეს, ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ (შეწყვეტის გამო) მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. უფრო კონკრეტულად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ (რომლის კანონიერების შესახებაც მიმდინარეობს დავა) კასატორმა მოპასუხეს გადაუხადა: გასასვლელი დახმარება (114 192,45 ლარი) და დაგროვებითი გეგმის ფარგლებში გადახდილი თანხა (110 209,01 აშშ დოალრი). სწორედ დაგროვებითი გეგმის ფარგლებში მოხდა თანხის (18 606,29 აშშ დოლარის) ზედმეტად გადახდა და მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. შესაბამისად, რომ არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხეს არ ექნებოდა უფლება მიეღო გასასვლელი დახმარება და დაგროვებითი გეგმის ფარგლებში აკუმულირებული თანხა. ამრიგად, ორივე საქმე უკავშირდება მხარეთა შორის არსებულ შრომით ურთიერთობას და დავის ფარგლებში განსახილველი ფაქტობრივი გარემოებები და შესაფასებელი დოკუმენტები დიდწილად ერთი და იგივეა;

9.3. საქმეთა გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შრომითსამართლებრივ დავაში სარჩელი დაკმაყოფილდება და სასამართლო კასატორს დააკისრებს თანხის გადახდას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დაკისრებული თანხა უნდა გაიქვითოს უკვე გადახდილ თანხაში, ხოლო თუკი დაკისრებული თანხა ნაკლები იქნება მოპასუხისათვის გადახდილ თანხაზე, მაშინ ამ უკანასკნელმა კასატორს უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხის ნაწილი, მათ შორის, მოთხოვნილი 18 606,29 აშშ დოლარი, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოსარჩელეთა სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვერ განხორციელდება, თუ საქმეები არ გაერთიანდება. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელეს დასჭირდება ცალკე წარმოების დაწყება, რაც კიდევ უფრო გაართულებს და ხანგრძლივს გახდის მხარეთა შორის არსებულ დავას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმისა და მეორე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

13. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დისპოზიცია სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და სამართლებრივად ერთგვაროვანი საქმეების ერთდროულად და სწორად გადაწყვეტას ემსახურება. თუმცა, იმისათვის, რომ ორი ან მეტი საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდეს, კუმულატიურად უნდა არსებობდეს რამდენიმე წინაპირობა: აღნიშნული საქმეები უნდა იყოს ერთგვაროვანი, სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული და მათ გაერთიანებას შედეგად დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა მოჰყვეს.

14. მოცემულ შემთხვევაში, ორივე სამოქალაქო საქმეში, რომელთა გაერთიანებასაც მოსარჩელეები ითხოვენ, ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ, თუმცა განსახილველ საქმეში დავის საგანია ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად დაბრუნება, ხოლო, მეორე საქმეში - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმეები სამართლებრივად დაკავშირებულია ერთმანეთთან - ორივე შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები იდენტურია და წარმოშობილია მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით; ორივე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართლებრივად შესაძლებელია მოთხოვნათა ნაწილობრივ ურთიერთგაქვითვა - ისინი არ არის ერთგვაროვანი, რადგან თითოეულ საქმეში განსხვავებულია დავის საგანი და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

15. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აგრეთვე, შემდეგი პროცესუალური გარემოებები: მეორე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, თუმცა საკასაციო სასამართლოს დასაშვებობის საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მეორე საქმეზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემთხვევაში, სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (ძველი რედაქციით 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) [სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით] შესაბამისად, მოპასუხის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობაზე უნდა იმსჯელოს, რისთვისაც უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუ არა ის საშტატო ერთეული, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მხარე, ხოლო, ასეთის არარსებობისას, შეუძლია თუ არა დამსაქმებელს დასაქმებული უზრუნველყოს ტოლფასი სამუშაოთი. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა შესაბამის დაწესებულებაში/ორგანიზაციაში იგივე ან ვაკანტური ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ განახორციელებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. მისი ფუნქცია მხოლოდ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.

16. ამდენად, თუკი მეორე საქმეში საკასაციო სასამართლო გააუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. წინამდებარე საქმეში კი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და შედეგის ცვლილების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეუძლია თავადაც მიიღოს გადაწყვეტილება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეთა გაერთიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დაყოვნება, რაც არ ემსახურება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვის მიზნებს.

18. ამრიგად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი გათვალისწინებული კუმულატიური საფუძვლებიდან ორი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს საკასაციო განხილვის ეტაპზე საქმეთა გაერთიანებას. შესაბამისად, მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. უსფ „ბ-ფ. ე. (კ.ზ–ა) ლ–ის ს.თ.ფ–ისა“ და ბი-ფი ე. (კ.ზ–ა) ლ–ის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი