Facebook Twitter

საქმე №ას-379-2020 21 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „K.M.C.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ქ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა შპს „K.M.C.“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სამედიცინო დაწესებულება“, „კლინიკა“ ან „კასატორი“) მიმართ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე 2014 წლის ივლისიდან დასაქმებული იყო შპს „ქ. თბილისის N.. შ.პ. - ს.მ.ს.კ.ც–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პ–ა“), რომლის უფლებამონაცვლეც 01.02.2017 წლიდან სამი კლინიკის შერწყმის შედეგად არის მოპასუხე.

2.2. დამსაქმებლის 01.07.2017წ. N10/2 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „გათავისუფლების შესახებ ბრძანება“ ან „სადავო ბრძანება“), მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 01.09.2017 წლიდან, საზოგადოებაში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძვლით.

2.3. 15.09.2017 წელს დასაქმებულმა გათავისუფლების ბრძანების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა დამსაქმებელს. 25.09.2017 წელს მას ეცნობა, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა იმავე წლის 01 თებერვალს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებების გამო.

2.4. მოსარჩელე უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ის პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაუსაბუთებელი და უკანონოა.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, რაც საწარმოთა შერწყმამ განაპირობა. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა გამომუშავებული პერიოდის თანამდებობრივი სარგო, მიეცა ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია და გამოუყენებელი საშვებულებო თანხა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ყოველთვიურად 400 ლარის (დაბეგრილი) გათვალისწინებით; სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4.2. მოსარჩელე 2014 წლის ივლისიდან დასაქმებული იყო პ–აში, შემდეგ კი მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში, ოპერატორის თანამდებობაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის ყოველთვიურად 400 ლარს (დაბეგრილი/ხელზე ასაღები) შეადგენდა.

4.3. მოპასუხის 01.02.2017 წლის №5/1 ბრძანებით იმავე თარიღიდან განხორციელდა შპს „ქ. თბილისის ს. მ.ს.კ.ც–ისა“ და პ–ის მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებასთან შერწყმა.

4.4. კლინიკების შერწყმის შემდეგ კომპანიაში მუშაობა განაგრძო სამმა ოპერატორმა, მათ შორის - მოსარჩელემ.

4.5. მოპასუხის 01.07.2017წ. N7/1 ბრძანებით კლინიკების შერწყმასთან დაკავშირებით, დამტკიცდა საშტატო ერთეულების სტრუქტურა და რიცხოვნობა. აღნიშნული ბრძანებით, 01.09.2017 წლიდან ოპერატორის 3 შტატი შემცირდა 2 ერთეულით და ოპერატორის შტატი ერთი ერთეულით განისაზღვრა.

4.6. დამსაქმებლის 01.07.2017წ. N10/2 ბრძანების §2-ის საფუძველზე მოსარჩელე (4 თანამშრომელთან ერთად) 01.09.2017 წლიდან გათავისუფლდა ოპერატორის თანამდებობიდან, სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეს აუნაზღაურდა სახელფასო დავალიანება, მიეცა ერთი თვის ხელფასის შესაბამისი კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების თანხა.

4.7. მოსარჩელეს მოპასუხის 25.09.2017წ. წერილით ეცნობა, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც გამოწვეული იყო კომპანიაში 01.02.2017 წლის რეორგანიზაციასთან (3 კლინიკის შერწყმა) დაკავშირებული ორგანიზაციული ცვლილებებით.

4.8. მოპასუხე კლინიკაში არსებული ოპერატორის ერთი საშტატო ერთეული ვაკანტური არ არის.

4.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება რეორგანიზაციის შედეგად სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც რეორგანიზაციის შემდგომ ოპერატორის საქმიანობის მოცულობის შემცირების ფაქტს, შესაბამისად, შტატების გაუქმების მიზანშეწონილობას დაადასტურებდა.

4.10. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რეორგანიზაციით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, ამასთან, ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების გამომწვევი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომელს მიენიჭა სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა.

4.11. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატორის 3 საშტატო ერთეული შემცირდა ერთ ერთეულამდე, რომელიც არ იყო ვაკანტური, მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა სხვისი უფლებების დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

4.12. ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელი იყო, მას უნდა მისცემოდა შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ ოდენობად სასამართლომ მიიჩნია ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის თანხა, ყოველთვიურად 400 ლარის (დაბეგრილი) გათვალისწინებით.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.11.2019წ. განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იმგვარ გარემოებათა არსებობა, რაც მოპასუხე კლინიკაში რეორგანიზაციის შემდგომ ოპერატორის საქმიანობის მოცულობის შემცირების ფაქტს და, შესაბამისად, შტატების გაუქმების მიზანშეწონილობას დაადასტურებდა.

6.2. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ კომპანიათა შერწყმის შედეგად კლინიკაში მუშაობა განაგრძო სამმა ოპერატორმა, რომლებიც, თავის მხრივ, ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას შერწყმამდე არსებულ კლინიკებში ინდივიდუალურად, შესაბამისად, რეორგანიზაციის შემდეგ კომპანიაში დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები). ამასთან, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების გონივრული საფუძველი, არ დგინდებოდა კლინიკის კომპიუტერიზაციის შედეგად (ტექნოლოგიური ცვლილებები) ოპერატორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სხვა პერსონალზე გადანაწილების გამო შტატის შემცირების აუცილებლობა.

6.3. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, თუ რატომ მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით სხვა თანამშრომლებს და რამ განაპირობა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ, იმის დამტკიცება, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა გამოიწვია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც შტატების შემცირებით ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობას დაასაბუთებდა.

7.2. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა სწორედ შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგებმა, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. ოპერატორის შტატი შემცირდა ერთ ერთეულამდე, კომპანიამ კი არჩევანი შეაჩერა ხანგრძლივი გამოცდილების მქონე თანამშრომელზე.

7.3. სამეწარმეო სუბიექტს აქვს საკუთარი მიზნები და იგი მოგებაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, საკუთარი მიზნის მისაღწევად საწარმოს შეუძლია საკუთრებითი წესრიგის მართლზომიერი მართვა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს მუშა-მოსამსახურეთა არჩევის უფლება, რომლებიც საწარმოს მიზნების რეალიზაციას უზრუნველყოფენ. ამასთან, დამსაქმებელი ბიზნესინტერესებისა და კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად არის უფლებამოსილი, განსაზღვროს კომპანიაში მომუშავე პირთა რაოდენობა. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა შტატის შემცირების აუცილებლობის არარსებობა. რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვება დაწესებულებაში შტატების შემცირება, ქმნის პირის გათავისუფლების საფუძველს, რაც არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს(წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).

12. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

13. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).

14. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, კომპანიის ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დააკისრეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს.

15. დამსაქმებელმა მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1440-2020, 28.04.2021წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

16. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.

17. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.; Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).

18. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება - რეორგანიზაციის შემდგომ ოპერატორის საქმიანობის მოცულობის შემცირებისა და შესაბამისად, მოსარჩელის შტატის გაუქმების აუცილებლობის დადასტურება. ამასთან, მოპასუხემ ვერც იმ გარემოების დამტკიცება შეძლო, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიანიჭა მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა სხვა თანამშრომელს რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილ ოპერატორის ერთ საშტატო ერთეულზე დასაქმებისას, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ: №ას-1440-2020, 28.04.2021წ.; №ას-67-2020, 29.09.2020წ.; №ას-310-2020, 15.10.2020წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; №ას-1513-2019, 16.12.2019წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „K.M.C.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „K.M.C.-ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №1594903760, გადახდის თარიღი 16.07.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე